როგორ ვმუშაობ


ამ თემაზე-მწერლის მუშაობაზე-ზოგი მწერალი მთელ ტომს დასწერდა.
იგი ძალიან ფართეა და რთული. მას ორი მხარე აქვს: ტექნიკური და ფსიქოლოგიური. წეირს მარტოოდენ ტექნოლოგია არც იმდენად საინტერესოა, ხოლო შემოქმედების ფსიქოლოგია ძალიან ძნელიც არის და მოსაწყენიც. იგი იმიტომ არის ძნელი, რომ შემოქმედების ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება – ისიც ექსპერიმენტალური! – არც კი არსებობს, ხოლო რაც არსებობს – მეტისმეტად ცვალებადია, დაუდეგარი და ჭრელი. შემაძრწუნებელია ის დრო, როცა ვინმე ვივი-სექტორი პოეტს ან კომპოზიტორს კეფაზე ახალნაირ აპარატს მიადებს და მისი აზრებისა და ლანდების სურათს გადაიღებს. თუმცა-გულმშვიდად იყავიტ, ხელოვანნო, ასეთი დრო არასოდეს არ დადგება, იმიტომ, რომ ის აპარატი მონადირესავით დააფრთხობს ნადირს – აზრს. ხიბლს, სახეს, ვინაიდან შემოქმედება და სიყვარული მეტიჩარა მეთვალყურეს თანაბრად გაურბიან.
მაგრამ რადგან შემოქმედებაც და მისი ფსიქოლოგიაც მაინც არსებობს, იმიტომ ზოგი ვინმესთვის სასარგებლო იქნება ცალი თვალით მაინც ჩაიხედოსი იმ იდუმალ კოლოფში, სადაც რომანი, პოემა, ოპერა, სურათი ან ქანდაკება მზადდება.
ბედნიერია, ვინც თავისი გზა ჭაბუკობის დროსვე იპოვა. მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: ,,თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. ღოგორ მოგწონთ? ,,მშვენიერი საქმეა” მეც დავეთანხმე და აგრონომობას თავი დავანებე, მაგრამ არც ,,მშვენიერი საქმე” მიკისრია. მე სხვა რამე მაწვალებდა. მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი, ნამდვილად კი წერას და ლიტერატურის შესწავლას შევუდექი და იმ დღიდან ჩემს მწვალებელს აზრებსა და სურათებს ქაღალდზე ვღვრიდი. მართალია, მხატვრულ შემოქმედებას მალე დავანებე თავი და თითქმის ოც წელიწადს ვდუმდი, მაგრამ ამას გვერდს ავუხვევ, ავტობიოგრაფია სხვა დროისთვის იყოს.
იმ დროს მწერლობაში ,,საწყალი კაცი” იკალათებდა და მეც მიმიზიდა. ერთხელ ბაზარში მათხოვარა დავინახე – ჯუჯა, უბადრუკი, მუნჯი, მასხარა. დიდხანს ვსდიე და ვუთვალთვალე. მერმე საღამოს შვიდ საათზე ჩავუჯექი და მეორე დღეს თორმეტ საათზეღა ავდექი. ასე დაიბადა ,,ჩანჩურა”. ეს მოთხრობა ორჯერ გადავწერე და ,,ცნობის ფურცლის” რედაქციას მივუტანე, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ მწერალთა ოჯახში შემიყვანა.
ერთ საწყალს რამდენიმე საწყალი მოჰყვა (,,უპატრონო”, ,,თავდავი0წყება”, ,,მეჩექმე გაბო’’, ,,კურკას ქორწილი’’) და ეს მოტოვი – დაჩაგრული და უბედური – ოცი წლის დუმილის შემდეგაც მრავალჯერ გავიმეორე, შეუძლებელია არ განმეორებულიყო, ვინაიდან მწერლისთვის სიბრალული და თანაგრძნობა იგივეა, რასაც თითები წარმოადგენს ოსტატ მეჩონგურესთვის.
იმ დროს – ჩემი მწერლობის პირველ ხანში – ერთი მოტივიც გამოჩნდა: ”ეშმაკის ქვა” გუსტავ ლებონის “ბრბოს ფსიქოლოგიამ” დამაწერინა, ხოლო “ხალხის სამართალში” აწერილი სურათი ჩემივე თვალით ვნახე ცხინვალში.
რა მასალა უფრო მშველის – ავტობიოგრაფია,დაკვირვება,წიგნი თუ ჩანაწერები?ყველა ერთად ცალ-ცალკე კი არცერთი.ყველაზე უფრო სახიფათო მწიგნობრული მასალაა. თავისუფალი შემოქმედების მაგიერ ბრმა მიმბაძველობა გამოვა. დაკვირვება ერთ დროს კულტად მქონდა გადაქცეული და ძალიან დამეხმარა. პროზაიკოსისთვის იგი ფრტებს უდრის, უამისოდ ვერ გაფრინდება. შესაძლებელია, მან ხალასი ფსიქოლოგიური რამე დასწეროს,მაგრამ ის ვერ შეჰქმის ცოცხალ ტიპს, ვერ დაგვიხატავს პეიზაჟს, ვერ დაგვანახებს სულიერ-უსულო საგნების ურთიერთობას, ე.ი. ბუნებას, სიცოცხლეს, ცხოვრებას. მისი დანიშნულება კი სწორედაც ეს არის და სხვა არაფერი. მან უნდა გვაჩვენოს და დაგვანახოს ხოლო მსჯელობა, აღწერა და საუბარი სხვებს უნდა დაუთმოს, ვისაც დაკვირვების მარაგი არა აქვს, ის ვერც ვერაფერს გვაჩვენებს.
დაკვირვება და ავტობიოგრაფია განუყრელად არის ერთმანეთში ჩახლართული. განცდილი და საკუთარი თვალით ნანახი ისევე არა ჰგავს მოგონილს, როგორც სულიერი უსულოს. ადამიანის ორი მესამედი სითხეა, ხოლო ერთი მესამედი ცხიმია, ცილა, კირი, შაქარი და რკინა, მაგრამ ეს ელემენტები რომ შეაერთოთ, ადამიანი მაინც არ გამოვა. ჰომუნკულმა და პერპეტუმ-მობილემ ასიათასობით გააგიჟა მეცნიერიც და არამეცნიერიც, ხოლო ნაძალადევად მოგონილმა მასალამ ამდენივე “მწერალი” დაასამარა და ზოგი უდავოდ დიდი მწერალიც დაამარცხა. ჩოცხალ ადამიანს სითხეც აქვს, რკინაც, კირიც დაკიდევ ის “რაღაცა”, რაც “ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”. ყველას შეუძლია რაღაცა ამბავი მოიგონოს, მაგრამ თუ მას ეს “რაღაცა” – განცდილი და ნანახი – არ ახლავს, უსულო ფაბულა და ხერხები იმ თილისმურ ქმნილებად ვერ გადაიქცავა, რომელიც თვითონაც ჰფეთქავს, ჯადოსნობს და ჩვენც გვათრთოლებს და გვაჯადოებს, მაგრამ ნუ გგონიათ თითქოს ეს ყოფილიყოს უმთავრესი და საკმარისი. უკლებლივ ყველას გადაჰხდენია რაღაც ამბავი, რაღაც განუცდია და რაღაც უნახავს, მაგრამ ყველა მწერლად არ ივარგებს. მწერალს და საერთოდ შემოქმედს ბევრი ისეთი რამე სჭირდება, რაც უკვე იცის მეცნიერებამ, და ერთი ისეთი რამეც, რაიც ჯერჯერობით უძლეველია და მიუგნებელი.
ერთი მხრივ მე ბედნიერი მწერალი ვარ: ძალიან ბევრი მივლია, მინახია, განმიცდია და გამიგონია, ამიტომ ავტობიოგრაფიული დუღაბი საკმაოდ მომეპოვება.
ცოდნაც არა კმარა. მარტო მწიგნობრული განათლება მცოდნეს გამოიყვანს, მაგრამ განათლებულ მწერალს ვერ შეგვიმზადებს. მარტო ცოდნა, ნამეტანი კი დიდი ცოდნა მწერალს ზოგჯერ ხიფათსაც უმზადებს. თენი სწერს: “პოეტისთვის ძალიან სახიფათოა თავის ხელობის ზედმიწევნით ცოდნა, რადგან ის პოეზიაში რადგან ის პოეზიაში ხელოვანი კი არა, ხელოსანი იქნება”. იგივე აზრი ტენზე უფრო ადრე გოეთემ გამოსთქვა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მარტო წიგნი და კარჩაკეტილობა პატიმრობას უდრის-მეთქი. მწერალმა, ნამეტან კი პროზაიკოსმა, ბევრი უნდა იმოგზაუროს, რათა ყველაფერი ნახოს, განიცადოს, გაიგოს, მოისმინოს და შეისრუტოს, თორემ ვისაც ბევრი არა მიუღია რა, ის ბევრს ვერც მოგვცემს.
პროტოტიპი ძლიერ ეხმარება მწერალს. თუ მას თვალწინ ცოცხალი ნაცნობი უდგია, მისი ტიპიც ცოცხალი გამოვა. მაგრამ პორტრეტის დახატვა არა კმარა. მწერალი მას თავისებურად გარდაქმნის, ზოგ რამეს მიუმატებს, ზოგსაც დააკლებს და ისეთ ვინმეს გამოიყვანს, რომელიც კიდეცა ჰგავს დედანს და არცა ჰგავს.; ასე იქმნება სინტეტური ტიპი. ,,ჩანჩურა” ცოცხალი ვნახე-მეთქი. ვნახე მეჩექმე გაბოც, კურკაც, ლამბალოც, ყაშიც, აბდულაც. კვაჭი მრავალჯერ შემხვედრია, ჩემთვისაც გაუკრავს მას კლანჭი. ის ნარევი ტიპია.
ჯაყო სულ სხვანაირად წარმოიშვა. 30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდა –ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი, ამავე დროს მარდი და მოხერხებული. მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟინერმა ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი გვიამბო: ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა.
– გამარჯვება, ჯაყო!
– კნეინას გახლავარ.
– რასა იქმ, როგორა ხარ?
– ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე.
– ცოლ-შვილი როგორა გყავს?
– სულ კარგათა ხართ, გენაცვალე.
– რამდენი შვილი გყავს, ჯაყო?
– თორმეტი გყავს, გენაცვალე მაგ თვალებშია.
– როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო?
– მაშა, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! – მიუგო ნაყმევმა.
უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე უფრო მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთზე მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ-ერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამოეჭრა. აი ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი.
არსენას ტიპის ასახვის დროს ჩემი ბიძაშვილი ბაგრატ ბურნაძე მედგა თვალწინ. ღვთისავარი პაპაჩემი ანდრო ბურნაძეა. ლაცაიძე თავადი მელიქი შვილის მზარეული სანდროა. მოგონილი ტიპი მშრალი გამოდის, პროტოტიპად გადმოღებულს კი მეტი სიცოცხლე ეტყობა.
მეკითხებით, პირველ იმპულსს რა გაძლევთ, – გაგონილი ამბავი, დაკვეთა, სახე თუ სხვა რამეო? გიპასუხებთ; ერთიც, მეორეც, მესამეც. ,,თავდავიწყება” (ეკა) სვ. ყიფიანმა მიამბო, ,,ტყის კაცი” – პაოლო იაშვილმა, ,,ორი განაჩენი” – შოთა დადიანმა, ,,მართალი აბდულაჰ” –სანდრო შანშიაშვილმა, ,,თეთრი კურდღელი’ – პროფ. ასათიანმა, სხვებისგანაც ბევრი რამ მოვისმინე და აქა-იქ რომანებსა და მოთხრობებში გავფანტე. ყველას და ყველაფერს ვერ მოვიგონებ. წესად დავიდე და დღემდე ვასრულებ: თითქმის ყოველდღე რაღაც უნდა ჩავიწერო – სიტყვა, სახე, თქმა, ამბავი, წვრილმანი და მსხვილმანიც. ზოგი ყურმოკრულია, ზოგი თვალმოკრული და ზოგიც მოგონილი. ეს მასალა – გაგონილი და მოგონილი – შემოქმედების ლაბორატორიაში იხარშება, მუშავდება და ბოლოს ისეთი რამე გამოდის, რასაც ზოგჯერ თვითონ ავტორიც ძლივს იცნობს ხოლმე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი