ვარაზი


აკაციების რხევით
აღარ მოდიხარ, ქარო,
გაქრა ვარაზის ხევი,
გაქრა ვარაზის წყარო.
ჯაჭვზე დაბმული ძაღლი
გაავებული როგორ,
ხევის პირს თიხის სახლი,
და იეზიდი გოგო.
სილაზე ციცქნა ტერფი _
ბავშვობის კვალი ჩემი,
ქვაზე შემსკდარი ღელვით
ჩემი ქაღალდის გემი.
ვარაზის მღვრიე სარკე,
შორს გაქცეული ფიქრი,
უნივერსიტეტს აქეთ,
უნივერსიტეტს იქით.
მზე სარკმელს ხვდება, როგორც
ოქრონავლები ფუნჯი,
ის იეზიდი გოგო
მოდის ვარაზის ქუჩით.
ეხლა სად ცხოვრობს, ნეტავ,
გამოიცვალა როგორ,
_ შემოიარე ჩვენთან,
სად დაიკარგე, გოგო!

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი