შეჯიბრება საღორიის ტყეში


კვირკობ-მარიობის თვეში
საღორიის უღრან ტყეში,
ნადირთ შორის გაიმართა
პირველობა ჭამა-სმაში.
იმ შეჯიბრზე თავად გახლდით,
თქვენი ტოლი ვიყავ მაშინ,
დაახვავეს სალაფავი,
სასმელი და საყლაპავი,
მოაქვთ გოდრით,
მოაქვთ ურმით:
ყველი,
პური,
ხაჭაპური,
თაფლი - კასრით,
ღვინო - ჭურით,
ვაშლი,
მსხალი,
ხეჭეჭური,
გოგრა,
ნესვი,
კარტოფილი,
წაბლი,
გობზე დაწყობილი.
გამოვიდნენ ფალავნები
ზოგი ძალით,
ზოგი ნებით,
გადმოთელეს სტადიონი,
გადმოთელეს გაზონები,
და ღორები ვიდრე გვერდზე
ვირებს მუცლებს აზომებდნენ,
უცებ ჩართეს წამმზომები.
ერთი, ორი,
ერთი, ორი,
თავს დააცხრა საჭმელს ქორი.
რომ გავარდა უცებ ყვავი,
ყვავი სვავის ნათესავი,
ყვავს ფეხდაფეხ მიჰყვა სვავი,
დათვმა კასრში ჩარგო თავი.
განაბული ყველა ელის,
გაიმარჯვებს შმაგი მგელი.
მაგრამ, ვაგლახ, შეცდა ყველა,
მგელს გაუსწრო წამით მელამ.
ტურამ დანთქა ყველა ჭური,
ბაჭიები მოკვდნენ შურით.
ვაშლის ხარბი
დარბის ზღარბი,
თავის არჩივს
ეძებს მაჩვი.
ერთი, ორი,
ერთი, ორი,
ძლივს მოგლიჯეს საჭმელს
ჯორი.
ვირს დაადგა გასაჭირი,
- მიშველეთო, - ყვირის ვირი.
ვერ აჯობებთ ვერვინ, ვერა,
საჭმელს ძერა
დაეძგერა.
სტადიონზე გრგვინავს ტაში,
ცხენს გაუსკდა ჭამით ფაშვი.
გაბერილი უმი ნიყვით
გაათრიეს გვერდზე ციყვი.
თხა ძროხას და ირემს შველის,
გულწასული გაჰყავთ შველი.
გაუზრდელი, ბრიყვი, ანცი
არვის აცლის
შავი ვაცი,
იცინის და წვერს ივარცხნის,
აბა, განი,
აბა, განი,
გაჰყავთ ვაცი
ხულიგანი.
ერთი, ორი,
ერთი, ორი,
გაინაბა სტადიონი.
ჟრუანტელი უვლის ტანში.
აბა, ტაში,
ჩქარა ტაში,
მეცხრე კასრი მიაქვს ყბაში.
გამარჯვების დასცხეთ მარში,
ერთი, ორი,
არ ჰყავს სწორი,
ჩემპიონი გახდა ღორი.
ასე ყველა ნადირს გზები
მოუჭრა და მოუცელა
და იმ დღიდან დააწესეს
ეს ტიტულიც - ღორმუცელა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი