მგელი,ბატკანი და მურია
ერთხელ ბატკანმა მურიას შეჰკადრა საყვედურია: - რაა, რომ ბატკნებს მგლის შიშით ვერ გვიჭამია პურია?! გაბრაზებულმა მურიამ ხელად იძია შურია, მგლის ლეკვს, ფარეხში შეპარულს, ძირში მოჭამა ყურია. მგლის ლეკვმა დედას შესჩივლა დაკბენილმა და უყურომ: - მურიას მამაძაღლობას როდემდე უნდა უყურო?! შეშინებულმა ძუ მგელმა ატეხა ვაი-ვიშიო, შვილს უთხრა: - ხომ გაგაფრთხილე, გქონდეს ძაღლების შიშიო, ცხვრის გადამკიდე, მაგ ოხრებს, არ უყვართ ჩვენი ჯიშიო. სხვა გზა არ არის, შვილებო, მგლის ჯიშმა დღეის იქეთო, უნდა გვარი და სახელი ძაღლებად გადავიკეთოთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი