კურდღელი (თავი მეშვიდე)
– ბატონო ფრიდონ! – გამოდის თავის ოთახიდან მოღიმარე თეთრი დედაკაცი და თეთრი კურდღელიც თან მოაქვს. – ძია ფრიდონ, გამარჯვება! – გაგიმარჯოს. – ცივად ბურტყუნებს დორაშვილი. უნდილად აძლევს ხელს და ისევ ბოლთას განაგრძობს. – რა დაგემართათ, ძია ფრიდონ, ვინ გაგაჯავრათ? – შენ. – მე? მართლა? ხა-ხა-ხა! რით, როგორ, ძია ფრიდონ? – შენც კარგად იცი. – ღმერთმანი, არ ვიცი. მითხარით, გამაგებინეთ. – ასჯერ გითხარი. – ასჯერ? არაფერიც არ მახსოვს. გამაგებინეთ, თუ ბრალი მიმიძღვის, ბოდიშს მოვიხდი. – ბოდიში არა კმარა. – მაშ რა გნებავთ? – ძალიან კარგად იცი. სამი თვეა მატარებ ტყუილ-უბრალოდ. – გაბუტულის კილოთი ბურტყუნებს ექიმი. – ტყუილ-უბრალოდ? – კეკლუცობს სიდონია და დიდრონ თვალებს თავისებურად ათამაშებს. – ხა-ხა-ხა! ვინ იცის, ტყუილ-უბრალოდ თუ… ვინცა ჩქარობს, აგებს, ჩემი გულის მოსაგებად სამი თვე არა კმარა. – შენი თავი აიგდე მასხარად. მე კი უკვე ორმოცისა შევსრულდი, საარშიყოდ ვეღარ ვიცლი. – ორმოცისა? მამაკაცისთვის საუცხოვო დროა. – აგდებინებს ხელიდან ამ მახვილსაც. – აკი გითხარით, ჩემს გულს მხოლოდ ორმოცი წლას მამაკაცი გაიტაცებს მეთქი, ხა-ხა-ხა! – არშიყობისთვის არ მოვსულვარ, სიდონი. – მე ვარშიყობ?! ღმერთმა დამიფაროს! – დააყენე ეგ თვალები, ნუ ათამაშებ! – თვალები დავაყენო? ინებეთ, აი, დავაყენე. და ისე დააყენა, რომ უარესად აამეტყველა. ელვით სავსე შავი თვალები თითქო დამშვიდდნენ, მიიბლიტნენ, სამაგიეროდ გრძელ წამწამებში დინჯი ღელვით იზმორებიან, თითქო ღამით შავ ლერწმიანში ორი ნელი ტალღა ირწევაო. – ხა-ხა-ხა! – გადიკისკისა მხიარულად. – რა ვქნა, ძია ფრიდონ, რა ჩემი ბრალია, თვალები არ მემორჩილება! – შენ მრავალი რამ არ გემორჩილება, სიდონი. – მაგალითად? – მაგალითად – აბა, ეგ კურდღელი დასდე მაგიდაზე. – აჰა, ინებე. – და დასდო. – ეხლა მითხარი. ხელახლად რად მიიდე ხელი მკერდზე? სიდონია დაიბნა. მარცხენა ხელი მართლა მკერდზე ედო. – ჩამოიღე. ჩამოიღო, მაგრამ უმალვე ისევ მკერდზე მიიდო. – ჩამოიღე მეთქი! – რა ვქნა, რა მემართება? – უკვირს თვითონ სიდონიასაც. ხელი ისევ ჩამოსწია, მაგრამ უნებურად ხელახლა მკერდზე აუვარდა. – ძია ფრიდონ, ეს რა ამბავია? – შეეშინდა. – ხელი არ მემორჩილება. გამაგებინეთ, რა მემართება? – ეხლავე გეტყვი, ჯერ დავაბათ. მომაწოდე ეგ პირსახოცი. სიდოს წელზე შემოაკრა და მისი ხელიც შიგ ჩააყოლა. – ეხლა ყური დამიგდე, სიდონი. – არ შემიძლიან, არ შემიძლიან! – ხელი ამოიღო და ისევ მკერდზე მიიხუტა. – ისევ ასე იყოს… ეხლა მითხარით. – გეტყვი, შენი ჯუანი რომ ავად იყო, შენ გვერდით უწექი. მისი თავი დილამდე მკლავზე გედო, მართალია თუ არა? – მართალია, ძია ფრიდონ. – იქიდან გამოგყვა, ამიტომ ან ეს კურდღელი უნდა გქონდეს ჩახუტებული, ან ხელი. – აგრეა… მართალია. – ბუტბუტებს სიდონია და კურდღელს ისევ მკერდზე იკრავს. – ხომ გახსოვს ჯუანის ავადმყოფობა, სიდონი? – და გვერდით მიუჯდა. – მახსოვს… წაღვერში ოდნავ ავად იყო – ოხრავს პირშეცვლილი დედა. – ჯერ წაღვერში, მერმე აქ, ქალაქში აგერ, იმ ოთახში იწვა. გახსოვს თუ არა ის ღამე. როცა შეწუხებული ვაჟი მკლავზე გესვენა? – არა, არ მახსოვს. – ჩურჩულებს და პირსახეს ექიმს არიდებს. – მართლა, სიდონი, დღეს რამდენია ამ თვისა? – დღეს? – კედლის კალენდარს შესცქერის და იმასაც თვალს არიდებს. – არ ვიცი. მგონი ცხრამეტი, ან ოც-და-ერთი. – კალენდარი რას ამბობს? – ღმერთმანი, არ ვიცი. – კალენდარი თვალწინ გიკიდია და არ იცი? მაშ მე გეტყვი: დღეს ოცი ნოემბერია. სამი თვის თავია… რას გაჩუმებულხარ, ქალო! დიდი ხანია შეგატყე, რომ ოცი რიცხვისა ცეცხლივით გეშინიან, რადგან ჯუანშერი ოც სექტემბერს მოკვდა. გაიხსენე, მოიგონე. სიდონიამ გაიღიმა და მხრები შეიშმუშნა. – აქეთ მოიხედე, სიდონი. – და ერთი ხელით თავი მოუბრუნა, მეორე კი მაჯაში წაავლო, – ერთხელ კიდევ გეკითხები, სად არის მეთქი შენი ჯუანი? – ჩემი ჯუანი? აქ არის, სადღაც აქ არის, – აცმუტდა და ხელის თითებიც ააცმაცუნა. – წეღან ხელში მყავდა… აი, ეხლაც ვგრძნობ იმის სითბოს… მესმის მისი სუნთქვაც… აქ არის სადმე… აქ უნდა იყოს. – სიდონი, გაათავე! – და მძლავრად შეანჯღრია. – გონს მოდი, ყური მიგდე. ჯუანი გელანდება, რადგან წეღან სიზმარში ნახე. – სიზმარში? მხოლოდ სიზმარში? ვაი მე! – დიაღ, სიზმარში, მხოლოდ სიზმარში. აქეთ მობრუნდი. ქალო, თვალს ნუ მარიდებ. – პირისპირ დაისვა და თვალი აღარ მოაშორა. – სიდონი, დროა გაათავო სახიფათო თამაში. შვილი მოგიკვდა! ჯუანი ხუნაგმა წაგართვა! – ლურსმებივით ურჭობს თავში. – გაიხსენე, მოიგონე! დაიცა, სიტყვას ნუ მაწყვეტინებ. აგერ, იმ ოთახში იდგა თეთრი კუბო. შიგ შენი ჯუანი იწვა. შენც იქ იყავი, სათამაშოები შეუტანე. აი, ეს კურდღელიც ზედ დაადე. მერმე გაასვენეთ და დამარხეთ. ცხადია, ჯუანი მოკვდა! გამოტყდი, სთქვი ჯუანშერი მოკვდა თქო! სიდონია წამებულის ღიმილით იღიმება და მხრებს იშმუშნის: – ვთქვათ, მოკვდა. მერმე რაო? – მაშ შეიგენი თუ არა შვილის სიკვდილი? – ძია ფრიდონ, ეგ ამბავი ჩემ შეგნებაში ვერ შედის, ეგ ცარიელა სიტყვებია. შიგ არაფერი ჰყრია. – თავს ნუ იტყუებ, სიდონი, ეს სიტყვები – “შენი შვილი მოკვდა” – ცარიელი არ არის. ტყვიასავით მძიმეა, ცეცხლივით მწვავეა, სამაგიეროდ რეალურია, ნამდვილია. დამიჯერე, ქალო სიდონი, ყოველივე რეალურიც, ამ ქვეყნიურიც მძიმეა და მწვავე, როგორც შენი შვილის სიკვდილი, ამიტომ გაურბიხარ მას, ამიტომ ემალები და გგონია, ვითომ მართლა გაექეცი და დაიმალე. მართალს ვამბობ თუ არა, სიდონი? – მართალია. – ყოყმანის შემდეგ სევდიანად უდასტურებს სიდონია. – სინამდვილე მწვავეა, მძიმეა… ოოჰ, რა მძიმეა, ძია ფრიდონ! – მართალია, მაგრამ ამ ქვეყნიდან გაქცევა და სიზმარეთში ცხოვრება ასჯერ უფრო უარესია. დღეს თუ ხვალ ეს ქვეყანა თვითონ დაგეწევა – ვერსად წახვალ! – და თვითონვე გაგაღვიძებს, მაგრამ ისე უხეშად, ისე მკაცრად შეგანჯღრევს, რომ სამუდამოდ დაგამტვრევს, დაგაგონჯებს, გაგაგიჟებს. თვალმილეული სიდონია ამ სიტყვამ შეაკრთო და შეაჟრჟოლა. დორაშვილი აღარ ინდობს, არ ერიდება და ყურებში ჩასძახის: – ამიტომ სჯობია, რომ შენვე დაუბრუნდე სინამდვილეს, რეალურს, დაყრუებულთა, ბრმათა და განდეგილთათვის იგი გარდუვალია, მოუტეხავი, მძლეთა-მძლე და შეუნდობარი, ხოლო მორჩილთა და თვალხილულთათვის იგი ლმობიერია, მისანდობარი და ერთგული. შენ გაექეცი მას, სიდონი. მიბნედილმა დედაკაცმა ღრმად ამოიოხრა. – განგებ დაიყრუე ყური, განზრახ დაიბრმავე თვალი და უცნაურ ქვეყანაში გადავარდი. მიზეზს ისევ მე გეტყვი: შენ შვილი მოგიკვდა – ერთად-ერთი ვაჟი, პირმშო ჯუანი. ნუ შეშინდები, პირდაპირ გეტყვი. მე შენსავით მხდალი არა ვარ: ჯუანის სიკვდილი შენი ბრალია. – ვაი მე! – ამოხეთქა შიშისა და თრთოლვის შადრევანივით სიდოს გულიდან. – ვაი მე! ძია ფრიდონ!.. ბატონო ფრიდონ! რა სასტიკი, რა ულმობელი ადამიანი ყოფილხართ! – არა, სიდონი, არა! პირიქით, პირიქით! მეტად გულკეთილი, თათქმის გულჩვილი ადამიანი ვარ. შენისთანა უბედურს რომ ვხედავ, თითქმის ცრემლი მომდის. მაგრამ ჩემი მოვალეობა მიკარნახებს ზოგჯერ გული გავიმკაცრო, გავიმძაფრო. აი, ეხლაც ასე ვიქცევი. გეუბნები: შენ რომ პირნათლად შეგესრულებინა დედის ვალი, შეიძლება ჯუანშერი ეხლაც ცოცხალი გყოლოდა. – ვაი მე, უბედურს, ვაი მე! – ჰკვნესის დედა. – ნუ შეშინდი, გამაგრდი! სიმართლეს მონელება უნდა, შენ კი მხდალივით გაექეცი მას. პირველად შენვე უმალ შეიგენი შენი ბრალი და ასე მოისაზრე: ან უნდა თავი მოვიკლა, ან კიდევ… ან ჯუანშერი არ მომკვდარაო. თავის მოკვლა ვერ გაჰბედე. ეს შენვე მითხარი. მართალს ვამბობ თუ არა? – ვერ გავბედე. – ოხრავს სიდონია. – მადლობა ღმერთს, რომ ვერ გაჰბედე. ეგ სულმდაბალთა ბედია. მაგრამ შენ უარეს გზას დაადექი. შენი თავი დააჯერე და სხვებსაც აჯერებ – შვილი არ მომკვდომიაო. ის კი აღარ იფიქრე, რომ შენი თავი მთელ ქვეყანას მასხარად ააგდებინე. – მასხარად?! – ჰგმინავს სიდონია. – დიაღ, დიაღ! ყველა დაგცინის, მასხარად გიგდებს. – ვაი ჩემი ბრალი! – სჩივის შელახულ თავმოყვარეობას ქალი. – გარდა ამისა, სიდონი, შენისთანა დანაშაული ას მილიონ დედას ჩაუდენია. – მართალია, მეც გამიგონია. – ეჭიდება სანუგეშოს ბრალდებული. – მაგრამ არც თავი მოუკლავს ვინმეს, არც შენსავით ახირებულა. – მაშ… – ეძებს ახალ სანუგეშოს დამნაშავე დედა. – ეხლავე გეტყვი, შენ დაგავიწყდა, სიდონი, რომ ორი გზის გარდა არსებობს მესამე გზაც. – რომელი? – თითქო ძილში ბუტბუტებს დედაკაცი. – ნამდვილში ეს მესამე გზა ერთად-ერთი გზა არის, და ამ გზით მიდიან დედები, უკლებლივ ყველანი. გაიგონე და დაიხსომე: დედას რომ შვილი მოუკვდება, დამარხავს, იტირებს, იგლოვებს და შემდეგ ისევ თავის გზით წავა. მეკითხები, რომელი გზითო? ამასაც გეტყვი: ამ ქვეყნად პირმშოს სიყვარულის გარდა არსებობს მოვალეობაც. – რის ვის წინაშე?– ძლივს-ღა ესმის ექიმს. – მოვალეობა წინაშე ქმრისა, მშობლებისა, დანარჩენ შვილებისა, სამშობლოსი და მომავალ თაობისა, გაიგე?.. გესმის? – მესმის… გავიგე. – ეხლა სთქვი, გწამს, თუ არა ეს მოვალეობა? სიდონია სდუმს. – ჰგრძნობ თუ არა, სიდონი, ამ მოვალეობას? სიდონიამ თავი დაჰხარა. ერთ წერტილს ჩააცივდა და წაილუღლუღა: – ვგრძნობ… წინაშე ჩემი ჯუანშერისა. – და ისევ ოცნების მდინარეს მისცა თავი: – ჩემი ჯუანი… ბიჭი… ბიჭიკო… ბაღი… ზამბახებს… თეთრი კურდღელი… ცხელა, ძალიან ცხელა.. მზემ არ დაჰკრას… თეთრი ყვავილები… თეთრი ზამბახები…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი