ანა კალანდაძე
გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი სიტყვა, რომელიც ანას მისამართით გავიგონე, ბოროტი და გამქირდავი იყო, უნივერსიტეტის წინ, ჭადრის ჩრდილში, ერთ ვიღაცას გაზეთი “ლიტერატურა და ხელოვნება” გაეშალა და მეორეს უკითხავდა – ნახე რას წერს – “ყაყაჩოს ღვინო სალხინოვო”. ყაყაჩოს ღვინო თუ გაგიგია შენ? – არ გამიგიაო, – ეუბნებოდა მეორე და იცინოდა. 1946 წლის 14 ივნისი იყო. შევედი სტუდენტთა სამკითხველოში – გაზეთი არ ჰქონდათ, შევედი პროფესორთა და ასპირანტთა ბიბლიოთეკაში – გაზეთი არ ჰქონდათ. კიოსკს მივადექი – გაზეთი აღარ იყო. იმ დღეს თბილისში გაზეთი “ლიტერატურა და ხელოვნება” გაწყდა. ჩათვლა გვქონდა ეკონომისტებს “ფულსა და კრედიტში”, 27 კაცი ველოდით ლექტორს. აუდიტორიაში პროფესორი ნიკოლოზ ქოიავა შემოვიდა, მაგიდას მიუჯდა, ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე დაფასთან გამომიძახა, გაზეთი “ლიტერატურა და ხელოვნება” გამომიწოდა და მითხრა: “читай думбадзе, вслух читай!” ვკითხულობდი: და რა ქალი?! ხელის გულით სატარები, რა თვალები? ელვის ცეცხლის დამჭერი, ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები, შეხედეს და… შეუკურთხეს გამჩენი… რომ დავამთავრე, არავის არ უკითხავს, შეიძლებოდა თუ არა ხელისგულით ქალის ტარება, თვალებით ელვის ცეცხლის დაჭერა, ქალისათვის გამჩენის შეკურთხება, სანაპიროზე სტვენა და ფეხშიშველა სიარული და სხვა ამგვარი. ყველა მე მიცქეროდა და მე კი ყველას, ასეთი საყოველთაო განცვიფრება და დუმილი პირველად მოვისმინე. …და ანიკოს ოჯახს ააშენებს ღმერთი. პროფესორმა გაზეთი სათუთად დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო, ადგა და წავიდა. იმ დღეს ჩათვლა ყველამ მიიღო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი