მოჰკლეს პოეტი (ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე)
უღვთო იყო შენი სიკვდილი! კალამი მითრის… ენა მებმის… აზრი მერევა. ტყვიით განგმირეს მღცოვანი გული მღცოვანის პოეტისა და გვამი მისი დააგდეს მტვრიან შარაგზაზე. განგმირეს ის გული, რომელიც ნახევარ საუკუნის განმავლობაში ჩვენთვის იღწვოდა ღვთაებრივ ცეცხლის ალზე, ჩვენთვის თრთოდა და ჩვენთვის ფეთქავდა. მოჰკლეს პოეტი, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში თავის კისრით ატარებდა ქართულ ლიტერატურას, რომელმაც შეჰქმნა ქართული ენა, ქართული პრესა, ქართული მწერლობა. მოჰკლეს და შარაგზაზე დააგდეს ის ილია რომელიც 40 წლის განმავლობაში ბატონობდა ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებას, საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ეროვნულ იდეას. მოჰკლეს და ტყეს შეაფარეს და საუკუნოდ შერცხვენილი თავი, თითქო იმ ტყეს შეეძლოს მათი პირისახიდან ჩირქის ჩამორეცხა, თითქო მას შეეძლოს მათი დამალვა და თითქო იქ კი არ დაუხვდებათ სამარცხვინო ბოძი, რომელხედაც ცეცხლის ასოებით ეწერება: “ამ ნაძირლებმა მოჰკლეს პოეტი!” ვის ან რად უნდოდა ბრძოლაში დაფლეთილი გული პოეტისა, რად უნდოდა მისი დაღლილ-დაქანცული სული და ჯანგამოლეული სხეული? ბრძოლის ველიდან გასულ მეომარს, დატანჯულსა და დაქანცულ პოეტს უფლება ჰქონდა მშვიდად დაელია თავისი სიცოცხლე, დაესვენებინა დაიარავებული სხეული და სიბერეში მაინც აენაზღაურებინა ის დანაკლისი სულიერ მშვიდობიანობისა რომელიც ახალგაზრდობაში მსხვერპლად მიუტანა საზოგადოებრივ მოღვაწეობისა და ქართულ ლიტერატურის საკურთხეველს. მაგრამ ავ სულს შეჰშურდა მისი მშვიდობა და ისედაც მოწამლული სული აწამა და ჯვარს აცვა. ვინ იყვნენ ის უმეცარი და უგუნურნი ბარბაროსები? ვინ აღმართა მახვილი პოეტის წინააღმდეგ! ვინ მოუშხამა უკანასკნელი წუთები მოშხამული სიცოცხლისა? არავინ არაფერი არ იცის: დაუხვდნენ შარაგზაზე, გაუგმირეს გული, აქვე დააგდეს მისი გვამი და ტყეს შეაფარეს თავი. ცხადია მხოლოდ ის რომ პოეტის მკვლელები დაიბადნენ ბნელი რეაქციის უფსკრულში. საზოგადოებრივი აღფრთოვანება შეიცვალა საზოგადოებრივ დაღლილობაზე, ზნეობრივი ნორმები – თავგასულ ავაზაკობაზე, უფლება – ძალაზე, ხოლო გუშინდელი ბრძოლის ველი, რომელიც გაჟღენთილია თავგანწირულ წმინდათა სისხლით, დღეს ხელში ჩაუვარდათ, ტყის ნადირებსა და ავაზაკებს. ღამის წყვდიადში ტყეებიდან და სოროებიდან გამოილალნენ ტურები და მგელკაცები და დაერივნენ ყველას, ვინც ახლო-მახლო მოჰხვდათ. იმსხვერპლეს რამდენიმე მოღვაწე და ეხლა არც მხცოვანი პოეტი დაინდეს. მისმა ცხოვანმა მკერდმა, ლიტერატურულ ისრებსა და შურდულებს ნაჩვევმა მკერდმა, ცხელი ტყვიაც მიიღო და სამუდამოდ გააცივა დღემდის ძალუმად მფეთქავი და ღვთაებრივი აღგზნებული გული. მოკვდა პოეტი! მოკვდა სხეული, მაგრამ არ მომკვდარა მისი სხეული და დიდება და რაც მოკვდება იმდრომდის, სანამ სძგერს გული ქართველისა, სანამ არსებობს თვითონ ქართველი, სანამ არსებობს მისი ენა, ილიასაგან გაფაქიზებული და ქართული კალამი და წიგნი ილიასაგანვე განმტკიცებული და გასუფთავებული. მცხოვანო პოეტო! “უღვთო იყო შენი სიკვდილი!’
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი