ორი შვილი (თავი მეორე)
ზაქარია მედუქნემ თევდორეს მეტი მისცა. თვლაში შესცდა, სამი თუმანი გადააყოლა. იმ თუმნიანებს გზაზედ ხომ არ პოულობს! ამ ხნის კაცი რიჟრაჟიდან შუაღამემდის ფეხზე სდგას: ყბედობს, გვის, ვაჭრობს, ხარშავს, რეცხავს და ალაგებს. როცა ეტირება – იცინის, თუ ეცინება – ტირის, როგორც მუშტარს შეეხამება. ზოგჯერ აბაზის მოსაგებად, მუშტარი რომ არ დააფრთხოს, ორ საათს მასხრობს, ან ბიჭივით ტრილებს. აბაზს აბაზი ედება, მანეთს მანეთი მოსდევს, თუმანი თუმნისაკენ მიილტვის, სიცოცხლე კი მიდის, თითქმის წავიდა, დაიშრიტა. ოცდაათი წელიწადი დალია ამ დუქანში, ჯერ ბიჭად ჰყავდათ, მერმე დახლიდარად, შემდეგ მოზიარედ. ერთ დღეს მისი ამხანაგი ქალაქის გზაზე იპოვნეს გაგუდული. მუღანლოელი თათრები საპატიმროში დაალპეს, ზაქარიას კი მოკლულის წილი, ქამარ-ხანჯალი და გაქონილი ჩოხა-ქურქიც არ ეყო ვალის ასანაზღაურებლად. ზურაბს შველა უნდოდა, თუ მამამ საძირკველი არ შეუმზადა, თუ ათასი თუმანი მაინც არ შეუგროვა, მისი შვილი კაცებში ვერ გაერევა, ადრევე დაიჩაგრება და ჩამორჩება. ამიტომ… ამიტომ თუ იმიტომ… ორმოცი თუმანი გზაზე არ ჰყრია. ამ ორმოც თუმანს, დღეს რომ წამოიღო თევდორემ, ზაქარიამ სამი თვე შესწირა, ამიტომ… აჰა, პაპას ბოგირიც. ბინდიც მოდის. აი აქ, ბუჩქთან წამოწვება, მოუცდის, თევდორე ჯერ არ გაივლიდა. გზა გრძელია, ბილიკი კი მოკლეა, შეისვენებს კიდევაც. სამაგივროდ, სამ თუმანს დაიბრუნებს. წევს და ისვენებს. აგერ თევდორეც მოაბიჯებს. გატეხილი კაცია – თხელი, მოხრილი, დათოვლილი. შვილიც მოსდევს. მიწას დასცქერის და ბუჩქებს წკეპლით ფოთოლს აყრევინებს. ეხლაღა შეამჩნია ზაქარამ: რუსული ქუდი ჰხურავს, ჭრელი ხალათი აცვია და მარჯვენა ლოყაზე გროშის ოდენა ხალი აზის. – გამარჯვება, თევდორე! ორივენი შესდგნენ – შვილიც და მამაც. – ზაქრო, შენა ხარ? აქ რა გინდა, კაცო? – გეტყვი. მოდი, დაჯექი. – ბილიკით წამოხვიდოდი. – ბილიკით წამოვედი, მოდი ნუ გეშინიან. თევდორეს თითქოს ეშინიან. გზაზე სდგას და პირღია შესცქერის. ან როგორ არ შეეშინდეს! ავი კაცია ზაქრო. ცუდი ხმები დადის ირგვლივ. ძალიან ცუდი! – მოდი მეთქი, ნუ გეშინიან. მართლაც და, მგელი ხომ არა ვარ! – მგელი არა ხარ, მაგრამ… მაინც, რამ წამოგიყვანა ამ დროს აქეთა მხარეს? – იმან, რომა… ფული გადაგაყოლე, სამი თუმანი მეტი მოგეცი. – რას ამბობ, კაცო! ე ოხერი სამჯერ არ დავთვალეთ?! – მაინც შევცდი. თუ ვტყუოდე, ის ფული მანდ არა გაქვს? დავთვალოთ. – აქა მაქვს, მაშა!.. დავთვალოთ… ამაზე ადვილი რაღა იქნება… აჰა, შე კაი კაცო. გზას გადაუხვია, ზაქროს გვერდით მიუჯდა და უბეში ხელი ჩაიყო. – აჰა, დავთვალოთ… მაგისთვის როგორ გაწყენინებ, შე კაი კაცო… აი, დავთვალოთ… არამი იყოს ჩემზე, თუ სამ თუმანზე ხელი გავისვარო, – ყლაპავს სიტყვებს თევდორე და ჭრელი ხელსახოცი ამოაქვს უბიდან. – დასთვალე. – ჯერ შენ დასთვალე, – მიმხრჩვალი ხმით უთხრა ზაქრომ და წამოდგა. თევდორე თავჩაღუნული ზის. მწვანე ჭრელ ხელსახოცს შლის, დასტა ფულიდან თითო-თითოს იღებს, ხელსახოცზე სდებს და ხრინწიანი ხმით სთვლის: – ეს… ეს ერთი… ეს ორი… სამი… ოთხი… შვილი წინ უდგა და ფულს ჩასცქერის, მამა კი ქაღალდს ქაღალდზე სდებს და აგრძელებს: – ესეც ხუთი…ექვსი… – თავიდან დაიწყე… – ეუბნება ზაქრო და კიდევ ერთი ნაბიჯით იწევს უკან. – აჰა, შე კაცო, დავიწყოთ… ეს ერთი… ორი… სამი… ესეც ერთი! ორი! სამი! და განიერ ფოლადს თევდორეს გადაღუნულ კისერზე სამჯერ გააქვს კრიალი და ჩახუნი. ბიჭი უმალ ფერდობზე ჩაგორდა და ბუჩქებში შესხლტა, მისმა მამამ კი ჯერ თავი ჩაიქნია, თითქო დასტური მისცაო, მერმე გვერდზე გადავარდა, აფართხალდა. ერთი წუთის შემდეგ ზაქრო იმ კაცის ფეხებში ცხენივით შაება და მარხილივით დაითრია. ბუჩქებში შეაგდო და თვითონაც იმ ბიჭს გამოუდგა. მისდევს, როგორც მგელი კურდღელს, და გახურებულ აზრს მიაქანებს: – დამღუპავს… თუ გამექცა, დამღუპავს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი