თემურ ლენგი (მოთხრობა)


თემურ ლენგი ექსკლიუზივი


სოღანლუღელმა სულეიმან ალი ოსმანოღლიმ მოსტეხა ფეხი ბავშვობაში თარაღაის შვილს, თემუს, შემთხვევით. თავი რომ მოაბეზრეს პატარებმა პატრონს კუდში დევნით, ჯოხი მოუქნია სულეიმანმა აბეზრებს და ანაზდად წვივში გადაუმსხვრია ფეხი...
აწივლდა, აკივლდა და აფართხალდა სიმწრისგან თარაღაის შვილი, ბოლოს, ქვეყანა რომ აიანცა და ვეღარ დააწყნარეს,- ბარემ თავიც წააწყვიტე და მოისვენებსო,- ურჩია სულეიმანს სრუმრად მოსულმა მუსტაფამ.
-რას ამბობ, ცოდვააო,-უპასუხა სტუმარს შეწუხებულმა მასპინძელმა. თემური ხელში აიყვანა, წვივი ჭრელი ბაღდადით მაგრამ შეუხვია და აივანზე დასვა.
-ნახე, რა სისხლიანი თვალები აქვს, თუ გაიზარდა, ცოტას კი იკოჭლებს, მაგრამ არა მგონია, მაგის მომრევი სადმე მოიძებნოს,- თქვა და სასახლეში შეუძღვა სტუმარს.

 *  *  *

-ლევან!- გაისმა გარეთ.
-მობრძანდით, ქალბატონო ნუცა! -  ხმაზე იცნო მეზობელი ნანულიმ. ეზოში უზარმაზარი ჩანთით, თორმეტფურცლიანი რვეულებითა და ვარდებით დატვირთული ქალბატონი ნუცა შემობრძანდა და ბამბუკის ფანჩატურში დაჯდა.
-რატომ წუხდებით, ქალბატონო ნუცა, ყოველდღე ვარდებით, აქში, ქათამო, მოსვლა, გადი, ქათამო, იქით, ვის გაუგონია, მომწყდი , ქათამო, თავიდან...
-რა შეწუხებაა, აქში , ქათამო, ქალბატონი ნანული, მოშორდი, ქათამო, აქედან, რატომ არ ამწყვდევთ, ქალბატონო ნანული? გაგინადგურებენ ეს ოხრები კოინდარს...გადით, ქათმებო, იქით, თქვენ ჩამოგიარათ სინდიოფალამ.
-კი ვამწყვდევთ, ქალბატონო ნუცა, მაგრამ მაინც გადმოდიან ღობეზე.
-ფრთები და კუდები უნდა შეაჭრათ, ქალბატონო ნანული, აქში, მამალო, რამხელაა და რა ლამაზი, ეს დალოცვილი...
-სად ვსდიო ახლა მე მაგათ!- უმწეოდ ჩაიქნია ხელი ჩემმა მეუღლემ.
-ამ კვირას არადა, იმ ორშაბათს რომ დაიბუდებენ, მე მოვუვლი მაგათ,- დაჰპირდა ქალბატონი ნუცა ნანულის.
-გვიშველეთ რამმე და თქვენზე ვილოცებო,- შეევედრა ნანული- სკოლაში არ იღლებით მთელი დღ?- ჰკითხა ზრდილობისათვის.
-როგორ არ ვიღლები, ქალბატონო ნანული,- ამოიოხრა ქალბატონმა ნუცამ, - ჯერ ამის კითხვამ და გასწორება მომკლა: აგერ წიკლაური წერს, ორს მივუმატოთ ორი ხან ოთხია, ხანა ხუთიო,, აფციაურმა კი, უკვე მეოთხე კლაშია და, ისიც არ იცის, შვიდჯერ ხუთი რამდენია. ისე, რომ ჰკითხო, კოსმონავტი მინდა გამოვიდეო... ,,ნეტა, მართლა რამდენია შვიდჯერ ხუთი?- გამიელვა თავში და გავწითლდი.- ვაი, სირცხვილო, თუმცა, მოიცა, სამჯერ ხუთი თხუთმეტია, კიდევ სამჯერ ხუთი თხუთმეტი, ახლა სამს მივუმატოთ სამი იქნება ექვსი; თხუთმეტს მივუმატოთ თხუთმეტი- ოცდაათი. ესე იგი, ექვსჯერ ხუთი არის ოცდაათი, დაგვრჩა კიდევ ერთი, მეშვიდე ხუთიანი, ოცდაათს რომ კიდევ ერთი- მეშვიდე ხუთიანი მივუმატოთ, მივიღებთ ოცდათხუტმეტ ხუთიანს, თუ, ხუთიანს კი არა, შვიდიანს, გადავირევი ახლა, შვიდიანს კი არა ოცდათხუტმეტს“...-შუბლიდან ცივი ოფლი მოვიწმინდე და სახლიდან ეზოში გამოვედი.
-მაგაზე წუხართ, ქალბატონო ნუცა? რომ გაუჭირდება, გამოიანგარიშებს,- დავამშვიდე მე.
-გამარჯობათ, ბატონო ნოდარ როგორ ბრძანდებით? თვალი არ გეცეთ და წელს, შარშანდელთან შედარებით, მშვენივრად გამოიყურებით. ისე, შარშან მთელი მეზობლები მოყურადებული ვიყავით, როდის შეგიცხადებდნენ, არ ვიოდით...
-გმადლობთ, ქალბატონო ნუცა, წელს შედარებით კარგად ვგრძნობ თავს.
-ღმერთმა კარგად გამყოფოთ, ახლა წავალ, ორშაბათს კი მოვალ და ამ ქათმებს მოვხედავ, ქალბატონო ნანული.
-გმადლობთ, ქალბატონო ნუცა, კარგად ბრძანდებოდეთ,- ქალბატონი ნუცა ადგა, ეზოდან გავიდა და კარი გაიხურა.

 *   *   *

ხმა ჰქონდა გავარდნილი, თორემ არ ისე ავხორცი იყო თემურ ლენგი. სულ რაღაც თორმეტი ცოლი ჰყავდა.აბა სხვა რომელ ემირს, ყაენს, შაჰსა და სულთანს ჰქონდა ასეთი მცირერიცხოვანი ჰარამხანა. მხოლოდ თორმეტი ცოლი ჰყავდა თემურ ლენგს, მართალია, ერთმანეთზე უკეთესი და მზეთუნახავი, მაგრამ მაინც თორმეტი.
აქედან რვა ქართველი იყო, ფასანაურის ბაზრობაზე ნაყიდი; ერთი- რუსთა ქვეყნიდან მოყვანილი- ნინა კურკოტკინა; მეორე- კიევის გეტმანის უფლისწული- იანა კურიცა; ერთიც- ჩინის ქვეყნიდან, ალბათ, მონღოლთა ჯილაგისა და მოდგმის გასაგრძელებლად, ულამაზესი მკერდმაღალი, ყელტიტველა და ქოჩორა დე-და-ლი; და მეორეც- იაპოენილი, კუნძულ ხოკაიოდანსაუკუნის წინ ჩამოთესლილი სამურაის ნასიერი, პაწაწინა, ელამი, საოცრად კოხტა, მინიატურული და ხელიხელსაგოგმანებელი ცი-ცი-ლი.
ეს იყო და ეს. სიკვდილამდე სხვა ცოლი არ ჰყოლია თემურ ლენგს. არც სურვილი ჰქონია მათი ყოლისა, თორემ აბა რა დაუშლიდა ან ვინ გადაუდგებოდა წინ თემურ ლენგს.
სისხლიანი კი იყო და მერე როგორი სისხლიანი ეგ გათურქებული მონღოლი მამაძაღლი. არადა, სხვანარად როგორ გამოვიდოდა, ამ აყვავებულ, დოვლათით სავსე, ოქროსა და თვალ-მარგალიტში ყელამდე მცურავ და ამ თორმეტი გზით სავსე ჰარამხანას უსისხლოდ და უბრძოლველად ვინ მიართმევდა უცხოეთიდან მოთრეულ ვიღა კოჭლ ყაჩაღს, ურჯულოსა და ნაძირალას.
ათი მეზობელი ქვეყნის ათი მპყრობელიდან და მთავარსარდლიდან ოთხი დედაწულიანად მოსპო დაა ააოტა, ექვსს კი საკუთარი ხელით დააგლიჯა სანეგი გვირგვინი და იმ კოჭლ ფეხზე ამოსული უზარმაზარი გაალმასებული დეზით გამოღადრა ჩიჩაყვი და გამოფატრული მუცლებიდან გადმოცვენილი ნაწლავებით მანამდე ახვეტინა ბრძოლის ველი, ვიდრე მზე არ ჩაუქრო და ჩაუღამა თვალებში.
ახლა არაგვის ხეობაში ჰქონდა დაცემული ბანაკი თემურ ლენგს და სხვა უფრო დიდი ბრძოლების მოლოდინში ფირუზისფერი აბრეშუმის კარვის წინ, თავისი ხოლებით გარშემოტყმული, გურჯისტანის თბილი და ალერსიანი მზის ქვეშ ნებივრობდა.

*  *  *

კვირას ძალიან პოპულარული რუსი პოეტი მესტუმტა საგურამოში, რაღაც საკუთარი და სახელმწიფო საქმეების ჩემთან შესათანხმებლად და მოსაგვარებლად. შუადღემდე ილია ჭავჭავაძის ეზოში ვისეირნეთ. თავდაყირა დავაყენეთ მსოფლიო ლიტერატურა. სულ მიწასთან გავასწორეთ ომის გამჩაღებლები, დაბოლოდ, სხვებს რომ არ გეგონათ ისე, ჩუმად საზღვარგარეთ დარჩენილი დისიდენტი მწერლებიც მოვიხსენიეთ აუგად.
ნაშუადღევს ნანულიმ ბამბუკის ფანჩატურში გაგვიშალა სუფრა. იმ ჩემს რუს მეგობარს ,,ადესა“ ღვინო უყვარს ძალიან და იმას სვამს ახლა, მონატრებული და დახარბებული. მე კი ექიმებისგან მოწყალებასავით ჩამომათხოვრებულ თითო ყლუპ ჩეხურ ლუდს ვსვამდი. უცებ მაგიდაზე ჩემი ვეებერთელა მამალი შემოგვიფრინდა. მე, რა თქმა უნდა, არ გამკვირვებია, სტუმარი კი აშკარად შეკრთა. მამალმა ჯერ სტუმარს შეხედა, მერე მე მომიბრუნდა და მკითხა- ვინ არისო?!
-ჩემი მეგობარია, რუსი პოეტი ევგენი!- გავაცანი სტუმარი. მამალმა ისევ შეხედა სტუმარს, მერე ორივე ფრთა მძლავრად შემოიკრა ფერდებზე, ქაღალდის ხელსახოცები სულ პროკლამიციებივით აფვიფრიალა, ყელი წაიგრძელა, ბოხი ხმით დაიყივლა, ისევ მე გამომხედა- უყურე შენ ამასო?! ისე მითხრა გაკვირვებულმა, თითქოს ჩემი მაგობრის შემოქმედება სულ ზეპირად სოდნოდა, მერე თეფშიდან ხბოს მწვადის ყველაზე დიდი, ყველაზე კარგი, ყველაზე მსუყე ნაჭერი აიღო, მაგიდიდან დაბლა ჩახტა და მსუბუქი კოჭლობით გაჰყვა ბეტონის ბილიკს.
-слушай, кто это!- მკითხა გაოცებულმა სტუმარმა.
-тамерлан!- ვუპასუხე მე და ლუდი მოვსვი.
-кто?-შეიცხადა სტუმარმა.
-говорю же, тамерлан!
-он что, людоед?
-как все тираны и диктаторы,*- გავამართლე მწვადიჭამია მამალი.
-კოჭლი, რომ არ იყოს, ისეთი ხმა აქვს, მე შალიაპინს დავარქმევდი- შეშურდა სტუმარს.
-ისე, კაცმა რომ თქვას, შალიაპინს უფრო ჰგავს, რა თქმა უნდა, მეფისტოელის როლში,მაგრამ რას იზამ, კოჭლია და...-დავუდასტურე სტუმარს.
-боже мой,какой красавец, как там у гогли про тамерлана?!*-ვერ დაფარა აღტაცება სტუმარმა.
-,,როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა, სიყვარული გულში დამჯახებია“...- წავუკითხე მე.
თემურ ლენგი კი მსუბუქი კოჭლობით, ოქროსგვირგვინოსანი,მზის სხივებზე ათასფრად მოთამაშე ოქროცურვილი სამოსით, ცისარტყელას შადრევანივით გადმომჩქეფარე კუდით, ღვთისაგან დამშვენებული, ამაყი, ძლევამოსილი, ბედნიერი, დიდი ნადავლით ბრუნდებოდა ჰარამხანაში თავის ულამაზეს, მშვენიერ და უსაყვარლეს ხათუნებთან.

                                                               *   *   *
ის ღამე ჰარამხანაში გაატარა თემურ ლენგმა. ვერა და ვერ გაძღა საყვარელი ცოლების ცქერით. თითო საალერსო სიტყვა ყველას უთხრა და სანაცვლოდ მისი დიდებულებისა და სიძლიერის შემამკობელი ცად აღვლენილი ოდა მოისმინა თითოეულისგან.
სანეტარო ღამე იყო ის ღამე, და ის-ის იყო,ნეტარ ძილს უნდა მისცემოდა, რომ კარავში უზარმაზარმა თეთრმა თვალმა შემოიხედა, იქაურობა მიანათ-მოანათა- აქ არიანო, - თქვა და ჩაქრა. მეჩვენებაო,- გაიფიქრა თემურ ლენგმა, თან გულმა რეჩხი უყო და რაღაც ფარსაგის მოლოდინში სული დაეხუთა. გულმა ბაგაბუგი დაუწყო. თვალი ვეღარ მოხუჭა. დიდხანს და ისევ ჩაქრა.
ახლა გარეთ აინთო ის თვალი.
-კი, ყველანი აქ არიან, ქანდარაზე სხედან, შენ ეგ ფარანი დაიჭირე და კარებში ჩადექი, გარეთ რომარ გამოცვივდნენ, მე კი თითო-თითოს გამოვიყვან,- უთხრა თვალმა მეორეს.
-კარგი, ოღონდ მალე, ძალიან მეძინებაო, - სთხოვა იმ მეორემ. და დაიწყო ის, რისი აღწერაც და მოყოლაც თითქმის შეუძლებელია. კარავში უზარმაზარი მკლავი შემოიჭრა, ხელი სტაცა თემურ ლენგს, იღლიაში ამოიჩარა და გამალებით დაუწყო სამოსის გლეჯა და იმ არნახული სილამაზის კუდის ბრდღვნა, ქვეყნიერებას სალაპარაკოდ რომ ჰქონდა.
თემურ ლენგს ჯერ გული გაუჩერდა და სუნთქვა შეეკრა, მერე ბიბილო გაულურჯდა და თვალებში სისხლი ჩაექცა. აუტანელი ტკივილი რომ არა, ყველაფერი ავი სიზმარი ეგონებოდა,მაგრამ ვაი, რომ ცხადი იყო. ოდნავ რომგონს მოეგო და შარვალ და სამოსშემოგლეჯილი იმავე ხელმა ისევ კარავში რომ შეაგდო გუდურასავით და კედელზე რომ მიანარცხა, თემურ ლენგმა კვლავ გაიგონა ხმა:
-რა ჰქენი, დედა, ეგ ხომ თემურ ლენგი იყო!
-მერე დროზე ვერ მითხარი, დალოცვილო, ფარანი შენ გაქვს და ვერ გამინათე? სად ვარჩიო ამ სკვარამში თემურ ლენგი და ჩინგისხანი?- უპასუხა ბრდღვნელმა.
...როგორ, შეცდომით, შემთხვევით, ვიღაის დადევრობით მომივიდა ყველაფერი ეგაო?!- გაიფიქრა უბედურმა თემურ ლენგმა და ისევ შეღონდა გული, მაგრამ, რა შემდეგ მოხდა, იმან ყველა მოლოდინს გადააჭარბა,- ის ხელი კვლავ შემოიჭრა კარავში და ახლა მის ცოლებს დაერია.
ნახევარ საათს მაინც გაგრძელდა ჯოჯოხეთი. ხელი საცვალსა და პერანგებს აგლეჯდა მის ქორფა, სათნო და სათუთ ცოლებს. იდგა ენით აუწერელი წივილი, კივილი, თმების გლეჯა და კაკანი. ორჯერ სცადა თემურ ლენგმა თავის გამოდება, მაგრამ ორივეჯერ ისე ჩასთხლიშეს თავში, რომ განზრახვაზე ხელი აიღო და ბედს დამორჩილებული კარვის კუთხეში გაიყუჟა.
-უყურე შენ, როგორ იკორტნება ეს კრეტინი?!- თქვა გაბრაზებულმა ხელმა, დე-და-ლს უკანასკნელი ბურდღა ამოაღლიტა კურტუმიდან და კარვის კარი ჩამოუშვა.
ნისლი და სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა არაგვის ხეობაში.
                                              
                                                        *   *   *
შემზარავ მოლოდინში გაატარა მთელი ღამე თემურ ლენგმა. სხვათა ყვირილით ხვდებოდა, რომ თენდებოდამ თორემ თავად არც უცდია ყვირილი. არ უნდოდა, ის ერთი, მისხლისოდენა იმედიც წაშლოდა, რომ წუხანდელი ამბავი მაინც სიზმარი იყო...
... და მაინც გათენდა თემურ ლენგის გულის გასახეთქად. არ იქცა ღამე უსასრულობას. მაინც გათენდა არაგვის ხეობაში და მზემ გაპარტახებულ კარავში შეიხედა.
ჯერ თემურ ლენგის გაოგნებული ცოლები გამოცვივდნენ გარეთ და ერთმანეთს დაუწყეს თვალიერება, შემდეგ კარზე მომდგარ თემურ ლენგზე გადაიტანეს მზერა. შეცხადებაც კი ვერ მოახერხეს პატრონის ასეთ დღეში ხილვისაგან ყელგამშრალმა, პირდაფჩენილმა და განვიფრებულმა დედლებმა. სადღა იყო თემურ ლენგი? თემურ ლენგი არ არსებობდა.
...და თავად რა იხილა კურტუმოდაშიშვლებული, საცვალ, პერანდ, კაბაშემოღლეტილი, დაბეგვილი და გაბახებული ოლები, თემურ ლენგმა ცაში აიხედა და მომკალიო, შეჰღაღადა ალაჰს. არ უსმინა ალაჰმა თემურ ლენგს.
მაშინ ყველა მის მიერ ადრე თავლაფდასხმული, შერცხვენილი, მიწასთან გასწორებული, ღირსებაშელახული, სულში ჩაფურთხებული თვითმპყრობელი, სარდალი, ქალი თუ კაცი გაიხსენა თემურ ლენგმა და ახლა იმათი სახელით სთხოვა ალაჰს:
-ქვეყნიერების და სიცოცხლის გამჩენო, თუ სამართლის გაჩენა გინდა, მოჰკალი თემურ ლენგიო,- და მაინც არ უსმინა ალაჰმა და მიხვდა თემურ ლენგი, რომ წუხელ სწორედ ის ძალა გამოეცხადა, რომლისაც მალულად სულ ეშინოდა, რომ ერთხელაც იქნებოდა, ეს ძალა მაინც მოვიდოდა მისი აღმართის მოსახნავად.
                                                                  *  *  *
-გამოდი, ნოდარ, ნახე, რა უქნია ქალბატონ ნუცას,- დამიძახა ნანულიმ და დაბდღვნილი ქათმებისაკენ გამახედა,- ნეტა, ამ მამალს რაღას ერჩოდა!- თან სიილს ვერ იკავებდა, საქათმის ეზოს კუთხეში მიყუჟულ თემურ ლენგს რომ უყურებდა.
-მართლა რა უქნია, ალბათ, სიბნელეში ვერ გაარჩია დედალ-მამალი, - გამეცინა მეც,- არა უშავს, ერთ თვეში ისევ ისეთი ლამაზი გახდება.
                                                                  *  *  *
ქალები მამაკაცებზე ადრე ეგუებიან ჭირს. ეტყობა, ქათმებშიც ასეა. მეორე დღეს თემურ ლენგის ცოლები ისე გადმოფრინდენ კარვიდან, თითქოს წუხელ ეგენი კი არა, მე გავეპუტე ვიღაცას. ის კი არა, მგონი, მოსწონდათ კიდევა, გაპუტულები რომ იყვნენ, ისე გამომწვევად ჰქონდათ კურტუმოები.
მესამე დღეს შევამჩნიეთ მე და ემმა მძღოლმა ტრისტანმა, რომ თემურ ლენგი საქათმიდან გარეთ არ გამოდიოდა. ძალით გამოაგდო ტრისტანმა გარეთ თემურ ლენგი და მოხდა საორება : დედლებმა ზედაც არ შეხედეს თავის მეუფეს. თავად თემურ ლენგი არც საკენკსა და არც წყალს მიჰკარებია და, როგორც კი ტრისტანი საქათმის კარს მოსილდა, იმავე წუთში შურდულივით შევარდა საქათმეში და ბნელ კუთხეში მიყუჩდა. მე საქათმეში შევიხედე და მომეჩვენა, რომ თემურ ლენგი ქვითინებდა.
-ნეტა რა მოუვიდა?- მკითხა ტრისტანმა.
-დაიმორცხვა დედლებთან!
-კარგი რა!- ხელი აიქნია ტრისტანმა.
-გეუბნები: ან დაიმორცხვა, ან დიდად შეურაწყოფილია.
-გუშინს მერე აღარ გაუარა, ბოლო-ბოლო, ქათამი რა არი?!
-როგორც ჩანს, არ გაუარა, ზოგი ისეთი ამაყია, მტრისას...
                                                      *  *  *
რომ მეგონა, იმაზე ამაყი აღმოჩნდა თემურ ლენგი. ხუთ დღეს არ გამოსულა საქათმიდან, მეექვსე დღეს, ეზოში პამიდვრებს რომ ვრწყავდი, ჩემი პატარა შვილიშვილი ლევანი მომვარდა.
-ბაბუ, თემურ ლენგი კვდება!!!-ნიკაპი უკანკალებდა, თან ცრემლები ჩამოსდიოდა ღაპაღუპით.
საქათმესთან მივედი. თემურ ლენგი იატაკზე იწვა, შუშის თვალები გაშტერდებოდა, ტოკავდა ოდნავ და ელოდა...
-უშველე, ბაბუა!-მოთხოვა ლევანიკომ.
-წადი ბაბუა, და ვუშველი,- დავითხოვე შვილიშვილი.
თემურ ლენგი იწვა და ელოდა...
გაგიკვირდებათ, მაგრამ მე მაინც დავინახე: მის შუშის თვალებში არც ხვეწნა იყო, არც მუდარა, არც წყევლა, არც კრულვა, იყო მხოლოდ უსაშველოდ სანატრელი სიკვდილის მოლოდინი, სხვა არაფერი.
ქრისტეს აქეთ, 1982 წლის 14 ივლისს, საღამოს ექვს საათზე აღესრულა თემურ ლენგი.
*  *  *
სამასათასიანი ლაშწარი მიაცილბდა სამარყადინში უეცრად გარდაცვლილ თავის მზის სწორ ემირთ ემირს.
ათას ჩამოქვეითებულ შავოსან მხედარს დამოკლებული აღვირებით მიჰყავდა მეწამულ აბრეშუმგადაფარებული უბელო და ვერცხლის ჯაჭვებით ფეხდამოკლებული ბედაურები. სამასი თმაგაშლილი, თეთრ სუდარაში გახვეული, ლოყებ და ძუძუებდახოკილი, ფეხშიშველი ცოლი ზარით მიაილებდა კოჭლ თეურს სამარხამდე. იმ სამასთაგან ყველაზე უსაყვარლესი თორმეტი, რომელიც ცოცხლად უნდა ჩაეყოლებინათ ქმრისათვის საფლავში, დაჩოქილი მიჰყვებოდა ათი შავი მონის მოდრეკილ ქედზე მოქანავე ოქროს ქსოვილში გახვეულ ვერცხლის კუბოს...
ასე წერია მატიანეში.
არ დაიჯეროთ, ბატონებო!
არავითარი სამასი ათასი მხედარი და სამასი ლოყა და ძუძუდახოკილი ცოლი, არც ოქროს ქსოვილში გახვეული ვერცხლის კუბო არ ყოფილა.
რცხილის შეშის საყადლის ძირში დავმარხეთ მე და ტრისტანმა გაზეთის გაღალდისა და ცელოფანის პარკში გახვეული სისხლიანი ტირანი. არც ცოლთაგან რომელიმეს უფიქრია საფლავში ჩაჰყოლოდა მბრძანებელს. ის კი არა, ცი-ცი-ლიმ ისიც კი იკადრა:
-მაგი, ბატონო, დიდი ხანია ჩემთვის მკვდარიაო.
-გაჩერდი, ქალო, ღმერთმა არ გაგიგონოს და არ გიწყინოს,- გააჩუმა მორწმუნე იანა კურიცამ ენაგატლეკილი ცი-ცი-ლი. ეს იყო და ეს. დანარჩენს არც კი გაუხედავს საფლავისაკენ.
ერთი კი უნდა ითქვას: არ ვიცი იმის ხათრით, რა უნდა იყოს, მაინც ჩემი ქმარი იყოო, არ ვიცი, უბრალოდ, დაკრძალვის დღეს დაემთხვა, თუ რა მოხდა, ყოველ შემთხვევაში, იმ დილით თემურ ლენგის არც ერთ ქვრივს კვერცხი არ დაუდვია.

წყარო: www.biblioteka.litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი