ორი შვილი (თავი პირველი)
– მაიტა ხელი, გავათავოთ, ოცდახუთმეტი! – ორმოცი მეთქი. – ოცდაათიც არა ღირს, გაათავე. – არა ღირს და, შენ შენთვინა, მეც ჩემთვინა. და თევდორემ ცხენი მოაბრუნა. დალალი მეხუთეჯერ მისწვდა აღვირს და მედუქნეს შეუტია: – შენც რას ახირდი, ზაქრო! უწინ ამბობდი, მაგ ცხენში ორმოც თუმანსაც არ დავიშურებო, ეხლა კი რა ღმერთი გიწყრება! მიეცი და გაათავე! – ჯანდაბას შენი თავი, ჩამოდი! თევდორემ ჯერ შვილი ჩამოსვა, უკან რომ ეჯდა ცხენის გავაზე, მერმე თვითონაც ჩამოხტა და ხელი მისცა ზაქროს: – შაგარგოს! შვილივით გამიზრდია, ალალია შენზედაც, ცხენის ყადრი იცი, თორემ სხვას არ მივცემდი. კავშა ცხენი ბოძზე მიაბეს და სამივენი დუქანში შევიდნენ. თევდორეს შვილი კი, პატარა შიო, ცხენთან დარჩა. – მაშ ეხლა ეს ცხენი ჩვენია? – ეკითხებოდა მისი ტოლი ზურაბი, მედუქნის შვილი. – თქვენია. – სინანულით ოხრავს შიო. – რა ცხენია! გავიზრდები, ჩემი იქნება. შიოს ცრემლი მოსდის, ზურაბი კი გარს უვლის თაფლა კვიცს, რომელიც გრძელი კუდით ბუზებს იგერიებს, ნიშა თითქო ნანობს გაყიდვას და თეთრწინდიან ფეხებს ინაცვლის. დუქანში კი ნასყიდობის ბარათს სწერდნენ და ჩარექიანებს სცლიდნენ. მზე შუბის წვერზე დავიდა, როცა სამივენი გამოვიდნენ. თევდორე დიდზვარელმა ორმოცი თუმანი ჩაილაგა უბეში. დალალმა თუმნიანი დაჭმუჭნა და ბუზღუნით პირი ჰქნა სოფლისაკენ. – აბა, მშვიდობით იყავით, შაგარგოს. ვინძლო გაუფრთხილდე. – ეუბნებოდა ცხენის ნაპატროვენი მედუქნეს. – შვილივით გამიზრდია, თქვენც მოუარეთ. – გაგიმარჯოს. აგაშენოს. არხეინად იყავი, მეც შვილივით მოვუვლი. თევდორე კვიცს კისერზე ეხვევა, თავზე ხელს უსვამს, რაღაცას ბურტყუნებს – თითქო ბოდიშს იხდის გაყიდვისათვის, ემშვიდობებაო, – და ნამტირალები შვილი ხელით მიჰყავს. მედუქნე ზაქრო კი თვალებით ჰბურღავს მიმავალს, ცალის ხელით ულვაშებს იწიწკნის და აზრით რაღაცას თუ ვიღაცას ეჭიდება. უცებ მოტრიალდა, თავი ჩაიქნია, თითქოს ის აზრი მოერია ან თვითონ დასძლიაო მას: – დედაკაცო! ბნელ კარებში მისი ცოლი ნატო გამოჩნდა – თვითონაც გარუჯულ კარებივით შავი, უნჯი, ხმელი და ქმარივით მაღალი, პირუკმეხი, ძვლებისა და ძარღვებისაგან ნაქსოვი. – იქნება დავიგვიანო. – კედელს ეტყვის ზაქარია და იქიდან ხანჯალ-რევოლვერს ჩამოხსნის. – ცხენს უპატრონე. დუქანზედაც თვალი გეჭიროს. დედაკაცი ხმას არ გასცემს, გაბრუნდება. ზაქრო კი გზას გადასჭრის, ღობეს ჩასტეხავს და ვენახს დათვივით შეერევა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი