კურღელი (თავი მეხუთე)


ეხლა სიდო ისევ ფრიდონ დორაშვილის წინაშე ზის. ისევ კურდღელს არწევს და ექიმს უღიმის.

ეს არის ეხლა შეიკრა ღილები. ექიმმა გასინჯა.

– რას მეტყვით, ბატონო ექიმო? – ეკითხება.

– ჯანმრთელი ხარ. არსად არაფერი გეტყობა.

– ნემსების ჩხვლეტასაც ვგრძნობ, მაშასადამე, მართლა ჯანმრთელი ვყოფილვარ. – გულში კი გაიფიქრა: – მაშასადამე, ჯუანიც ცოცხალია.

წეღან ყოველივე უამბო ექიმს: ჯუანის სენის დასაწყისი, სირბილი ეტლით, ქროლვა ავტომობილით და დაგვიანება მატარებელზე – პირველზე, მეორეზე და მესამეზედაც.

– რა თქმა უნდა, ამის ბრალია, მარტო ამის ბრალია, რომ ჯუანს ჩამოყვანა დავუგვიანე… – და უცებ გასწყვიტა, თითქო შიშის ელდა ეცაო. კინაღამ წამოსცდა: “შრატის შეშხაპუნება”.

– რა დაუგვიანე? – ორივე ხელით წასწვდა ამ სიტყვას პროფესორი.

– არაფერი… ისე ვთქვი.

– მაინც, ქალო? სთქვი, რა დაუგვიანე?

– არაფერი მეთქი.

– მაშ… ჯუანი რომ ავად გახდა, ექიმი მაშინვე მოუყვანე?

– რა თქმა უნდა! მაშინვე მოუყვანა გადიამ – გამზრდელმა, და მეც მაშინვე წამოვიყვანე. მხოლოდ ოთხი საათით დამაგვიანდა.

– შენ ბრალი არ გედება, ქალო. შენ შენი ვალი პირნათლად შეგისრულებია. – გარკვევით ამბობს ექიმი და თავის შავ თვალებს სიდონიას თვალებს უყრის.

– მართლა?! – წამოვარდა დედა ბავშვივით გახარებული. – ხომ მართალია, ხომ? – გვერდით მიუჯდა, მკლავზე მოეხვია და თავი მხარზე მიაყრდნო, თან ეაჯებოდა, ემუდარებოდა: – მართალი მითხარით, ფრიდონ… ბატონო ფრიდონ, ბრალი ხომ არ მიმიძღვის, დანაშაული ხომ არ ჩამიდენია?

– არა, ქალო, არა. შენი რა ბრალია! ბავშვს ხუნაგი შეეყარა, ვერ მოერია და მოკვდა.

დედა უცბად მოსწყდა დორაშვილის მკლავს, თითქო სიტყვამ “მოკვდა” გველივით უკბინაო. გაბუტულივით გამობრუნდა, დაჯდა და გახევდა, თან ექიმს ალმაცერად ესროდა ნაწყენ თვალებს.

ფრიდონმა ხანგრძლივი დუმილი დააფრთხო:

– კიდევ მიამბე რამე, ქალო, – ეუბნება ექიმი. – მიამბე შენი ადრინდელი თავგადასავალი.

ნაწყენი დედა უცბად გამობრუნდა, გამხიარულდა:

– სიყვარულის ამბავი გიამბოთ?

– ძალიან კარგი, სიყვარულისა იყოს.

– ექიმო, დილამდე ვერ გავათავებ. – იცინის სიდონია. – ოცდა-ექვსისა ვარ და ოც-და-ექვსჯერ მაინც მიყვარდა. ხა-ხა-ხა!

– ყოჩაღ, ქალო! ხო-ხო-ხო! ყველანი ერთად, არა?

– არა, არა, ზოგნი ცალ-ცალკე, ზოგჯერ კი ორი და სამი ერთად.

– ყოჩაღ, ქალო, ყოჩაღ! მომწონს აგეთი დამტევი გული.

– ერთხელ, მახსოვს, ოთხი შემიყვარდა. ხა-ხა-ხა!

– ოთხივე ერთად, ხო-ხო! აბა, უკანასკნელი სიყვარულის ამბავი მიამბე. როდის იყო, ვინ იყო, ან ვინ არის?

სიდონიამ ეჭვით გადაჰხედა:

– რათ გინდათ, ვინ იყო? ეხლა მაინც არავინა მყავს.

– კარგი, მჯერა! ეს მაინც მითხარი, როდის მოხდა უკანასკნელი?

– ვინ იცის, აღარც კი მახსოვს. თუმცა… მახსოვს, მახსოვს სანამ ედიშერს შევხვდებოდი, ხუთი წლის წინათ.

– რა თქმა უნდა, ზოგმა გიპასუხა, ზოგმა კი…

– რა თქმა უნდა, ყველგან ვერ გავიმარჯვე, ამიტომ…

– ამიტომ რამდენჯერმე დააპირე თავის მოკვლა, არა?

– ეგეც იცით ?

– ვიცი, მე ყველაფერი ვიცი, არაფერი დამემალება.

– მართალია, დავაპირე, მაგრამ ვეღარ გავბედე. ერთხელ მუხლამდე მტკვარში შევედი, მაგრამ გაციებისა შემეშინდა და გამოვბრუნდი – ხა-ხა-ხა!

– ხო-ხო-ხო! მერმე? მერმე?

– ბევრჯერ სხვანაირადაც დავაპირე. აი, დღესაც… და უცებ გაჩუმდა, თითქო გულის სარკმელი მიიხურაო. ექიმი კი მარწუხით ეცა ამ სიტყვას:

– რა იყო დღეს?.. რას აპირებდი?.. რა მოხდა?

– არაფერი.

და ლოკოკინასავით ჩაძვრა დუმილის ნაჭუჭში.

– მაინც, სიდონი, მაინც? – არ ეშვება ექიმი. მერმე თვითონაც ჰშველის: – მაშ მე გეტყვი.

სიდონიამ თითქო სოროდან გამოიხედა.

– აბა, მითხარით.

– დღეს დილით, როცა გამოიღვიძე, ისევ გადასწყვიტე თავის მოკვლა, მაგრამ ვერ გაჰბედე.

– მართალია. – მორჩილი ხმით ამბობს სიდონია.

– საწამლავი რა უყავი?

– ფანჯრიდან გადავაგდე.

– ძალიან კარგი გიქნია. მომწონს.

– ვერა ვბედავ. ძალა არა მაქვს. – თითქმის სტირის ქალი.

– არც საჭიროა მეთქი. ეხლა მითხარი, რად აპირებდი დღეს დილით თავის მოკვლას?

სიდონია ისევ ნაჭუჭში ჩაძვრა, თან აიშალა და აიმრიზა. ექიმი კი კვალ-და-კვალ მისდევს, თითქოს ენაში ხელი ჩაავლო და თავისკენ ეწევაო:

– მაშ არ მეტყვი? რად მიმალავ, რა გაქვს დასამალი? – და ხმა რომ ვეღარ ამოიღო, ისევ თვითონ მიეშველა: – მაშ ისევ მე გეტყვი.

სიდონია სდუმს, ტუჩებს იკვნეტავს და ჭერს შესცქერის, თითქოს ექიმის ჩანგალს გაურბისო.

დორაშვილი კი აღარ ასვენებს – ულმობელია, კერპია.

– მაშ მე გეტყვი. მიზეზი ის იყო, რომ… – და მკაფიოდ, ხაზგასმით, დაუნდობლად ეუბნება, თითქო შანთით სდაღავსო: – მიზეზი ის იყო, რომ შვილი მოგიკვდა! ჯუანშერი მოგიკვდა! გაიგე? გესმის? შვილი მოგიკვდა მეთქი!!

სიდონიას ესმის, მაგრამ არც ესმის. რა თქმა უნდა – გაიგო, მაგრამ თითქო ვერც გაიგო. ჯერ ექიმის თითო სიტყვაზე თითოჯერ შეკრთა, დაიბნა, მაგრამ უმალ განმტკიცდა. გაიღიმა და დღეს დილით გამოკვეთილი ფარი ეხლაც მოიხმარა:

– არა, ექიმო, არა. ჯუანშერი არ მომკვდარა!

– მაშ დღეს ვინ დამარხე? – ულმობელობს დორაშვილი.

– ბატონო ფრიდონ, არ მეგონა, რომ… ასეთი მკაცრი ადამიანი იქნებოდით.

– ეხლა, ამ ოთახში, ადამიანი კი არა ვარ, არამედ ექიმი, მხოლოდ ექიმი.

– მერმე, განა ექიმს აგეთი მძაფრი სული უნდა ჰქონდეს?

– ქალო სიდონი, თავი დაანებე ჩემს სულს და საკუთარზე იზრუნე. – შეურბილა ექიმმა. – მითხარი დღეს ვინ დამარხე მეთქი?

– ვიღაცა.

– ვინ იყო ის ვიღაცა?

– სალომეს შვილი. არ იცნობთ სალომეს? წამომყეთ, გაგაცნობთ.

ხელი წაავლო, მეორე ოთახში გაიყვანა და სარკეში ჩაახედა.

– აი, გაიცანით სალომე. ედიშერის მეორე ცოლია და შვილიც ამას მოუკვდა.

– ხუმრობას თავი დაანებე, სიდონი. შვილი მოგიკვდა მეთქი.

– არა. ბატონო ფრიდონ, არა მეთქი!

– მაშ სად არის ეხლა შენი ვაჟი?

– წეღანაც გითხარით, სძინავს მეთქი!

– მაჩვენე. წამო, მაჩვენე.

– აკი გითხარით, ღამეა, გაიღვიძებს მეთქი.

– შორიდან მაინც დამანახე.

– არ შეიძლება… არ შემიძლია მეთქი.

– აგრე იყოს. მაშ ხვალ დღისით მოვალ.

– მობრძანდით, მაგრამ…

– მაგრამ?

– მაგრამ ისა, რომ… რომ დღისით ჯუანშერი იქ არის… წაღვერშია.

სიდონია უცბად გაჩუმდა, გაშტერდა, ერთ წერტილს ჩააცივდა და თვალები მიჰბლიტა – დილანდელივით, როცა ხელმეორედ გააჩინა ჯუანშერი.

ექიმი წამოვარდა, ერთი ხელი მაჯაში წაავლო, მეორე კი თავზე დაადო და გახევდა.

ქალი სომნამბულობამ შეიპყრო: თავი ჩაჰქინდრა, ჩაფიქრდა, მეორე ქვეყანაში გადავიდა. მერმე ნეტარი ღიმილით გაიღიმა და ნაგლეჯ-ნაგლეჯად აბუტბუტდა, თითქო ქადაგად დაეცაო:

– ზამბახები… ყვავილები… ბაღი… ტყე…

– სად? – ჩასჩურჩულებს ექიმი. – სად არის ეგ ბაღი?

– წაღვერში. – ხანგრძლივი დუმილისა და ყოყმანის შემდეგ ჩურჩულებს გულყრილი, და უმატებს: – ბაკურიანშიც.

– წაღვერში ვინ არის?

– ჯუანი… ჯუანშერი.

– მარტო ჯუანშერი? კიდევ ვინ? – ფრთხილად ეკითხება დორაშვილი.

სიდონია პასუხს არ აძლევს და განაგრძობს მოგონებას:

– ბაღში თამაშობს. ოდნავ სიცხე აქვს… ცხელა… მზემ არ დაჰკრას… კარგად მოუარე, გადიავ, თეთრ კურდღელსაც გაუფრთხილდი… იმის ნაჩუქარია…

– ვისი ნაჩუქარია?

– იმის… ძვირფასია ჩემთვისაც და… და ჯუანისთვისაც.

– ვისი ნაჩუქარია მეთქი, ვისი!

ცნობიერების გაღმა გასული სიდონია ვიღაცას თუ რაღაცას ებრძვის, ექიმი კი სცდილობს გაღმიდან ისევ გამოღმა დააბრუნოს:

– სიდონი, ჯუანშერი მოკვდა! – აგონებს დედას.

მაგრამ დედა კერპობს: სდუმს და დუმილით რჩება ოცნების ქვეყანაში. დორაშვილი მაინც თავისას ჩასძახის:

– გაიგე, ქალო, შენი შვილი მოკვდა მეთქი… მოკვდა! მოკვდა! დაუბრუნდი სინამდვილეს!.. დაუბრუნდი!.. დაუბრუნდი!..

მაგრამ სიდონია ისევ წაღვერშია – თავის შვილთან, ჯუანშერთან:

– ჯუანი ოდნავ უქეიფოდ არის… გაუფრთხილდი, გადიავ… მე მივდივარ.

– სად? – გულში უძვრება ექიმი. – სად მიდიხარ?

– ბაკურიანში.

– ჯუანი რომ ავად არის?

– ექიმს დაუძახეთ… მეც მალე დავბრუნდები.

– როდის?

სიდონია ყოყმანობს, მაინც უპასუხებს:

– ხვალ დილით.

– დროზე დაბრუნდი? – სიდონია სდუმს და იღუშება. – სთქვი, როდის დაბრუნდი მეთქი?

გულშემოყრილი იბრძვის, ჰბორგავს, რაღაცას თუ ვიღაცას ეომება. ბოლოს. მაინც ლუღლუღებს:

– მესამე დღეს… არ გამომიშვა.

– ვინ? ვინ?

ისევ ბორგვა, ბრძოლა და ფართხალი.

– სთქვი, ვინ არ გამოგიშვა მეთქი?.. ვინ იყო?.. რა ჰქვიან?.. – გაზით ეწევა ყურალესილი ექიმი, მაგრამ მისი გასაღები ვეღარ უდგება თითქმის გახსნილს გულის კლიტეს: გულყრილი სიდონია ისევ ჯიუტად იკეტება დუმილში.

ექიმი ისევ თავის ალაგზე ზის – სიდონიას პირდაპირ. გონმოსული დედაკაცი კი გაოცებით უმზერს მას, უღიმის და აბლეტილ თვალებს იფშვნეტავს, თან თავისთვის ბუტბუტებს:

– თავი მტკივა… მეძინება.

– ღამე მშვიდობისა, ჩემო სადონი!

– ძილი ნებისა, ბატონო ფრიდონ! ნუ დამივიწყებთ… რაკი გზა გამოიკვლიეთ, ხშირად მნახეთ.

– კეთილი, დაგხედავ ხოლმე. ოღონდ მურაბები დამახვედრე და… – ღიმილით თითი დაუქნია – და გული გამიხსენი, ნუ მომატყუებ, თორემ… მე ვერაფერი და ვერავინ დამემალება.

– მართლა? ვითომ? – უკვე კეკლუცობს სიდონია.

– გარწმუნებ, აგრეა, არც შენთვის ვარგა. თუ გინდა დამშვიდდე და გაბედნიერდე, ამ ქვეყანას დაუბრუნდი და ყველაფერი დამიჯერე.

– ყველაფერი დაგიჯეროთ?! – და შავი თვალები თავისებურად აათამაშა. – ყველაფერი?!

– დიაღ, ყველაფერი, ყველაფერი.

– სახიფათოა, ბატონო ექიმო, სახიფათოა, რადგან… რადგან მე ძალიან მომწონს ორმოციოდე წლის მამაკაცი, თქვენისთანა შავგვრემანი, ხა-ხა-ხა! აკი, აკი გაგიხსენით გული, დანარჩენი მერმე იყოს.

– მაშ მოგწონვარ, სიდონი? მართლა? ხო-ხო-ხო! მაშ ავშენებულვარ, აბა, ბედნიერად და გამარჯვებით. მაგრამ კარგად დაიხსომე: ამ ქვეყანას დაუბრუნდი, ღრუბლებში ცხოვრება ძალიან სახიფათოა. ჩამოვარდები და დაიმსხვრევი. გარდა ამისა, თუ ერთხელ კიდევ დამიმალე სიმართლე, წავალ და აღარ მოვალ. მშვიდობით, თეთრო დედაკაცო!

– ნახვამდის, შავო მამაკაცო!

– მართლა, – მოტრიალდა კარებში დორაშვილი და სიდონიას თითქმის მკერდზე დაადო თითი: – ეს რა არის?

– ესა? – დაიბნა სიდონია. – ესაა?.. ეს არის კურდღელი .. თეთრი კურდღელი.

– ვისია? ვინ მოგცა?

– ჩემია… ჩემი და ჯუანისა. უკრავს, ძალიან კარგად უკრავს. ხომ არ გინდათ დავაკვრეინო?

და მოსამართად სამიოდეჯერ გადაატრიალა.

– არა, არ მინდა. – ხელით შეაწყვეტინა მომართვა. – ვინ აჩუქა მეთქი ჯუანშერს?.. არ მეუბნები? მიმალავ? შენი საქმეა, შენ იცი. გირჩევ – ან გადააგდე, ან დასწვი, ან დაამსხვრიე და მტკვარში გადაჰყარე. მშვიდობით იყავი! – რკინის ზოდებივით მოაყარა და კიბე ჩაირბინა.

კარი მიუკეტა, გამობრუნდა და, მართა რომ არ მიჰშველებოდა, ოთახის შუაგულში გაიშოტებოდა.

თეთრი კურდღელი მაინც მიიხუტა და მთვრალივით გაჰყვა გულამომჯდარ დედას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი