სიტყვა პაოლო იაშვილზე


მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც პაოლო იაშვილის სახელის ხსენებაზე პირზე ხელს აფარებდნენ შეშინებული მშობლები.

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელთა თვალში ზოგიერთი ცდილობდა, პაოლოს ჭეშმარიტად რაინდული საქმეები ისე დაეხურდავებინა, როგორც იესოს ჩადენილი სასწაულები, მისი შემოქმედება ჰგავს დანგრეულ ტაძარს, მაგრამ მან მაინც მოასწრო ხმის გამოღება ვით დიდმა ზარმა, სამრეკლოდან ჩამოგდებულმა და ხმა იმ ზარისა მაინც შეეხო ჩვენს გულებს და ააჩქარა და ააღელვა და ახალი ძალით ააძგერა იგი.

მე, ჩემი მადლიერი თაობის სახელით მოწიწებით ვხრი თავს მისი ნიჭიერების წინაშე.

რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო მკრეხელობა, ცინიზმი და სულმდაბლობა, რომ მისი სტრიქონების ავტორისათვის სამშობლოს ღალატი დაებრალებინათ.

რაოდენ სულმდაბალი უნდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელმაც ამ სტრიქონების ავტორს ხალხის მტრის დაღი დაასვა და ხალხის ღალატი დააბრალა.

მაგრამ რაოდენ დიდი უნდა იყოს ერის ბუნება, რომელიც არ აჰყვა კაენის სულის აღზევებას _ როგორც ეს ბრძანა პოეტმა და კვლავ აამაღლა თავისი წაქცეული შვილი.

ნეტავ რა მოკლავს პაოლო იაშვილს, რომელსაც ისეთი ჭირისუფალი ჰყავს, როგორიც ქართველი ხალხია.

და თუ ლექსი და სიყვარული უკვდავია, მაშინ უკვდავია პაოლო იაშვილიც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი