მონატრება (მოთხრობა)
იყო ზაფხულის დილა. ჰაერი - კამკამა და გამჭვირვალე. მე ვიდექი ათასფერადი ყვავილებით მოჩითულ ველზე და ცის დასალიერზე ავარდნილ უცნაურ ქარბორბალას ვუცქერდი. იგი ფერადი იყო, ცისარტყელას შვიდივე ფერით გაწყობილი, ცეკვით მოდიოდა ჩემკენ. მიახლოვდებოდა. ეს ადამის ხნის ცაცხვი მაშინ გავერანებული, ტიალი და გაუბედურებული იყო. მე ამ ცაცხვის ძირში ვიდექი. ქარბორბალა მოდიოდა ტრამალზე უსაზღვროდ ბედნიერი, მზეთუნახავი და უსაშველოდ მრავალფეროვანი. ველზე აღმოცენებულ ყველა ყვავილს ჰგავდა ერთად და ცალ-ცალკე. უცებ იგი ფაფუკი მანდილივით აფრიალდა და ტანზე შემოეხვია ცაცხვს. რაც შემდეგ მოხდა, ეს არ იყო სასწაული. სასწაული ის იქნებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო - შვიდფეროვანმა მანდილმა სინედლე აჩუქა ხეს და იგი ამწვანდა, აყვავდა, გაზაფხულდა, აბიბინდა, აშრიალდა. შვიდფეროვანი საოცრება ახლა უზარმაზარ პეპელად იქცა და მოშრიალე გოლიათის კენწეროზე აფარფატდა. -ჩამოდი მიწაზე! - ვთხოვე მე. ეს უფრო ნატვრა იყო, ვიდრე თხოვნა და პეპელა ჩამოფრინდა. -თქვი რამე! - ვინატრე ისევ. პეპელა შვიდფეროვანი კაბით შემოსილ, უზარმაზარი თეთრი ბაბთებით გაწყობილ, ოქროსთმიან, ლურჯთვალა, ვარდისფერ და გამჭვირვალე ფეხშიშველა გოგონად იქცა, ჩემ წინ დადგა და გაიღიმა. შვიდი-რვა წლისა იქნებოდა. -გამარჯობა! - მივესალმე ჩურჩულით, თან იმის შიშით, რომ ყოველივე ეს მოჩვენება არ ყოფილიყო და არ გამქრალიყო. -გაგიმარჯოთ, ბატონო ჩემო! - ეს ლაპარაკი არ იყო, ეს იყო სიმღერა, პატარა მუსიკალური შედევრი. შემდგომ, სადაც გოგონა ილაპარაკებს, ისე ჩათვალეთ, თითქოს ცისარტყელა მღერის. -შენ ცისარტყელა ხარ?- ვკითხე მე. -არა. -გაზაფხული? -არა. -აბა, ვინა ხარ შენ, ან რა გქვია? გოგონამ ისეთი სახელი მითხრა, რომლის მსგავსი არ არსებობს. ამიტომ ვერც ის დავიმახსოვრე. -მაინც ვინა ხარ შენ? -მე ყველაფერი ვარ, - ეს სიტყვა გოგონამ ორ სიტყვად იმღერა - ,,ყველა“ და ,,ფერი“... -როგორ ყველაფერი? -ისე, - თქვა გოგონამ და გაუკვირდა, რომ ვერ მივხვდი. გონებაში საშინელმა ეჭვმა გამიელვა. -შენ სხვა პლანეტიდან ხარ მოფრენილი? - პასუხის მოლოდინში სისხლი გამეყინა. გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. მაშინ მე ტუჩზე ვიკბინე და როდესაც თბილმა სისხლმა გამოჟონა, მივხვდი, რომ ყოველივე ნანახი ცხადი იყო და არა სიზმარი. -რა ჰქვია შენს პლანეტას? გოგონამ კვლავ ისეთი სახელი მითხრა, რომლის მსგავსი არ არსებობს. ამიტომ ვერც ის დავიმახსოვრე. -როგორია თქვენი პლანეტა? გოგონამ მხრები აიწურა. -მთიანი, ზღვიანი, ველიანი, კლდოვანი, თბილი, ცივი, თუ როგორი?.. -ისეთი, როგორიც მე ვარ! -ფერადოვანი, გამჭვირვალე და უხორცო? გოგონამ გაიცინა და კვლავ თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. -შორს არის თქვენი პლანეტა? გოგონამ სიტყვა ,,შორს“ ვერ გაიგო, ამიტომ მაღლა ავიხედე და ხელით ვანიშნე... -შორს... შოოორს...- ასე გავაგრძელე. -შოორს, შოოორს... - გააგრძელა გოგონამაც და ხელი ცისკენ აიშვირა. -ჩვენი ენა ვინ გასწავლა? - ვკითხე. -ახლა ვსწავლობ,- მიპასუხა. -თქვენი ენა როგორია? გოგონა გაუგონარი ხმით ამღედა, სამყარო ამოძრავდა და დაირწა, მასთან ერთად მღეროდა ცაცხვი, ყვავილი, მიწა, წყალი, ჰაერი, მღეროდა ყველაფერი და მე ამ სიმღერაში ვიყავი ჩაძირული, როგორც თევზი- აკვარიუმში. იგი დაახლოებით ერთ წუთს მღეროდა. -ეს არის თქვენი ენა?- ვკითხე ხმის კანკალით. გოგონამ თავი დაიქნია. -მოგწონს?-მკითხა. -...და შენ ფიქრობ, რომ ამ ენის სწავლა ყველას შეუძლია? -რა თქმა უნდა! -მაინც როგორ? გოგონამ კვლავ დაიწყო სიმღერა. ახლა იგი ხელს სხვადასხვა საგნისაკენ იშვერდა. ალბათ, მათ სახელებს თუ ამბობდა, და საგანი, რომელსაც ეხებოდა მისი ხმა, ფერს იცვლიდა და გოგონას ხმაზე მღეროდა, ეს ის განცდა და ნეტარება იყო, რომლის გამოც შეიძლება, სიკვდილი ინატრო, თუ გეცოდინება, რომ ეს ნეტარება და განცდა სიკვდილშიც გაგრძელდება. გოგონა მიხვდა, რომ რაღაც მემართებოდა და ამიტომ დადუმდა. -მოდი ჩემთან ახლოს, - ვთხოვე გოგონას. იგი მომიახლოვდა. -უფრო ახლოს მოდი. მინდა, მოგეფერო და გულში ჩაგიკრა, შეიძლება? გოგონა სულ ახლოს მოვიდა. მე მკლავები გავშალე და გოგონა გულში ჩავიკარი. იგი თანდათან შემოვიდა ჩემს სხეულში და მე ახლა მას, როგორც სითბოს, ისე ვგრძნობდი გულთან. -სად ხარ, გოგონა? - ვთქვი მე და გული ყელში მომებჯინა, ისე როგორც ბავშვებს ემართებათ ხოლმე საქანელაზე ქანაობისას. გოგონა გამოვიდა ჩემგან და მკერდში სითბო დამიტოვა. -აქ როგორ გაჩნდი, გოგონავ! -დედას გამოვეპარე. -მერედა, არ გეშინია? -რისი? -რომ დაიკარგო, დედამ რომ ვერ გიპოვოს? -როგორც კი მოვენატრები, მინატრებს და მიპოვის - თქვა გოგონამ. -სახლში წასვლა რომ მოგინდეს, როგორღა წახვალ? -ვინატრებ და წავალ. -ინატრებ და მეტი არაფერი? -მეტი არაფერი, - ამიხსნა გოგონამ. სიტყვებმა ,,რატომ“ და ,,როგორ“ აზრი დაკარგეს. ახლა, ამ წუთში, ჩემთვის ყველაფერი ერთნაირად გასაგები და გაუგებარი იყო, ურთულესი და უმარტივესი ერთნაირად, ერთმანეთის გვერდით, ტოლფარდოვანად არსებობდა ამ პაატარა გოგონაში. -დედამიწაზე პირველად ხარ?- ვკითხე. -პირველად. -სხვა პლანეტებზე თუ ყოფილხარ? გოგონამ თავი დაიქნია. -სიცოცხლე თუ შეგხვედრია სადმე? პასუხის მოლოდინში კვლავ გამეყინა სისხლი და სუნთქვა შემეკრა. -ძალიან ბევრ პლანეტაზე, ბატონო, - გამიღიმა გოგონამ. -ასეთი, როგორც ჩვენთან? -სულ ნაირ-ნაირი, ბატონო,-გოგონამ ხელები გაშალა და მისი სხეულივით გამჭირვალე ცას ახედა. -მაინც? -არ ვიცი, მე სადაც მივდივარ, ისეთი ვხდები როგორი სიცოცხლეც იქ მხვდება... დუმილი ჩამოვარდა. -შენ ვინა ხარ? - მკითხა უცებ გოგონამ. ეს კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის რომ დავიბენი. -მე... შენ არ იცი, მე ვინ ვარ? - ვკითხე გაკვირვებულმა. გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია და მხრები აიჩეჩა. -... მე ვარ ძეხორციელი, ადამიანი, ეს არის ჩემი დიდი სახლი - დედამიწა. ვსაზრდოობ წყლით, ჰაერით, მზით, ხორცითა და მცენარით... -შენ თვითონ ვინა ხარ? -აკი გითხარი, ადამიანი. მყავდა მშობლები, იმათ თავიანთი მშობლები ჰყავდათ, იმათ კიდევ - თავიანთი, იმათ - თავიანთი, იმათ - თავიანთი და ასე შემდეგ... -როდემდე? -არ ვიცი. -ესე იგი, შენ არ იცი, ვინა ხარ! -არა! - გამოვტყდი მე. გოგონას ისევ გაეღიმა. -აქ რას აკეთებ? - მკითხა და გარემოს თვალი მოავლო. -აქა?.. აქ არაფერს, ისე ვდგავარ... მე ვარ ავად. იცი, შენ რა არის ავადმყოფობა, ესე იგი, ცუდად ყოფნა? მე ვარ ავად და აქ, ამ ყვავილოვან ველზე, ამ ბებერი ცაცხვის ძირში, შენ რომ ახლა სინედლე დაუბრუნე, ყოველ დილით გამოვდივარ სასეირნოდ, სუფთა ჰაერზე, რათა გამოვჯანსაღდე და კვლავ დავიბრუნო ძველი სინედლე, ისე, როგორც ამ ცაცხვმა დაიბრუნა. -რა გჭირს? - შეწუხდა გოგონა. -მე ძალიან მძიმე ავადმყოფობა გადავიტანე, გულის ავადმყოფობა. შენ იცი, რა არის გული? მე მაქვს გული, მაცოცხლებელი გული, როგორც ყველა ადამიანს, ისე და მე ეს გული გამიტყდა, გამებზარა ამ რამდენიმე წლის წინ. აი, ნახე. გოგონამ თავისი ლამაზი, ვარდისფერი ხელი გულზე დამადო და მე კვლავ ვიგრძენი სითბო გულთან. -ჰოდა, მე ახლა ყოველდღე დავდივარ ამ ყვავილოვან ველზე, რათა გამიმთელდეს. მე ახლა ცოტა უკეთ ვარ, მაგრამ დავიბრუნებ კი იმ ძველ სიმწვანესა და სინედლეს?.. გოგონამ არაფერი მიპასუხა. კვლავ ხელი შემახო მკერდზე. -თქვენ არ ხდებით ავად?- ვკითხე. -როგორ არა, - გამიღიმა მან. -თქვენ რაღა გემართებათ? -ფერს ვკარგავთ, ვუფერულდებით, ვფითრდებით. -მერე, როგორ წამლობთ ერთმანეთს? -ფერს ვაძლევთ ერთმანეთს, ვეფერებით, ერთმანეთის ფერებში გადავდივართ. -როდემდე? -დღემუდამ და ბოლოს მარადიულ ფერში გადაგვყავს ერთმანეთი, ჩვენი პლანეტის სახელი თქვენს ენაზე დაახლოებით ასე ითქმის - მარადიული ფერების პლანეტა, კარგია? -საოცარი! გოგონას კმაყოფილებისაგან ლურჯი თვალები აუციმციმდა. უცებ ველი შეირხა. ყვავილები გაფერმკთალდნენ, ცაცხვი წითლად აინთო, ცისკიდური გაჩირაღდნა და აბრიალდა. ეს იყო რაღაც მსგავსი ჩრდილოეთის ციალისა, ენით აუწერელი სანახაობა, ისეთი, რომლის მაგვარს მხოლოდ სიზმრად ნახულობენ ან ზღაპარში ისმენენ. -დედაა ჩემი, - თქვა აღტაცებულმა გოგონამ და ციალიკენ შებრუნდა... და უცებ თვალუწვდენელი ტრამალი გასაოცარმა განგმა მოიცვა. მე არ შემიძლია იმ ჰანგის გადმოცემა, თვითონ წარმოიდგინეთ, თუ შეგიძლიათ: დედამიწაზე არსებული ყველა ყვავილი მის მსგავს მუსიკალურ საკრავად რომ იქცეს და გამოსცეს ყველაზე საამო და ფაქიზი ჰანგი იმ ჰანგთა შორის, რომელიც მას გააჩნდა, სწორედ ისეთი. ეს იყო ბუნების დიადი ჰანგი, ეს იყო სამყაროს დიადი სიმთვრალე, ეს იყო მარადიულ ფერთა ქვეყნის, ორი ციალის, ერთმანეთს მონატრებული დედისა და შვილის საუბარი. არ მახსოვს, როდემდე გაგრძელდა დედა-შვილის საუბარი. გონს რომ მოვედი, დიდი ციალი გამქრალიყო და ჩემ წინ კვლავ ჩემი ნაცნობი ლურჯთვალა, გამჭვირვალე გოგონა იდგა და მიღიმოდა. -მშვიდობით, ადამიანო! - მითხრა მან. -მიდიხარ?- ვკითხე და ტირილი მომინდა. -უნდა წავიდე, დედა მეძახის. -წამიყვანე, ჩემო პატარა, ლამაზო გოგონა, შენი მარადიული ფერების ქვეყანაში, წამიყვანე თან, შენ შემოგევლე... -კი, მაგრამ დატოვებ შენ შენს სახლს და წამოხვალ ჩემთან, ადამიანო?- გაუკვირდა გოგონას. -თუკი გული არ გამიმთელდება და მაინც უნდა მოვკვდე, განა სულ ერთი არ არის ჩემთვის?.. წამიყვანე, ვიდფე მოვმკვდარვარ, გავხრწნილვარ და კვლავ მიწად ვქცეულვარ, მომეცი ფერი შენი, ჰაეროვნება შენი, უკვდავება შენი და წამიყვანე. მე მეშინია სიკვდილის... წამიყვანე!- ვთხოვე და მის წინ მუხლებზე დავეშვი. -მე არ შემიძლია შენი წაყვანა, ადამიანო,-სინანულით გაშალა პატარა ხელები გოგონამ. -რატომ? - დავღონდი მე. -იმიტომ, რომ შენ ხარ ძეხორციელი, შენ არ ხარ ჯერ არც ფერი, არც ნატვრა და როდესაც იქცევი ფერად და ნატვრად, მხოლოდ შემდეგ შემეძლება მე გინატრო შენ და მხოლოდ მაშინ შეგეძლება შენ ჩემთან მოსვლა. -მინატრე! - ვთხოვე მე. -როგორ გინატრო, როდესაც აქა ვარ შენთან ერთად?- გაუკვირდა გოგონას. -იქ მინატრე, შენს მარადიულ ფერთა ქვეყანაში. -თუ მომენატრე. ოღონდ მანამდე თავად შენ უნდა იქცე ფერად და ნატვრად. -როდისღა, როდის?! -ეგ შენმა დედამ- მიწამ უნდა იცოდეს. -შემდეგ კი მინატრებ? -გინატრებ. -გმადლობთ,- ვთქვი მე და წამოვდექი, გოგონა ფერად ნიავად დაირხა. -მოიცა, არ წახვიდე, თუ შეიძლება, ერთხელ კიდევ ჩაგიკრავ გულში და მოგეფერები. გოგონა მომიახლოვდა.მე მკლავები გავშალე და გულში ჩავიკარი. იგი კვლავ შემოვიდა ჩემს სხეულში და მე ახლა მას, როგორც სითბოს, ისე ვგრძნობდი მკერდში. დიდხანს, დიდხანს ვიყავით ასე გატრუნული, თითქოს სულ მუდამ, მრავალ და მრავალ საუკუნეთა მანძილზე ასე გვეცხოვროს, მერე გავცაკებულიყავით და მრავალ საუკუნეთა შემდეგ კვლავ გვეპოვოს ერთმანეთი. ბოლოს იგი გამოვიდა ჩემგან. ამჯერად მისი გამოსვლა, როგორც ტკივილი, ისე ვიგრძენი მკერდში და გულზე ხელი დავიდე. -რა მოგივიდა?- მკითხა გოგონამ. მე მომეჩვენა, რომ იგი მიხვდა, რაც მომივიდა და მაინც მკითხა. -არაფერი, ჩემო კარგო, ნახვამდის! -მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო!- თქვა გოგონამ და ხელი დამიქნია. ...მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო, ოღონდ უკუღმა. გოგონა ჯერ უზარმაზარ, შვიდფეროვან, გამჭვირვალე პეპელად იქცა, შემდეგ- ათასი ფერით ნაქარგ ფაფუკ საყელოდ, მერე ველად გაიჭრა და ქარბორბალად დატრიალდა. იგი მინდოდა ჩემგან ლამაზი რხევით, ისე, როგორც უსაზღვრო ბედნიერებისგან მოცეკვავე და მომღერალი მინდვრის დედოფალი, უსაშველოდ მრავალხმოვანი და მრავალფეროვანი. იგი ველე აღმოცენებულ ყველა ყვავილს ჰგავდა ერთად და ცალ-ცალკე. ბოლოს გაქრა ცის დასალიერზე, როგორც განუმეორებელი სიზმარი, სიმღერა და ფერთა ციალი, გაქრა, წავიდა და მხოლოდ ეს მწვანე აშრიალებული ცაცხვიღა დამიტოვა თავისი არსებობისა და უკვდავების ნიშნად. * * * -შენ მართლა გახსოვს ეს ცაცხვი გამხმარი და ტიალი?- მკითხა უფროსმა ქალიშვილმა, ამბავი რომ დავამთავრე და ცამე აზიდულ, სიცოცხლით სავსე, ვეებერთელა მოშრიალე ცაცხვს ახედა... და როდესაც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ძლივს შესამჩნევი ღიმილით თვალი უმცროსი დისაკენ გააპარა. -მერე? - მკითხა უმცროსმა და მღელვარებისაგან გამშრალი ტუჩები ენის წვერით გაილოკა. -მერე, მე სამი დღე და ღამე ვიწექი ამ ველზე გულაღმა და ყვავილებში დარჩენილ იმ ფერთა საოცარ სიმღერას ვისმენდი, მე ახლაც მესმის ის ჰანგი სუსტად. თქვენ არ გესმით?- ვკითხე შვილებს. ბავშვებმა ველს მიაყურადეს, მერე სინანულით გააქნიეს თავი- არაო. -აბა, ყვავილებში დაწექით გულაღმა და კარგად მიაყურადეთ,- ვუთხარი, ბავშვები გულაღმა დაწვნენ ყვავილებში, თვალები რდახუჭეს და სმენად იქცნენ. ასე იწვნენ გაუნძრევლად თითქმის ხუთი წუთი და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. -გესმით?- ვკითხე ბოლოს. -არა!- თქვა უმცროსმა. -მესმის, ოღონდ ძალიან შორიდან და ძალიან სუსტად,- თქვა უფროსმა. -არა უშავს, მთავარია, რომ გესმის. -შენ გარდა უნახავს ვინმეს ის გოგონა?- მკითხა უფროსმა მოულოდნელად. -არავის. ვისაც არ ვკითხე, ვისაც არ მოვუყევი, არავის უნახავს... არც არავის სჯერა... -დედას? -რა დედას? -დედას თუ სჯერა?- მკითხა უმცროსმა. -რაო დედამ? -დედამ თქვა, რომ მე გავგიჟდი... რაო, თქვენთვისაც ხომ არ უთქვამს?.. ბავშვებმა თავი დახარეს. -არც თქვენ გჯერათ?- ვკითხე ბავშვებს. ბავშვებმა ერთმანეთს გახედეს და როდესაც მათი თვალები შეხვდნენ ერთმანეთს, უცებ მომიბრუნდნენ და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნიეს, ოღონდ-კიო, არც ერთს არ უთქვამს. კვლავ დუმილი ჩამოვარდა და როდესაც მე აღარაფერი ვთქვი, დუმილი უფროსმა დაარღვია. -მერე რაღა მოხდა? -არაფერი. მას შემდეგ მე ყოველ გაზაფხულს, თითქმის ყოველდღე, გამოვდივარ ამ ყვავილებით მოჩითულ ველზე. ვდგები ამ ათასწლოვანი ცაცხვის ძირში, გავცქერი სივრცეს და ველოდები, როდის მოვენატრები ჩემს პატარა მეგობარს, როდის გამოჩნდება ცის დასალიერე ულამაზეს შვიდფეროვან ქარბორბალად, როდის მოვა და როდის წამიყვანს... ამჯერად დუმილი უსაშველოდ დიდხანს გაგრძელდა. -მოენატრები, მოვა და წაგიყვანს!- თქვა ბოლოს უფროსმა გამქრალი ხმით/ -ჩვენ?!- ეს უმცროსმა იკითხა. -თქვენ რა? -მერე, ჩვენ რა ვქნათ?!- და რომ შევხედე, უზარმაზარი თაფლისფერი თვალები აუარება ცრემლით ჰქონდა სავსე, ქვედა ტუჩი მოპრანჭვოდა, გვერდზე გაქცეოდა და ნიკაპი უკანკალებდა. მარცხენა ძუძუს ქვეშ რაღაც ამეწვა. მივედი, მკლავები გავშალე და გულში ჩავიკარი. ჩავიკარი და გავოცდი, იგი თანდათან შემოვიდა ჩემს სხეულში და მას ახლა, როგორც სითბოს ისე ვგრძნობდი გულთან. ??????
წყარო: www.biblioteka.litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი