კურდღელი (თავი მეოთხე)
ექიმი რომ შრატს უშხაპუნებდა ავადმყოფს, ჯუანშერის ნაცვლად ტკივილისაგან სიდონია იგრიხებოდა. ჯუანი კი უგონოდ ეგდო და ხრიალებდა. – ექიმო, მითხარით რამე. – ჩვილი ხმით ეხვეწება დედა და უცნობ მამაკაცის მკლავს წყალწაღებულივით ებღაუჭება. – მითხარით, ნუ დამიმალავთ, გადარჩება თუ არა? – ვერაფერს გეტყვით, ქალბატონო. თუ დაგვიანებული არ არის, გადარჩება. და სიტყვა “დაგვიანებული” ისევ ნაკვერჩხალივით ჰხვდება სიდონიას. – აკი წეღანაც მოგახსენეთ, მარტო ოთხი საათით დავიგვიანე მეთქი. – თავს იმართლებს დედა. – ქვიშხეთში რომ ვერ მივუსწარი, ხაშურში ისევ ავტომობილით ჩამოვედი და მეორე მატარებლით წამოვედი. – ვიცი, ქალბატონო. არა მგონია. რომ ოთხ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. სიდონიას გაუხარდა: – მეც მაგას ვამბობ, ექიმო. და თუ… თუ მოხდა რამე… ბრალი ხომ ჩემი არ იქნება, არა, ექიმო? – რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მეტსაც ვიტყვი: თქვენ გმირულად მოქცეულხართ. – მადლობელი, ექიმო. დიდი მადლობელი. – ჩურჩულებს დამშვიდებული სიდონია და ჰგრძნობს მეომარის ამაყ სიხარულს, რომელსაც ქება შეასხეს მძიმე ვალის შესრულებისათვის. ექიმმა დარიგება მისცა და წავიდა. სიდონია უგონო შვილს კვლავ გვერდით მიუწვა, მისი გახურებული თავი ისევ მკლავზე დაიდო, მეორე მხრით ზამბახები მოუწყო და წეღანდელივით აჩურჩულდა: – ეხლა კი მალე მორჩები, გენაცვალოს დედა… ტყუილად შევშინდით… ერთ კვირაში წამოდგები და ისევ ბაღში გახვალ სათამაშოდ, ჩემო ბიჭიკო… შენი კატუნი – ფხაჭია, და ცუგრა ძაღლიც გამოგყვებიან. ჯერ კი დაისვენე, ჩემო ფუნთუშავ. ორივენი დაღლილები ვართ… დაიძინე, გენაცვალოს დედიკო, დავიძინოთ… დავიძინოთ. მაგრამ ძილის მაგივრად ისევ ლაპარაკობს, რადგან მხოლოდ ლაპარაკით-ღა ჰლამობს შიშისა და ლანდების დაფრთხობას, რომლებიც ბუზებივით ეხვევიან და ფუტკრებივით ჰკბენენ. მართლა შეასრულა დედის ვალი სიდონიამ? რა თქმა უნდა, შეასრულა! თავიდან ბოლომდე შეასრულა! ან მეტი რა შეეძლო? არაფერი, მეტი აღარაფერი! ამიტომ… – დავიძინოთ, ბიჭუკი, დავიძინოთ. თუმცა… თუ გინდა, ზღაპარს გიამბობ. ყური მიგდე: იყო და არა იყო-რა, ღვთის უკეთესი რაღა იქნებოდა, იყო ერთი დედოფალი. – შვილო, – აწყვეტინებს გასართობს მართა, შენს საწოლზე გადადი და დაიძინე. ეხლა მე მოვუჯდები, ან ედიშერს დავუძახებ. – არა, დედი, არა, საჭირო არ არის. ედიშერი სამსახურს ვერ გამოექცევა. ან რა საჭიროა, რას მიშველის? – მაშ მე დავჯდები. არც შენა ხარ საჭირო, დედა მართა. თუ დაიღალე, დაიძინე, სიდონია კი ერთი წუთითაც ვერ მოჰშორდება ჯუანშერს. და შიშისგან და ხუნაგისგან მოწამლული დედა-შვილი გათენებამდის ჰბორგავენ და თავგანწირვით ებრძვიან უჩინარ მოსისხლეებს: სიდონია – სამართებელივით გალესილ შიშსა და ცეცხლივით მწვავე მქეჯნავს, ხოლო ჯუანი – ხუნაგის შხამსა და სიკვდილის ლანდს, რომელიც ამოწვდილ მახვილივით სდგას ოთახის შუაგულში. სიდონიამ ჩასთვლიმა, მხოლოდ ათი წამით ჩასთვლიმა, – რადგან სამი ღამის უძინარი იყო – და როცა ბურანს თავი დაახწია, ჯუანი აღარ ჰბორგავდა. ეგდო გულაღმა გაშოტილი და ყელგამოჭრილ ბატკანივით ხრიალებდა. და დედაც დასაკლავ პირუტყვივით აბღავლდა. ჯუანშერს ხელ-ფეხი გაუცივდა, თითქოს დამბლამ შეიპყროო, და მიმქრალი თვალები კაკლებივით გადმოეყარა. შემდეგ რა მოხდა – სიდონიას აღარ ახსოვს. საკუთარ საწოლში გაიღვიძა – თბილსა და თოვლივით თეთრ ლოგინში. მეორე ოთახს მინის კარები აქვს. იმ ოთახში პატარა კუბო სდგას – ისიც თოვლივით თეთრი და თეთრივე ყვავილებით დათოვლილი. შიგ ალბათ ჯუანშერი წევს. გარშემო სანთლები ბჟუტავენ. შავი დედაკაცები გახევებულ ლანდებივით სდგანან. – ჯუანი მოკვდა! – ელვასავით ჩაერჭო ტვინში სიდონიას. – მე მოვკალი… ჩემი ბრალია, მარტო ჩემი ბრალია. მაშასადამე… აგერ, იმ უჯრაში საწამლავი ინახება. ორი წელიწადი ჰგდია. ერთხელ დასჭირდა სიდონიას და იშოვნა. ერთი თვე ებრძოდა თავის თავს, მაგრამ ვერ დასძლია. ეხლა გამოადგება. მაშასადამე… – ჯუანშერი მოკვდა! როდის მოკვდა? დედამ არ იცის. რამდენი დღე გავიდა “იმ დილას” აქეთ, როცა ჯუანი სააღდგომო ბატკანივით ახრიალდა – არც ეს იცის, ან რა საჭიროა! სულ ერთია, ორი დღე ეძინა სიდონიას თუ სამი. ის კი იცის, რომ “იმ დილამდე” სამი ღამის უძილო იყო. – ჩემი ჯუანი მოკვდა! მოკვდა!! აგერ იმ უჯრაში შხამი ინახება. მაშინ ვერ გაჰბედა. ეხლა კი… ეხლა უნდა გაჰბედოს. მაგრამ… ტყუილად შერცხვება სიდონია – ვერც ეხლა გაჰბედავს. მაშასადამე, ერთი-ღა დაჰრჩენია დაუდევარსა და ბოროტ დედას: პასუხისგება რკინის მორივით აიკიდოს და სიკვდილამდე ჰზიდოს – ათი, ოცი, ორმოცი წელიწადი უნდა ატაროს, როგორც აქლემი ატარებს თავის უშნო და ვეებერთელა კუზს. არა, არა! არასოდეს, არასოდეს! ესეც შეუძლებელია, ყოვლად შეუძლებელი! – ჩემი ბიჭიკო მოკვდა! მოკვდა! მაშ რაღა ჰქნას დედამ? აბღავლდეს, თმა გაიწეწოს, პირსახე მოიხოკოს, ქვას ახალოს თავი, თუ ქვა ითხლიშოს თავში?! არც ერთი, არც მეორე, არც მეოთხე. ასე ადვილად ვერ გადაურჩება, ასე უბრალოდ ვერც ვალს მოიხდის, ვერც იმ კუზს მოიხსნის, რომელიც უკვე მთაწმინდასავით გაეზარდა და ლამის ეხლავე გასჭყლიტოს. – ჩემი ერთა მოკვდა! მოკვდა!! მოკვდა!!! მაშასადამე… თუ საწამლავის დალევა ვერ გაჰბედა, მტკვარი ხომ აქვეა… ან ბანიდან გადავარდება, ან კიდევ… ნუ, სიდონია, ნუ ისივებ უკვე გასიებულ გულს. შენც იცი, რომ ვერც თავს მოიწამლავ, ვერც ბანიდან გადავარდები. ნუ, დედი, ნუ იხეთქავ ისედაც გახეთქილ თავს. შენ თვითონაც დარწმუნებული ხარ – ვერც წყალში ჩავარდები და ვერც თოკის ყულფში გაჰყოფ თავს. ამიტომ… ამიტომ იზრდება და მძიმდება აქლემის კუზი. სიდონია უკვე იჭყლიტება, ჰბორგავს და იხრუკება. თავი უნდა დაახწიოს იმ ტვირთს, ეხლავე უნდა გაუსხლტეს იმ რკინის გორას, მაჯლაჯუნას, სულთამხუთავს, თორემ თვითონაც დაიხრჩობა, თავის ჯუანივით დაიხრჩობა! და უცებ მოულოდნელად, დედის ტვინსა და გულში რაღაც შეინძრა, გარდიქმნა, გადატრიალდა. სიდონია გაიჭიმა, აიგრიხა, გაინასკვა – თითქოს ორსულად იყო და შვილის შობისათვის დამწიფდაო. მეორე ოთახიდან მართა მორბის, ედიშერიც მოსდევს, სხვებიც შემოდიან. მართა ჰკივის, ედიშერი ქვითინებს, სიდონია კი მშობიარესავით ჰკვნესის და იჭიმება – როგორც მაშინ, ოთხი წლის წინათ, როცა ჯუანშერი მოდიოდა – და ეხლაც ისე იმუდარება, როგორც მაშინ იხვეწებოდა. – დედი, მიშველე!.. დედილო, მიშველე! მართა აღარ ჰკივის – როგორც მაშინ არ ჰკიოდა. დედის თვალი მჭრელია – გაახსენდა მაშინდელი. დედის გუმანიც გალესილია. – უმალ მიჰხვდა ყოველივეს. და ეხლაც ეშველება თავის შვილს – როგორც მაშინ ჰშველოდა, თან ყველას ეუბნება: – ნუ სწუხდებით, ეხლავე მოსულიერდება… მიბრძანდით… იმ ოთახში გაბრძანდით. ყველანი გადიან. ქმარი კი ქვის ძეგლივით სდგას და აღარ იცის, თვითონაც გავიდეს თუ ცოლს მიეშველოს. სიდონია ცივი ღვარით იწურება, კბილებს აკრაჭუნებს – როგორც მაშინ. კვნესა კივილში გადადის, კივილი – გმინვაში. ერთხელ კიდევ აიგრიხა, ღრმა ოხვრა ამოუშვა და უცბად მოეშვა, მოდუნდა, გალხვა, გაიღიმა – როგორც ოთხი წლის წინათ – თითქოს იმშობიარა და დამშვიდდაო. – ბიჭია? – მაშინდელივით ჰკითხა დედას და თვითონვე უპასუხა თავის თავს: – რა თქმა უნდა, ბიჭია, ჯუანშერია. – და გაიცინა. დავა გაათავა. არც იხრჩობა, აღარც იჭყლიტება. სულთამხუთავს გაექცა, მაჯლაჯუნას გაუსხლტა. წეღან გული ავი სულის კლანჭებით ჰქონდა ჩაბოჭვილი, ეხლა კი იმ ადგილს – შიშველ მკერდს – საამურად იზელავს და შვებით იღიმება. ბოროტ სულთან ბღლარძუნი და ჭიდილი დასრულდა. – ჯუანშერი არ მომკვდარა! ჯუანშერი ცოცხალია! რა თქმა უნდა, არ მომკვდარა! მაშ რაღა საჭიროა საწამლავი, ან თოკი, ან ვერის ხიდი?! იყო სიზმარი – ავი, ბოროტი ლანდი. იყო უჟმური – საზარელი ქაჯი თუ ალქაჯი. მათ უნდოდათ სიდონიას დახრჩობა, წამება, ჯვარცმა. ეხლა კი აღარაფერი არ არის, ყოველივე გათავდა, დასრულდა. ყველანი გაჰქრნენ, წავიდნენ – სამუდამოდ, უბრუნებლივ! – ჩემი ბიჭიკო არ მომკვდარა!!! არ მომკვდარა!!! და ამ სიტყვას გულში ასჯერ, ათასჯერ, ხაზგასმით, ქვის ჟინით და რკინასავით მტკიცე რწმენით იმეორებს: “არ მომკვდარა!! არ მომკვდარა მეთქი!!!” რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა, არ მომკვდარა! მაგრამ… აგერ იმ ოთახში მაინც თეთრი კუბო სდგას. იმ კუბოში ვიღაც ბავშვი წევს. ეხლავე უნდა დამარხონ, და იმ კუბოს სიდონიაც გაჰყვება… მოვალეა გაჰყვეს! მერე რაო! გაჰყვება, დამარხავს და დაბრუნდება. – დედი, კაბა მომაწოდე. შავი კაბა? სიდონიას არა ჰქონია შავი კაბა. ალბათ ითხოვეს, ან დღეს შეაკერინეს, ენაცვალოს სიდონია მართას! ასეთი დედა რომ არა ჰყოლოდა, ოჯახი დაენგრეოდა და შვილებიც… ორივე შვილი – ჯუანიც და კატოც… მართლა, სად არის კატო? და ქალიშვილის გახსენებაზე ნემსის ჩხვლეტა იგრძნო, თითქო პერანგის ქვეშ სველი და ცივი ბაყაყი ჩაუვარდაო. დინჯად და არხეინად იცვამს სამგლოვიაროს – თითქო სეირნობისთვის ემზადებაო. სადა კაბა ზედგამოჭრილია სიდონიას თხელ ტანზე. ძალიანაც უხდება. რომ სცოდნოდა, ადრევეც შეიკერავდა, ქერა თმა, თეთრი სახე და შავი კაბა მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს. ადგა, კარებთან მივიდა და შესდგა – მხოლოდ ათიოდე წუთით შესდგა. კარებში დედაკაცები სდგანან – ედიშერის დეიდა პელო და მამიდაშვილი ქეთევანი. – დაუგვიანა, – ჩასჩურჩულებს ქეთევანი პელოს, – დაუგვიანა შრატის შეშხაპუნება, თორემ გადარჩებოდა. – უეჭველად, გენაცვა, უეჭველად გადარჩებოდა. – უდასტურებს თავის ქნევით პელაგო. ეს სიტყვები სიდონიას წითელ ლურსმანივით ჩაერჭო. – მაშ იციან, ყველაფერი იციან. – გაიფიქრა. – ესენიც მე მაბრალებენ. თვალებზე ბინდმა გადაჰკრა, წაბარბაცდა, მაგრამ უმალვე შესწორდა და იმ ოთახში შეიხედა. სადაც… იმ ოთახიდან მგლოვიარე დედას უცნაურად უმზერენ ოციოდე წყვილი თვალი, მოციმციმე სანთლები, თეთრი კუბო და შიგ ჩაწოლილი ჯუანი… ჯუანშერი… მისი ბიჭი, მისი ბიჭიკო! თვალები დახუჭული აქვს. – თითქოს ორმოებში ჩაუყრიათო. გუშინ კი – გუშინ, გუშინწინ თუ დღეს დილით – თითქო შუბლზე ჰქონდა აყრილი. ალბათ ძალით დაუხუჭეს. ფუნჩულა ლოყებიც ჩასცვივნია. წითელი და ფუნთუშა ტუჩებიც ჩაჰკეცია, ჩაჰყვითლებია. პირსახე კი თეთრი აქვს, თითქო კირით შეუგლისესო, თუმცა… არა, არა, კირი რა სახსენებელია! – პირსახე უფრო იმ ყვავილებს მიუგავს, აგერ იმ ზამბახებს, რომელნიც სიდონიას მაგიერ ალბათ მართას ან ედიშერს მოუტანია. კარი ფრთხილად შეაღო და ფეხაკრებით შევიდა, თითქო ცხედრის გამოღვიძებისა ეშინოდაო. თავთ დაადგა, მთრთოლვარე ხელი ცივ შუბლზე დაადო და დაჰხედა. დაჰხედა და თვითონაც ჯუანშერს დაემსგავსა: შვილივით გათეთრდა, თვალები მიჰლულა და ტუჩები შეიკეცა – კბილებით მოიკვნიტა, თითქო აღვირი ამოსდოო, რადგან ისინიც სიდონიასავით ცახცახებდნენ და თავაგლეჯას ჰლამობდნენ. მერმე ნებისყოფა მოიკრიბა და თრთოლვაც აილაგმა. – დაუგვიანა. – ისევ წაიჩურჩულა ვიღაცამ მარცხენა კუთხეში. სიდონია შეკრთა, მაგრამ არ მოიხედა. – დააგვიანეს. – წამოვიდა შხამიანი ისარი უკნიდანაც. სიდონიას ერთხელ კიდევ გადაჰკრა ბინდმა. მერმე ისევ შესწორდა. ეხლა სხვა მხრიდანაც უცდიდა ისრების სეტყვას, მაგრამ დუმილი აღარავინ დაარღვია. და ეს დუმილი იმ ისრებზე უფრო მწვავე გამოდგა. დიდხანს იდგა გაკაჟებული და უძრავი – შავი ხის ძეგლივით, რომელსაც თეთრი მარმაროს თავი და ოქროთი შეღებილი თმა ჰქონდა. – არა, ჯუანშერი არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს! დედა სიდონიას მოეხვია და მკერდში ჩაჰქვითინა. მხოლოდ ეხლა შეკრთა და გამოერკვა შავი ძეგლი. თეთრ თავზე ხელი გადაუსვა, გაუღიმა, ანუგეშა: – ნუ სტირი, დედილო, ნუ… საიმისო არაფერი მოხდა. და ამ სიტყვებმა – საამისო არაფერი მოხდაო – და დაობლებული დედის ღიმილმა სამართებელივით დაჰსერეს ოციოდე წყვილი თვალი. ის თვალები ამოძრავდნენ, გაგანიერდნენ, ჯერ ურთერთს ჩაეხლართნენ, მერმე ყველანი სიდონიას უცნაურ თვალებს მიებჯინენ. მართამ თეთრი თავი გადაიხარა. ედიშერმაც მოიხედა, და ორივემ შიშითა და გაოცებით აჰხედეს ჯუანის დედას. სიდონია კი ისევ იღიმება და ნუგეშს აძლევს – თავის თავსა და დედასაც: – ნუ სტირი, თორემ… თორემ მეც ვიტირებ… ღმერთია მოწმე, რომ… ჩემი ბრალი არ არის… ჯუანი არ მომკვდარა, დედი, ბაღში თამაშობს… ზამბახებიც ბევრი აქვს, ძალიან ბევრი. ჯუანი აღარა სჩანს, შიგა წევს… თეთრი კურდღელი უჭირავს… თვალები აღელდნენ, ათამაშდნენ. მათი ელვა ოთახს ავსებს. და თვალების ელვას ჩურჩული და თვალების ფურთვნა მიემატა, თითქო ქარში ბუჩქნარი აიშალაო. – მე ეხლავე მოვალ. მომიცადეთ. – ამბობს სიდონია და სწრაფი ნაბიჯით გადის. ედიშერიც თან მისდევს. მხოლოდ ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა ქალაქიდან – დატვირთული ზამბახებით და ათნაირი სათამაშოთი. აი, – ავტომობილი ცხედარზე დასდო. – აჰა, თეთრი დათვიც, შეკაზმული ცხენიც, თოფიც და თეთრი კურდღელიც, რომელიც მეორე ოთახიდან გამოიტანა. ყველაფერი გვერდით მოუწყო ჯუანშერს. მერმე კურდღელი აიღო და მოჰმართა. და იმ პირუტყვის აცქვეტილ ყურებიდან უცებ ჟღარუნი მოისმა. და სულელმა, ცეტმა კურდღელმა ხრინწითა და ჩხაკუნით დაუკრა ვალსის ერთი მუხლი – “დილის სიზმარი”. ოთახში თითქო ქარიშხალი შემოვარდაო – თვალების ელვა, ჩურჩული და თავების ღელვა გახშირდა. სიდონია კი ყურს უგდებს ნაცნობ ვალსს და იღიმება. თვითონაც ოდნავ ირხევა, თითქო ნაცნობ ტაქტს აჰყვაო. მერმე ის კურდღელიც დაადო ჯუანს და დინჯად გავიდა. რა თქმა უნდა, ჯუანი არ მომკვდარა – მხოლოდ სძინავს. ბავშვი დაასაფლავეს, როგორც ათასებს ასაფლავებენ. ეს სამგლოვიარო გზა სხვათა გზებს მაინც არა ჰგავს. მართა, ედიშერი და ნათესავები ტირილ-ქვითინით მისდევენ. დედა კი ისე მიდის, თითქოს უცხო ვინმეს მიაცილებსო. თქმა არ უნდა, ჯუანი ცოცხალია! ხელები დედისა და ქმრის მკლავებში აქვს გაყრილი. როცა ერთს ან ორივეს დარდის ბოღმა ნამეტნავად მოაწვებათ, სიდონია მოსამძიმრის საქმეს კისრულობს: – ნუ, დედილო, ნუ!.. ედიშერ, თავი შეიმაგრე! ნუ სტირით, სირცხვილია!.. დამიჯერეთ, საიმისო არაფერი მომხდარა მეთქი. კუბო რომ ჩაუშვეს, დედამ პირი მოიბრუნა და წეღანდელივით ძეგლად გადაიქცა, ხოლო როდესაც მიწამ კუბოს თავი აარახუნა, ძეგლმა ორი თითი ყურებში ჩაირჭო და გულშიც მარგილივით ჩაიჭედა: – არა, ეს ჯუანი არ არის! და იმ მარგილს უფრო-და-უფრო ღრმად ინერგავდა: – არა! არა!! ჯუანი არ მომკვდარა!! არ მომკვდარა!!! და იქიდანაც თითქო გულმშვიდად და უდარდოდ დაბრუნდა, თან უზრუნველი ღიმილი და რწმენის უღრმესი პალო წამოიღო: – არაფერიც არ მოხდა! ჯუანი ბაღში თამაშობს, წაღვერის ბაღში… ზამბახების კონა უჭირავს. ოღონდ ძალიან ცხელა… მზემ არ დაჰკრას ბიჭიკოს. აქ კი… აქ არაფერიც არ მომხდარა. რა თქმა უნდა, არ მომხდარა! ჯუანი რომ მომკვდარიყო, სიდონია სასაფლაოდან ვერის ხიდზე უნდა წასულიყო, ან ჭერში უნდა აპარულიყო და თან სამიოდე ადლი თოკიც უნდა აეტანა. ამ სურათს კი ისევ პირველი სჯობია: ჯუანშერი წაღვერშია. ბაღში თამაშობს და – – ზამბახები ბლომად აქვს. – ხმამაღლა ამბობს შინისკენ მომავალი დედა. – ბლომად აქვს. – უდასტურებს ედიშერი. – ოღონდ მეტის-მეტად ცხელა. – ოხრავს სიდონია. – უუუჰ, ძალიან ცხელა! ედიშერს უკვირს. გრილი ქარი ჰქრის. ტყვიის ღრუბლები მამადავითის უბანში ჩამოწვნენ. გამვლელნი იბუზებიან. ქალაქს ბინდი ეხვევა. სიდონიას კი ეშინიან: – მზემ არ დაჰკრას ჯუანს. ედიშერმა სიდონია მართას ჩააბარა და ახალი ექიმის – ნევროლოგის მოსაყვანად წავიდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი