მთავრობა


წინა წერილში მე ვთქვი, რომ მშრომელ გლეხობას ბევრი დამჩაგვრელი ჰყავს მეთქი. გლეხებს სჩაგრავს და იბრიყვებს პოლიცია, მთავრობა, მემამულე და ძალიან ხშირად ისეთი გლეხებიც, რომლებსაც ჯიბე გაუსქელებიათ და თავის სუსტ მოძმეს სულს უხუთავენ.

დავიწყოთ თავიდან.

რა არის და რისთვის არის მოგონილი პოლიცია? ვინ დაუყენა ხალხს ბოქაული, ჩაფარი, გუბერნატორი და მამასახლისი? რას აკეთებ, ან ვის ემსახურებიან ეს მუქთახორა ავაზაკები? პოლიცია იმისთვის არის მოგონილი, რომ მდიდრებს მშრომელ ხალხის გაყვლეფაში ხელი გაუმართოს და, თუ გაჭირდება, იარაღით მიეშველოს. ბოქაულები, ჩაფრები, გზირები, მამასახლისებისა და ამისთანა წურბელები ხალხს მოახვია მთავრობამ, მინისტრებმა, მეფემ, რომელნიც ყურმოჭრილი მონები არიან მდიდარ მემამულეებისა და ვაჭრებისა. ყველანი ემსახურებიან სიმდიდრეს, ყველას უნდა გამდიდრება, მაგრამ პატიოსან შრომით შეუძლებელია გამდიდრება, ამიტომ გველაძუებმა და გაქნილებმა ასეთი ხერხი მოიგონეს: ხალხი უგუნურია, ბოროტია, უჭკუოა და არ იცის რა არის მისთვის სასარგებლო და რა არაო. ამიტომ ხალხს პატრონობა და ყურისგდება უნდაო. პატრონად ხალხს დაუყენეს მეფე, თვითონ კი ამ მეფეს გარს შემოეხვივნენ და ხალხის ოფლითა და სისხლით დაიწყეს ცხოვრება, პარპაში და ფუფუნება.

ვინ არის მეფე?

ჩვენი მეფე არის ყველაზე მდიდარი კაცი მთელ ქვეყანაზე. მარტო იმას და იმის ოციოდე ნათესავს მთელ რუსეთში აქვს სამოცი მილიონი დესეტინა მიწა, ე.ი, ათჯერ მეტი მთელ საქართველოზე. წელიწადში შემოდის რამოდენიმე ათეული მილიონი მანეთი, აქვს აუარებელი სასახლე, ბაღები, ვენახები და სხვა. მაგრამ მეფე ამას არ კმარობს და წელიწადში ხაზინიდან 14 მილიონ მანეთს იღებს. ზოგი იტყვის, მეფე მდრიდრულად უნდა ცხოვრობდესო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ორ-სამ მილიონით არ შეიძლება? ძალიან კარგად შეიძლება, მაგრამ საქმე ამაში არ არის, საქმე ის არის, საიდან იშოვა მეფემ ამოდენა სიმდიდრე? საიდან და ხალხის ზურგიდან, ხალხის ოფლიდან, ხალხის ნამუშევრიდან, აბა სად არის სამართალი: რაც ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, გურიისა და სამეგრელოს გლეხობას მიწა აქვს!

მაგრამ ამოდენა მიწა განა მარტო მეფეს აქვს? სულაც არა! მეფესთანა მდიდარი არავინ არის, მაგრამ იმისთანა კი რამდენიმე ასი ათასია, რომელთაც აუარებელი მამული და სიმდიდრე აქვთ. მშრომელი ხალხი ამ უსამართლობას ხედავს, მაგრამ ჯერჯერობით ეს უსამართლობა ვერ მოუსპია.

რატომ, რა ამბავია?

ის ამბავია, რომ ვინც ასეთ უსამართლობას არ დაემორჩილება, ვინც თვითონ თვალს აახელს და სხვებსაც ასწავლის რამეს, ვინც მოინდომებს ასეთ უსამართლობის მოსპობას, მას მაშინვე თავზე მოახვევენ ჩაფლებს, ბოქაულებს, მთელ პოლიციას, სასამართლოს და ან ციხეში ჩასვამენ, ან ციმბირში გადაასახლებენ, ან სახრჩობელაზე აგზავნიან. მერე რათა შვრება ამას მთავრობა? იმიტომ რომ ის თავის თავსა მუქთახორა მდიდრებს იცავს და უყარაულებს. მერე რა შუაშია აქ მეფეო, იკითხავს ვინმე. როგორ არ არის შუაში! მეფე ბელადია, მეთაურია, წინამძღვარია მთავრობისა და ყველაფერი, რასაც მთავრობა სჩადის, მეფის თანხლებით ხდება. განა მეფემ არ იცის, რომ მთავრობა ხალხის ფულს ფლანგავს? განა მეფემ არ იცის, რომ მთავრობა ხალხს უზომოდ სტანჯავს, იკლებს, აწიოკებს და აოხრებს, განა მეფემ არ იცის, რომ წრეულს მთელი საქართველო გადასწევს და მიწასთან გაასწორებს? როგორ არ იცის! ძალიან კარგად იცის, მშვენიერად იცის! მერე რას ამბობს, რას შვრება? აჯილდოვებს, აქებს და თავზე ხელს უსვამს ამ მთავრობას. მაშასადამე, მეფე მათი მომხრე ყოფილა. ან რატომ არ იქნება მათი მომხრე, როცა ისინი მეფესა და იმისთანა მდიდრებს ემსახურებიან! ერთგულ მონას და მოსამსახურეს ქება და საჩუქარი უნდა, თორემ ტყუილუბრალოდ არავინ არ მოინდომებს სამსახურსა და მუშაობას. მეფის პირველი მოსამსახურები არიან მინისტრები და სენატორები. მინისტრებს მოსდევს გუბერნატორები, გუბერნატორებს – მაზრის უფროსები, მაზრის უფროსებს – ბოქაულები, ბოქაულებს – მამასახლისები, მამასახლისებს – გზირები, ხოლო გზირებზე ქვევით სდგას ას ორმოცი მილიონი ხალხი, რომელიც მუშაობს და ოფლსა ღვრის ერთი მუჭა მთავრობისთვის და მდიდრებისთვის.

მაგრამ მთავრობა მარტო მინისტრებისგან და გზირებისაგან არ შესდგება. მთავრობის მარჯვენა ხელს შეადგენს სასამართლო და სამღვდელოება. სასამართლო იმიტომ არის გაჩენილი, რომ მართალი და მტყუანი გაარჩიოს, ძლიერს სუსტი არ დააჩაგვრინოს და ყველგან და ყველაფერში სიმართლე დაიცვას. მაგრამ ვის იცავს ეხლანდელი სასამართლო, მართალსა თუ მტყუანს? ძლიერსა თუ სუსტს? მდიდარს თუ ღარიბს? ყველამ კარგად ვიცით, ვისაც ემსახურება და ვისაც იცავს ეხლანდელი სასამართლო. ათასი მართალი იყოს ღარიბი და ათასი მტყუანი იყოს მდიდარი, სულ ერთია, სასამართლო მაინც მდიდარს გაამართლებს და ღარიბს გაამტყუნებს. საცა უფალია, საცა ძალაა, სამართალიც იმის მიმხრეა. სად შეუძლიან ღარიბ-ღატაკს სასამართლოში მთელი წლობით სიარული, ვექილების დაჭერა და აუარებელ ფულის დახარჯვა? მდიდარი კი ფულით ყველაფერს გააკეთებს. მისცემს ფულს ვექილებს და ისინი მოუვლიან იმის საქმეს. ეს ყველას გამოგვიცდია და ყველამ კარგად ვიცით რომ სამართალი ფულით ისყიდება, ფული კი მარტო მდიდრებს აქვთ, მოსამართლე კი მდიდრების მსახურია და აბა როგორ გაბედავს თავის ბატონის გამტყუნებას და გაჯავრებას? მაგრამ სასამართლო არაფერია სამღვდელოებასთან შედარებით. ჩვენი მღვდლები, ეპისკოპოსები და ყველანი, ვინც ანაფორას ატარებენ, მთავრობის ყურმოჭრილი მონები არიან. ამათზე ორპირი, ორგული, გამყიდველი, ცრუ და მატყუარა ხალხი ჯერ ქვეყანაზე არ გაჩენილა, ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო მღვდლებზე, მაგრამ ეს შემდეგისთვის გადავდოთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი