კურდღელი (თავი მერვე)


დორაშვილს ისევ სიდონიას მაჯა უჭირავს, ხოლო მეორე ხელი თავზე აქვს დადებული და ცდილობს გაღმა გასულს ხმა მისცეს:

– ყური მიგდე, სიდონი!

– თეთრი ზამბახები… თეთრი კურდღელი…

– ყური მიგდე მეთქი, სიდონი! გაიგე, დაიჯერე, შენი ჯუანშერი მოკვდა! მოკვდა!!

სიდონია ყურს იყრუებს, პროფესორი კი დაჟინებით აბავს ერთმანერთს შეცნობისა და ქვეშეცნობის ქვეყნებს და ჰლამობს გაღმელი ისევ გამოღმა გამოიყვანოს:

– შენი შვილი მოკვდა მეთქი!! ეს შენც იცი, ძალიან კარგად იცი! – უტკეპნის გონებას ექიმი. – ბრალი რომ შენც გედება, ესეც იცი! კარგად იცი!! მაგრამ – ინუგეშე თავი – მარტო შენ არა ხარ დამნაშავე. შენ ბიძინამ წაგიყვანა ბაკურიანში.

– ბიძინამ… ბიძამ… დავბრუნდეთ, ბიძი, თორემ ჯუანი ავად არის…

– ბიძინამ მოგატყუა, განგებ დაგაგვიანა! გაიგე? ბიძინამ დაგაგვიანა მეთქი! მაშ, ბრალი ბიძინასაც ედება!

– ბიძინას ბრალია, ბიძინასი, – უხარიან სიდონიას.

– უფრო იმისია, იმისი!.. გაგაბრიყვა! წაგიყვანა! დაგაგვიანა!..

ამიტომ სინიდისი გიმსუბუქდება… ამიტომ ნუღარ კერპობ! თვალები გაახილე და აღიარე, რომ შენი შვილი მოკვდა! მოკვდა! მოკვდა!!

– მოკვდა. – თითქო თანახმაა სიდონიაც. – მოკვდა… იმანაც მითხრა, ბიძინამ.

– როდის? სად? – უკვირს ექიმს.

– რამდენჯერმე… თავის ოთახში. ძალით წამიყვანა… არ მინდოდა. არც ეხლა მინდა, ბიძი!.. გამანებე თავი, ფუჰ, რა საძაგელი ვინმე ხარ!.. ეს უკანასკნელი იყოს. ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება. შენი ბრალია ჯუანის სიკვდილი, შენი! საზიზღარო! სალახანავ!

– მერმე, მერმე, რა გითხრა?

– თავი ჩაჰქინდრა, დარდმა მოიცვა… მე კი წამოვედი.

– გიყვარს ბიძინა, სიდონი?

– მაინც მიყვარს… რადგან ვიღაც უნდა მიყვარდეს… არ მესმის, როგორა სძლებენ უსიყვარულოდ… მიყვარს ბიძინა და ჯუანი.

– გაიგე, სიდონი, ჯუანი მოკვდა მეთქი! მოკვდა! მოკვდა! გაიგე. შეიგნე, თვალი გაახილე!

სიდონია თვალებს ახელს, გაოცებით აცეცებს და თავის გვერდით მჯდომ ექიმს ეკვრის, თითქმის ეხუტება და ჩვილი ხმით იცრემლება:

– ფრიდონ, ძია ფრიდონ! მიშველე, დამიფარე…

– რისგან, ვისგან, სიდონი?

– მტანჯავენ, მაწვალებენ…

– სთქვი, ვინა გტანჯავს, რა გაწუხებს?

– ბრალი… ჩემი და სხვისი ბრალი… და ისიც, ისიც.
– რის ბრალი, ქალო? ან სხვისი ბრალი შენ რად გაწუხებს?.. ამოიღე ხმა. გამაგებინე!

– ისა მტანჯავს… ბრალი იმისია, მე კი ვიტანჯები. არ მასვენებს, აქამდე დამდევს… ზოგჯერ აქაც მოდის, ზოგჯერ ქუჩაში მხვდება. მძულს, მეზიზღება, მაგრამ ვერც მე ვძლებ უიმისოდ. დამიფარეთ… მიშველეთ…

და საფრად ექიმის მკერდს ხმარობს, ხელებს მკერდსა და მხარ-ბეჭზე უფათურებს, ელამუნება.

– მითხარი, ქალო, სახელი მითხარი მეთქი!

– სახელი? ჰო, მართლა… სახელი. – თითქო გონზე მოდის, ზეზე დგება და თმებს ისწორებს. მერმე სევდით აცხადებს: – ვერა, ძია ფრიდონ, თქვენ ვერ მიშველით.

ექიმიც წამოდგა. გაიარა.

მუდამ, როცა დორაშვილი სიდონიას გულს თითქმის გახსნიდა, მღვრიე ნაკადივით ვიღაც მესამე შემოიჭრებოდა, ხელს შეუშლიდა. მხოლოდ დღეს, მესამე თვის დამლევს, შემთხვევით გაიგო მისი ვინაობა. ვიღაც სტუდენტია – ბიძინა.

მარტო სიდონია რომ ჰყოლოდა, მქეჯნავთან ბრძოლას გაუადვილებდა, შვილის სიკვდილს აღიარებინებდა, ეხლა კი ვიღაც მესამე უხლართავს გზებს და გავლენით ექიმს ეცილება.

– სიდონი, რაკი არ მენდობი, ჩემი აქ მოსვლაც მეტი ყოფილა. მე წავალ, მშვიდობით იყავი.

– მართლა მიდიხართ?! – უმალ მობრუნდა და გაცოცხლდა სიდონია. – ძია ფრიდონ, დაიცადეთ. იქნება გაწყენინეთ რამე? მაპატიეთ, ძია, მაპატიეთ.

– არაფერი მწყენია, სიდონი… ოღონდ თავი უნდა დაანებო იმას.

– ვის, ძია, ვის?

– შენც იცი. იმას – წეღან რომ სთქვი, მტანჯავსო. თავი დაანებე მეთქი, სიდონი. ქმარიც გყავს, დედაც, შვილიც. მოუარე შენს თავს, პატარა კატოს და ოჯახს, თორემ… მერმე ნუღარავის დააბრალებ.

სარკმელთან იდგა, თითით რაფას აკაკუნებდა და ქუჩას ათვალიერებდა. დარცხვენილი სიდონია თითებს იმტვრევდა, იატაკს ჩასცქეროდა.

ქუჩის გაღმა, ტროტუარზე, ვიღაც ახალგაზრდა იდგა და პაპიროსს აბოლებდა.

– სიდონია, აქ მოდი, რაღაც უნდა გკითხო.

– მკითხეთ. – და ადგილიდან ვერ დაიძრა.

დორაშვილმა ხელში ხელი წაავლო, სარკმელთან მიიყვანა.

– აგერ იმ სახლში, ამ სახლის პირდაპირ, ვინა ცხოვრობს? – და თითით უჩვენა ერთ-სართულიანი პატარა სახლი, და თითი, განგებ თუ უნებურად, იმ ახალგაზრდისკენ გაიშვირა, რომელიც ხეს მიჰბჯენოდა და ისევ პაპიროსს ეწეოდა.

სიდონია შეკრთა. გაშეშებული იდგა მოხიბლულივით და გაღმა წერტილს აშტერდებოდა, თან მკერდით უცნაურად ღელავდა.

– სიდონი, აქეთ მოდი. – თითქმის ძალით მოაშორა სარკმელს და დასვა. – დღეს მე შენი სტუმარი ვარ. რას იტყვი?

– სტუმარი? მართლა, სადილის დრო მოვიდა. ღმერთო ჩემო, მაგაზე მეტი რაღა მინდა! მაგრამ… თქვენი საკადრისი რომ არაფერი მაქვს.

– დამშვიდდი. არც არის საჭირო. მე ჩემი გემო მაქვს. შენ აქ დატრიალდი, მე კი წავალ და ნახევარ საათში დავბრუნდები, ხომ კარგი?

– სიამოვნებით. დიდი სიამოვნებით! – და დატრიალდა: – დედი! დედილო! აბა, დატრიალდი… დაამზადე… გაშალე..

სტუდენტი ტროტუარზე დასეირნობს. დორაშვილმა გვერდით გაუარა და თვალებში ღიმილი ჩაისხა.

სტუდენტმა ქუდი მოუხადა, რადგან პროფესორმა შორიდანვე თვალი დაადგა.

– გამარჯობა, ბიძინა! – და შესდგა – მგონი ბიძინა გქვიან, არა?

– დიაღ, დიაღ, ბიძინა მქვიან.

– გიცნობ, კარგა ხანია გიცნობ. გვარი კი დამავიწყდა.

– მარგიშვილი გახლავართ.

– ბიძინა მარგიშვილი, ბოტანიკოსი ხარ, არა?

– დიაღ, დიაღ. – უფრო ესიამოვნა ბიძინას.

– წამო, ბიძინა, გავიაროთ.

მკლავში მკლავი გაუყარა და წაიყვანა, თან ეუბნებოდა:

– ასეთ შემოდგომას ვერსად ნახავ. სხვაგან ზამთარია. აქ კი, – გაიხედე – სუფთა ცა, აპრილის სითბო და გაზაფხულის მზე.

– დიაღ, სითბო… მზე… გაზაფხული, – უდასტურებს ბიძინა.

ათი წამის შემდაგ კი პროფესორი ეკითხებოდა:

– ჰა, შენ რას იტყვი, ბიძი? ქალი ისტერიული ფსიხოზით არის დაავადებული, ის კი – ვიღაც ახალგაზრდა – აღარ ასვენებს. რას იტყვი მეთქი, ბიძინა, ასეთ ვაჟზე?

ბიძინა იშმუშნება და ბორძიკობს:

– მე მგონია… ყოველ შემთხვევაში… ის ვაჟი რაინდი არ უნდა იყოს.

– მეც აგრე მგონია. – და თვალში თვალს უყრის. მერმე ხაზგასმით ურჩევს: – იმედია, ის ვაჟი ამიერიდან რაინდივით მოიქცევა. მშვიდობით, ბიძინა, მშვიდობით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი