გლეხის წერილები


იმ წინაზე დაგპირდით, შემდეგ წერილში მღვდლებზე და ბერებზე მოგელაპარაკებით მეთქი.

მღვდელს რომ ჰკითხო, ის ქრისტეს მოციქულია ამ ქვეყნად, ის ამბობს, ეკლესია და სარწმუნოება ხალხს სულიერ საზრდოს აძლევს და ამ ქვეყნად სიყვარულსა და ერთობას ქადაგებსო.

ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ეხლანდელი ეკლესია და სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურეა და ყველაფერში ისე იქცევა, როგორც მთავრობა უბრძანებს. მთავრობა სარგებლობს ხალხის გაუნათლებლობით, რწმებით და ცდილობს, რომ ხალხმა მხოლოდ საიქიოზე იფიქროს და იზრუნოს, სააქაოზე კი შენს მაგივრად მე ვიფიქრებო. ასე ამბობს მთავრობა, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით მისი ზრუნვა. მთავრობა ტყუილუბრალოდ ფლანგავს ხალხის ფულს ძვირფას ეკლესიების აშენებაზე. რუსეთში ბევრია ისეთი ეკლესია, რომელიც რამდენიმე მილიონი დაჯდა.
ტფილისში, გოლოვინის პროსპექტზე რომ სობოროა აშენებული, ის ნახევარი მილიონი ღირს. მაგრამ ვკითხოთ ერთი ამ ეკლესიების ამშენებლებს, რათ უნდათ მარმარილოს კედლები, ძვირფასი თვლებით მოჭედილი ხატები, ოქროს ბარძიმ–ფეხშუმები და სახარება?

განა ქრისტე ასეთ ძვირფას შენობაში ლოცულობდა?

რათ უნდათ მღვდლებს ათას და ათი ათას მანეთიანი სამოსელი?

განა ქრისტეს ისე უბრალოდ არ ეცვა, როგორც ყველას?

მღვდლებს რომ კითხო, ძვირფასი მორთულობა და ძვირფასი ეკლესია მლოცველს სასოებას უმატებსო.

ჩემი აზრით ეს ფართი–ფურთი, ბრჭყვიალა ზიზილ–პიპილოები და ძვირფასი მორთულობა ხალხის თვალის მოსატაცებლად არის მოგონილი.

აი ამაზე ხარჯავენ წვითა და დაგვით შეგროვილ ხალხის ფულს.

არქიელები და დიდრონი მღვდლები წელიწადში რამდენიმე ათას მანეთს იღებენ, მშვენიერ სასახლეებში ცხოვრობენ და ძვირფას ეტლებით დადიან.

ერთი ჰკითხეთ, ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი?

ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამ სართულიან სახლებში, როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე, როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით?

ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ აბა ერთი მიდი იმასთან და შველა სთხოვე? ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალ ცხოვრებით განუგეშებთ.

საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან, მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს?

დღეს ყველაფერი იყიდება: პური, ღვინო, საცმელი, საჭმელი, თივა, ქერი, მარილი, ლოცვა, კურთხევა, პანაშვიდი, პარაკლისი და წირვა.

თუ მღვდელს ერთი მანეთი არ მიეცი, პანაშვიდს არ გადაიხდის, თუ თუმანი ან ხუთი მანეთი არ მიეცი, ჯვარს არ დაგწერს, შვილს არ მოგინათლავს, ჭირნახულს არ გიკურთხებს და შენთვის არ ილოცავს.

თუ ბევრი ფული გაქვს, მდიდარი ხარ და ყოველდღე მღვდელს თითო თუმანი აძლიე, დილიდან საღამომდის შენს სულისთვის ილოცავს და ღმერთს თავს მოაბეზრებს. თუ მდიდარი ხარ და მღვდელმა და არქიელმა ყოველდღე შენთვის სწირეს, ღმერთი მათ ლოცვას შეისმენს, ცოდვებს გაპატიებს და საიქიოს სამოთხეში ადგილს დაგიმზადებს.

როგორც ხედავთ, ცხონება და ცოდვების მიტევებაც ფულით იყიდება.

მაგრამ თუ ღარიბი ხარ და მღვდელს ყოველდღე ღმერთს არ შეაბრალებინე შენი ტანჯული და წამებული სული,მაშინ უეჭველად ჯოჯოხეთში შეხვალ.

ასეა ამ ქვეყნად: მდიდრებს ეხლავე ჰპირდებიან ცხონებას, ღარიბებს კი–სულის წაწყმედას.

როგორც ხედავთ, სამღვდელოება მდიდრების მოსამსახურე ყოფილა, რადგან იგი მარტო მდიდრებისათვის და ძლიერებისათვის ლოცულობს.

მაგრამ წეღან ისიც გითხარით, რომ სამღვდელოება მთავრობის მოსამსახურე არის მეთქი.

მთავრობამ აუკრძალა სამღვდელოებას პანაშვიდის გადახდა და ლოცვა იმ კაცისათვის, რომელიც მას არ მოსწონდა. ის აღარ ეკითხება ქრისტესა და მის მოციქულებს მღვდლებს, ღირსია თუ არა ეს ადამიანი ცხონებისაო. ის ბრძანებას იძლევა, აკრძალულიაო. სამღვდელოებაც ემორჩილება მთავრობის ბრძანებას.

მღვდლები მოვალენი არიან არავის აღსარება არ გასცენ, მაგრამ მათ მთავრობისაგან ნაბრძანები აქვთ, გასცენ ის კაცი, რომელიც აღსარებაზე იტყვის, რომ მე მთავრობის წინააღმდეგი ვარო. მღვდლებიც ასრულებენ ამ ბრძანებას, ხოლო ის მღვდელი, რომელიც უფრო ხშირად აბეზღებს აღსარების მთქმელს, ჯილდოს იღებს მთავრობისაგან. მას უფრო კარგ მრევლს აძლევენ და თავზე ხელს უსვამენ.

მღვდელი მთავრობის ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს, მაგრამ თუ გაბედა და გამოაცხადა, რომ მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რომ ეკლესია მთავრობას არ უნდა ემორჩილებოდეს, მას მაშინვე ან გაჰკრიჭავენ, ან სადმე გაგზავნიან “ცოდვების მოსანანიებლად”, ან დაიჭერენ და ციხეში ამოალპობენ.

საქართველოში რამდენიმე მღვდელი დაიჭირეს წრეულს და გაგზავნეს ციმბირში და ვინ იცის კიდევ რამდენს გაგზავნიან!

იცოდეთ,რომ თუ მთავრობამ რომელიმე მღვდელი დაიჭირა, ან დასაჯა, იმ მღვდელს სინდისი კიდევ უნდა ჰქონდეს შერჩენილი. ტყუილ–უბრალოდ მთავრობა მღვდელს არ დაიჭერს, არ გაუწყრება და ანაფორას არ გახდის.

ეხლა მოკლედ გეტყვით, როგორ უნდა მოექცეს ხალხი სამღვდელოებას და ეკლესიას.

ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან.

ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა სრულიად არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიისა და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ არც ეკლესია და არც სამღვდელოება უნდა ცაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნ და შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელში ას კაცს სწამს ღმერთი, ათ კაცს კი არა სწამს. ასმა კაცმა უნდა აირჩიონ მღვდელი და ისე მოაწყონ ეკლესიის საქმე, როგორც მათ უნდათ, ათ ურწმუნო კაცს კი ძალა არ უნდა დაატანონ რწმენაში.

ყველამ ის ღმერთი უნდა ილოცოს, რომელიც მას სწამს, ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც მისი სურვილი იქნება.

მაშ ასე: ჩვენ ვთხოულობთ რწმენის სრულ თავისუფლებას.

ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსაგან და ვუკრძალავთ მთავრობასაც და სამღვდელოებასაც ერთმანეთის საქმეში ჩარევას.

მთავრობა განაგებს სამღვდელოებას, ეკლესიას, სარწმუნოებას, მთავრობა აშენებს ეკლესიებს და მონასტრებს.

მთავრობა ყველას ღმერთის რწმენას, ლოცვას და ეკლესიაში სიარულს უბრძანებს, მაგრამ ამავე მთავრობას არც ღმერთი სწამს, არც ეკლესია, არც სამღვდელოება, არც ლოცვა და არც სულის ცხონება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი