ქურდის ქურდი


ხათუნამ გულის კანკალით
ბებოს მოპარა კაკალი.
და როცა კაკალს პარავდა,
როცა ხურავდა კარადას,
ქილა გაუტყდა მურაბის,
და სწორედ ამ დროს ხათუნას
თავზე წაადგა ზურაბი.
ხათუნამ უთხრა: - ძამიკო,
მოდი, კაკალი გავიყოთ! -
ზურიკომ უთხრა: - დაიკო,
ეს რომ ბებიამ გაიგოს,
ეს რომ დედიკომ გაიგოს,
ეს რომ მამიკომ გაიგოს?..
ამიტომ მთელი კაკალი
მე უნდა მომცე, დაიკო! -
ხათუნამ ხელის კანკალით
სულ ჩაუთვალა კაკალი.
მერე არ იცით, რა იყო?
ბებიამ მაინც გაიგო.
როცა ბებიამ გაიგო,
მერე მამამაც გაიგო,
მერე დედამაც გაიგო.
ჭორმა იარა, იარა,
სოფელი შემოიარა,
მაგრამ ხათუნა კი არა,
ქურდი კაკლის და მურაბის -
მაგრად მიტყეპეს ზურაბი.

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი