კურდღელი (თავი მეორე)
– სიდონი, გაიცანი: პროფესორი ფრიდონ დორაშვილი… – ფრიად სასიამოვნოა. – უღიმის ექიმი. – ბატონო პროფესორო! – და სიდონია ღიმილით შესცქერის დორაშვილს, თან ხელის გამორთმევას აგვიანებს – ჩვენ ვიცნობთ ერთმანერთს. – მართლა?.. მაშ ბოდიშს ვიხდი. – ხუთი წლის წინათ თქვენი მოწაფე ვიყავი, სტუდენტი გახლდით. – მართლა, მაგონდება! – უხარიან ექიმს. – გამარჯვება, სიდონი! როგორა ხარ… როგორა ხარ, ქალო? რასა იქ, რასა შვრები? – მადლობელი, დიდი მადლობელი ვარ ჩემი გახსენებისთვის. საკვირველი არც არის, რომ დაგავიწყდით. ხუთი წელიწადი გავიდა, რაც თავი დაგანებეთ. რა თქმა უნდა, იერიც გამომეცვალა. თხელი და თეთრი ხელი სხარტულად აიქნია, ტალღებივით შევარცხნილი თმა აისწორა, სარო ტანი ოდნავ აირხია, შინაგანი ზმორვით აიგრიხა, მერმე თვალები მოჟუტა და იდუმალი ღიმილით გადაჰხედა ჯერ თავის ქმარს, შემდეგ დორაშვილს, თითქოს ორივეს ეკითხებოდა: რას იტყვით, მართლა გამოვიცვალე, მართლა დავბერდი, თუ მაშინდელივით ისევ ლამაზი ქალი ვარო? ედიშერმა იცნო ცოლის შეჩვეული მანერა: სიდონია მუდამ ასეთს ფანდს ხმარობდა ვინმეს მოსახიბლავად – და გული აუტირდა: “დღესაც, ეხლაც! – გაიფიქრა. – ექვსი საათი ძლივს გავიდა, რაც ერთად-ერთი ვაჟი დავმარხეთ, ეს ქალი კი”… – მაშ ძალიან შევიცვალე, არა? – ეკითხება სიდონია ექიმს. – არა, საიმისო არაფერი გეტყობა. – დაბრძანდით, – დაიპატიჟა სიდონიამ ექიმი. – გარდა ამისა, გვარიც გამოვიცვალე, მაშინ ჯარისმანიძე იყო ჩემი გვარი, ეხლა კი სტავრიშვილასა გახლავართ. ხა-ხა! რა სულელური წესია გვარის გამოცვლა, არა, ექიმო? გადიკასკასა, გულში კი გაიფიქრა: “ჰა, ფრთხილად! თავი ნუ აიგლიჯე!” სიცილი თითქო მახვილით ჩამოიჭრა და ექიმს შეხედა. ფრიდონ დორაშვილი გულხელდაკრეფილი იჯდა და ოდნავ იღიმებოდა, ხოლო შავი, მბურღავი თვალები სიდონიას სულში ჰქონდა ჩაბჯენილი. ქალმა უმალ მოსწყვიტა მოუსვენარი თვალები ექიმის უძრავ თვალებს. უცებ მოდუნდა, მოირღვა, ღიმილი ჩამოირეცხა, ტუჩები ჩაიკეცა, თვალებში ცეცხლი ჩაიქრო, თითქო ერთ წუთში ორი წლით დაბერდაო, და ხმაც თითქოს უცებ დაუჟანგდა: – ედიშერ, სამსახურში გიგვიანდება. – მოაგონა ქმარს. ედიშერ კლუბში მსახურობს. ლოტოს კონტროლიორად არის და სამსახური საღამოს ცხრა საათზე ეწყობა. წეღანაც უთხრა ექიმს და ბოდიშიც მოიხადა – ადრე უნდა წავიდეო. – არა უშავს-რა, – უპასუხა მაშინ პროფესორმა. – იქნება უშენობა სჯობდეს კიდევაც. მარტო რომ იქნება, უფრო ადვილად მივაგნებ სენის მიზეზს, შენთან კი შეიძლება გული ჩაიკეტოს. – ეხლავე წავალ. – უპასუხა ცოლს ედიშერმა და ჩაის სმას მოუჩქარა. პროფესორმა ძველი დრო გაიხსენა: – მაგონდები, კარგად მაგონდები, სიდონი. აუდიტორიაში მუდამ წინა სკამზე იჯექი. – დიაღ, ადრე მოვდიოდი. – უცებ გამოფხიზლდა სიდონია. – ბეჯითად სწავლობდი. – მიყვარდა თქვენი საგნები – ფსიქიატრია, ნევროლოგია, – მერმე, რად დაანებე თავი? – გავთხოვდი. – მარტო ეგ იყო მიზეზი? და ისევ სულში ჩაუძვრა. კინაღამ უპასუხა – ქმარმა ამაღებინა ხელიო, მაგრამ ენას დროზე ამოსდო აღვირი. გაახსენდა, რომ ქმარი გვერდით ჰყავდა, და წაიბორძიკა: – მარტო ეს იყო… შვილი, ოჯახი, სწავლა – ძნელია ათი საქმის გაძღოლა. ედიშერმა ბოდიში მოიხადა და წავიდა. სიდონიამ კარი გაუკეტა, დაბრუნდა, დაჯდა. ექიმმა ისევ თვალში თვალი გაუყარა. პროფესორის თვალის სხივებს, სიდონიას გულში რომ ფათურობენ, ნებისყოფა დაუხვედრა, თან თავის თავს ამხნევებდა: გამაგრდი, არ დაჰნებდე! მაგრად ჩაიკეტე, ვერ გაჯობებს!” ექიმი თითქო მიუხვდა ნააზრევს. შეკეცილ ტუჩებსა და დაჭიმულ შუბლზე წაუკითხა გაკერპება. უცბად გაჯიუტებულ ქალს პირი ნაძალადევად უღიმოდა, თვალები კი ელვარე ლითონით ჰქონდა სავსე. ეხლა ექიმი მოლბა, გალხვა. მისი თვალები ფათურის და ძებნის მაგივრად ნაზად იჟუტებიან, ლამუნობენ და საამური სხივებით სთრთიან. – რად მიბღვერი მაგრე, სიდონი? – მე? მე გიბღვერით? ხა-ხა-ხა! არ მესმის, რად უნდა ვუბღვეროდე სტუმარს, ისიც თქვენისთანა ექიმს, დიდ მეცნიერს, სწავლულს?! – მე დიდი მეცნიერი არა ვარ, სიდონი. ეხლა ამ ოთახში ექიმიც არა ვარ. მე მხოლოდ სტუმარი ვარ – მეტი არავინ. – მეტი არავინ? მართლა? მაშ რატომ აქამდის არ მეწვიეთ? მართლა, მიირთვით მურაბა. – ჩემი ბრალია, დამნაშავე ვარ, შენც იცი, რომ ედიშერი შორეულ ნათესავად მერგება. რამდენჯერმე დამპატიჟა, მაგრამ… რას იზამ, დრო არ მქონდა. – მჯერა, თუმცა… მიირთვით მურაბა, ბატონო… – ფრიდონ. – გაახსენა ექიმმა. – ბატონო ფრიდონ. მომწონს ეგ სახელი. მიირთვით მეთქი. ჩაი გაგიცივდათ. აირჩიეთ: აი ალუბალი, აი შინდი. ეს კომშია, ეს კაკალი. სცადეთ, მშვენიერია. ექიმმა კომშის მურაბა გადაიღო და ჭიქაში ჩაილაპარაკა: – სტუმრად მოვედი, მაგრამ უნდა მოგახსენო: გამხდარხარ, ფერი წაგსვლია, ამიტომ… – ამიტომ. – ჩამოართვა სიდონიამ, – ამიტომ სტუმარიც ბრძანდებით და ექიმიც, ხომ? უნდა გამსინჯოთ, არა? – ნუ შეშინდი, არაფერს გავნებ. – შევშინდი? მე შევშინდი? არა, პატივცემულო პროფესორო, სიდონია და შიში ერთმანერთს არ იცნობენ. ყველამ იცის, რომ ეს ქალი – პატარა და გამხდარი ქალი – ვაჟივით მამაცია, გამბედავია. – ჩემი შიში ჯერ არავის გაუგონია. – უკადრისობს სიდონია. პროფესორმა თითქო რაღაც იპოვნა. ნაპოვარს დასწვდა, ჩაებღაუჭა: – მეც მაგრე მაქვს გაგებული: სიდონია მეტად უშიშარი ქალიაო. ამიტომ გამიკვირდა, რად ერიდება მეთქი გასინჯვას? – ვინ გითხრათ, ერიდებაო? – გაოცდა სიდონია. – მე არ მითქვამს უარი. თუ გნებავთ, ინებეთ, თუნდ ეხლავე გამსინჯეთ. – მოვასწრობ, ნუ გეჩქარება. ჯერ ერთი ჭიქა კიდევ დამისხი. – და უმალვე მიაყოლა: – მამა შენი მახსოვს. – ვექილი იყო. – როდის გარდაიცვალა? – რვა წლის წინათ. – მგონი ნერვიული ადამიანი იყო. სიდონიამ ჭიქა მიაწოდა, მოწყვეტილივით დაეშვა და ექიმს ისე შეჰხედა, თითქო შებრალებას სთხოვდაო. მერმე ჩუმი ხმით ჰკითხა: – თქვენ გსურთ ჩემი შთამომავლობა შეამოწმოთ, არა? – თუნდ აგრეც იყოს. ხომ დამპირდი, ყოველივეს გაგაგებინებ, თავს გაგასინჯვინებო? – მესმის. მეც მესმის. თქვენი მოწაფე ვიყავი, ბევრი ვისწავლე თქვენგან. თქვენ გსურთ ერთმანერთს გადააბათ ჩემი მემკვიდრეობა და ავადმყოფობა, აგრეა თუ არა, ბატონო ფრიდონ? – შენი ავადმყოფობა? მაშ შენ ავადა ხარ, სიდონი? სიდონია თითქო ქურდობაში დაიჭირესო: შეკრთა, აირია, მერმე უცბად გამოფხიზლდა და გაბზარული სიმტკიცით მიუგო: – არა, მე ავად არა ვარ. ედიშერსა და ზოგ სხვასაც ეგონათ, სიდონია შეირყაო. ამიტომ მოგიწვიეს თქვენ, ბატონო ფრიდონ, თორემ მე საექიმო არაფერი მჭირს მეთქი. – მჯერა. ალბათ არაფერი გჭირს. – ჩაილაპარაკა ექიმმა. მერმე უცებ მიახალა: – ეგ რა ჩაგიკრავს მკერდში, სიდონი? – ესა? კურდღელია, თეთრი კურდღელი… ჩვენი კურდღელი… – ვისი? – ჩემი და ჯუანშერისა, ჯუანის… ჩემი ბიჭიკოსი. ჩაიღიმა და სათამაშო უფრო მძლავრად ჩაიხუტა. – სად არის ეხლა შენი ბიჭიკო, შენი შვილი? სიდონიამ ექიმს ჯერ შეჰბღვირა, მერმე ჩაუღიმა, შემდეგ ხელი უკანა ოთახისაკენ გაიშვირა და – იქ არის… იმ ოთახშია. – წამო, მაჩვენე, მინდა ვნახო, როგორი შვილი გყავს. დედა ძუ ვეფხივით წამოიჭრა, კურდღელი სავარძელში ჩააგდო, მერმე მკლავები გაჰშალა და ისე აღიმართა, თითქო მოსისხლესაგან თავის ბოკვერს იცავდაო: – არა, არა!.. არ შეიძლება!.. არ შეიძლება! – რატომ არ შეიძლება, ქალო? – სძინავს… არ გააღვიძო, არ გააღვიძო! ექიმი და დედა ერთმანერთს თვალებით ჰბურღავენ. პატარა ძაღლი თეთრ კურდღელს სძიძგნის. თეთრი კატა სკამზე ჩაცუცქებულა და გაოცებით უმზერს პატრონსა და სტუმარს. – კეთილი. იყოს ნება შენი. – ამბობს ექიმი და ისევ ჯდება. – მერმე მაჩვენე. სიდონია კი ისევ ჯვარცმულივით სდგას და სადღაც წასულ თვალებს ჰბლიტავს, თითქო ტირილს აპირებსო. მერმე კურდღელს დასწვდა, ფეხაკრებით დაბრუნდა, ფრთხილად დაჯდა, ის ბაჭია შვილივით ჩაიხუტა და ისე ნაზად დაუწყო ალერსი და ღიღინი, თითქო მკერდზე მართლა მიძინებული შვილი ჰყავდა და მისი გამოღვიძებისა ეშინოდაო: – დაიძინე, გენაცვალე, ჩემო ბიჭიკო-ო-ო… ნანი ნანა იავ ნანა-ა-ა, ჩემო ჯუანშერო-ო-ო. თან კურდღელს ხელს უსვამს, არწევს და თვითონაც ირწევა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი