კონსტანტინე გამსახურდია
ზოგიერთი მწერალი ზღვას ჰგავს თავისი მღელვარებით, ზოგი მთას, დიდებულებითა და ზვიადობით, ზოგი კიდევ ნაირფერადი ყვავილებით მოჩითულ, თვალუწვდენელ, მშვენიერ ტრამალს. გამსახურდია არც ერთ მათგანს არ ჰგავს. იგი ცეცხლგამძლე აგურით ნაგები, მარადიული ცეცხლის შემნახველი, მკვიდრი ბუხარია. როგორც ქარბუქში დამზრალსა და იმედგადაწყვეტილ კაცს მიწვდება ხოლმე შორეული საკვამურიდან აღმომხდარი კვამლის სასიცოცხლო სუნთქვა და მიაშურებს ხოლმე მას სულის გასათბობად, ისე დგას გამსახურდია თითქმის საუკუნეა თავისი ხალხის იმედად ქართულ ლიტერატურაში. ხალხში მწერლებზე ასეთი წარმოდგენაა: მწერალმა ყოველ წუთს, ყოველ წამს სული უნდა უბეროს ქართულ კერას, რომ არ ჩაქრეს იგი, და არ განელდეს ცეცხლი ეროვნული. გამსახურდია თავად არის ეს ცეცხლი, სახმილი, შეშა და ბუხარი მოგიზგიზე. იგი ოქრომჭედელია ქართული სიტყვისა და თუმცა მის სიტყვას სინატიფე და სილამაზე არათუ აკლია, არამედ ზედმიწევნითაც აქვს მომადლებული, იგი დაზგას კი არ უზის, ზიზილპიპილოებს, საყურეებს, ბეჭდებს და სამაჯურებს კი არ ჭედს და აგვირისტებს, იგი მკლავებდაკაპიწებული, ცეცხლისაგან სახეგარუჯული გრდემლთან დგას უროთი ხელში და სამეფო მუზარადებს, საომარ აბჯარს, ჯაჭვის პერანგებს, სატევრებსა და ფარშიმშერს სჭედს ლურჯი ფოლადისაგან. აი, ვინ არის კონსტანტინე გამსახურდია. მცდარია აზრი, თითქოს რუსთაველიდან დღემდე ენის ხიდი გამსახურდიამ გადოო, – მცდარია იმიტომ, რომ რუსთაველიდან დღემდე ნაპრალი, ხრამი და უფსკრული არ ყოფილა, რომ ვინმეს ზედ ხიდები ეშენებინა. იყვნენ გურამიშვილი, საბა-სულხანი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი და სხვანი. გამსახურდიას არ სჭირდება ხიდების მშენებლის მოგონილი პროფესია; იგი მარგალიტის მაძიებელი იყო და ქართული ენის უსაზღვრო ოკეანის ფსკერიდან სხვაზე მეტი მარგალიტი ამოჰქონდა და აბნევდა ქართული პროზის ნოყიერ ხნულში. ეს იმიტომ, რომ სხვაზე ძლიერი ფილტვები ჰქონდა და სხვაზე უფრო გამჭრიახი თვალი. შემაძრწუნებელი სიმართლის თქმა იცოდა ბატონმა კონსტანტინემ: ისევ და ისევ ერის სასიკეთოდ: “ჩვენში ყველა ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა… პიპა. …მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტირით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები…” განსაცვიფრებელი იყო ოცდაათიანი წლების ქართულ პროზაში თანამედროვეობის ისეთი მძაფრი აღქმა, მხატვრულ ფერებში მოქცევა და მათი ლიტერატურაში გადმოტანა, როგორი გაბედულებითაც ამას გამსახურდია აკეთებდა. წყარო: http://lib.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი