დიდრო
დიდრო სხვამ რომ ჩინ-მედლები ჩამოიტანა რუსეთ-იაპონიის ომიდან, ედემიკა ვეშაპიძემ პორტ-არტურიდან მამალი ათაშანგი ჩამოიტანა, მერე თავის და დაფინო აფხაზავას ტვინგაწყალებულ ნაყოფს დიდრო დაარქვა და ვითომ აქ არაფერიაო, ისე დაიკრიფა გულზე ხელი და ისე ათრევია თავი ოთხ მუტრუკს კონცხოულას სასაფლაოზე. ობლად დარჩენილმა დიდრომ, თავის მხრივ დედა უტირა თავისი დიდი სეხნიის, ფრანგი განმანათლებლის დენი დიდროს მოძღვრებას ადამიანის თანდაყოლილი ნიჭის შესახებ და სადღაც ორჯერ ორსა და სამჯერ სამს შორის რომ ღობეა, იმაში გაეკვეხა თავით სამუდამოდ. - ეუ! დიდროია, პორტ-არტურის შპიონო! - ეუ! დიდროია, იოამას ნაბიჭვარო! - გაჰკივიან სუფსის ჭალაში გუთურელი ბიჭები და სიცილით ასკდებიან ერთმანეთს. - დადექით, თუ ბიჭები ხართ, თქვე შობელგაღლეტილებო. და გიტირებთ დედის სულს! - ბღავის დიდრო და მოღერებული ქვით დასდევს ჭალაში გაფანტულ ბიჭებს. - დიდროია ბურძგალა! - დიდროია ხაბაკა! - დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს გუთურელი ბიჭები და მერე სამგელიას მორევში იგრილებენ გახურებულ ბეჭებსა და ცხელ ქვიშაზე სირბილით დაფუფქულ ფეხისგულებს. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, დიდროიას მოღერებული ქვა ესროლოს ბავშვებისათვის, მოიქნევს ხელს, მერე იმ მოქნეულ ხელს შუაგზაზე მოთოკავს, ისე დახედავს იმ რიყის ქვას, თითქოს ქვა კი არა, მარგალიტი იყოს და სასოებით ჩაიდებს დაკონკილ შარვლის ჯიბეში. დიდრო და დიდროსნაირი სახელები ვის გაჰკვირვებია გურიაში. მარტო გუთურში სამამულო ომამადე 4 ოტელი, 8 ჰამლეტი, 7 შექსპირი, 5 დეზდემონა და 3 ოფელია ცხოვრობდა, მაგრამ წივილ-კივილითა და ჟივილ-ხივილით არავინ დადევნებია. დიდრო სხვა იყო. დიდრო, გარდა იმისა რომ დიდრო იყო, კიდევ ბურძალა იყო, ხაბაკა იყო და ქაფურა იყო. ბურძგალა იმიტომ იყო დიდრო, რომ თმა ჰქონდა ზღარბივით აბურძგნული და, გარდა ამისა, ნიძლავზე, ხიდან ჩამოგდბეულ წაბლს ბურძგალას შიშველი ფეხით აცლიდა. ხაბაკა იმიტომ იყო დიდრო, რომ მაგაზე მეტ სიმძიმეს კაცი ვერ წევდა. რამდენჯერ მინახავს, როგორ მიაცილებდა სამ მანეთად ან მანეთად ორივე მხარზე ხურჯინებგადაკიდებული და გაძეძგილი კალათებით მკლავებდაწყვეტილი დიდრო სოფლიდან რაიონულ ცენტრში ვიღაცას. კაცი ან გამოუცდელი ან ხვადაგი უნდა ყოფილიყო, ასეთ დროს დიდროს რომ მისალმებოდა. მე შენ გეტყვი, არ გაგიჩერდებოდა, ბარგს ჩამოდგამდა, ჩამოჯდებოდა, დაისვენებდა და ისე გამოგელაპარაკებოდა. დადგებოდა ასე აქლემივით დატვირთული, კისერწაგრძელებული, თვალებგადმოკარკლული და გაგიბამდა მუსაიფს. - ვისი ხარ შენ, კი ვერ გიცანი! - მე ვარ ნოდარი, ქიშვარდის ბადიში! - აუ, რა კატლეტს მაჭმევდა უფასოდ ბაბუაშენი გუთურის სასადილოში პოვრად რომ მუშაობდა. საიდან მოდიხარ? - ქალაქიდან. - ხომაა მშვიდობა? - კი. - რამდენი დღით ჩამოდი? - ერთი კვირით. - აუ, რას დამგვანებიხარ, ბიჭო! ერთი კვირა გამოგაკეთებს შენ? - დიდროია, გამოადგი ფეხი, მაგვიანდება ავტობუსზე! - აჩქარებს ბარგის პატრონი. - მაცალე, ბიჭო, კაცთან ლაპარაკი. თვარა დაგიყრი ამ ხაბაკს აგერ შარაზე და გადაიხიე ის შენი სამი მანეთი თავზე! - აფრთხიელბს ბარგის პატრონს, - ლადიკოს ბიჭია, კალანდაძის, - მაცნობს შემდეგ მე. - ვიცნობ, დიდრო! - აუ, რა გაუხარდება მამიდაშენს ახლა შენი დანახვა! გაიგებდი ალბათ, გველმა რომ უკბინა თამაზის, შენს მამიდაშვილს! - აქ არ ვიყავი, დიდროია, მაშინ? - გავახსენე დიდროს. - ისიც გეცოდინება, აბა, ჯარში რომ წაიყვანეს! - მაგიც ვიცი! - ყველაფერი თუ იცოდი, რაღას მოდიოდი, ვერ დარჩი ქალაქში? - ეწყინა დიდროს. - გავბრუნდები, აბა, უკან, რადგან ასეა! - ვეუბნები დიდროს. - ფეხი არ მოიცვალო აქედან, მივურბენიებ ამ გლახას ამ ხაბაკს ავტობუსამდე და ამ წუთში აქ გავჩნდები! - მეუბნება დიდრო და ძუნძულით გარბის. მერე უცებ ტრიალდება მე მეხვეწება: - არ დამიძახო ბიჭო, ახლა, დიდროია ხაბაკაო, და რომ მოვბრუნდები, უფულოდ წაგიღებ მაგ ჩემოდანს სოფელში. მაინც იქით მაქვს გზაი. ყელში მობჯენილ ბურთს ძლივს ვაბრუნებ უკან და ღიმილით ვუქნევ თავს დიდროიას. ღიმილს ვამბობ, თორემ ვაი ასეთ ღიმილს, ერთი ტირილი ქვეყანას მირჩევნია. მერე ჩემოდანს ვდგამ გზის პირას, ზედ ვჯდები და ძუნძულით მიმავალ დიდროიას ველოდები. რაც შეეხება ზედმეტ სახელს „ქაფურას“, იგი ამ სამი წლის წინ შეერქვა დიდროს ჩემი თანდასწრებით. ● საზაფხულო არდადეგებზე გახლდით ჩასული სოფელში. კვირა დღე იყო. მთელ გუთურელ ლაზღანდარებს საპარიკმახეროში მოეყარათ თავი და გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს დალაქ ექვთიმე ყვაპუტასა და დიდროს პაექრობას. საპარიკმახეროში რომ შევედი, პაექრობა კარგა ხნის დაწყებული იყო და ჩემთვის ყურადღება არავის მოიქცევია. - დიდრო ბატონო, კიდევ ერთი ამოცანა მკითხე და თუ ვერ ამოვხსენი, მთელი თვე უფასოდ გპარსავ. - ეხვეწებოდა ექვთიმე ყვაპუტა დიდროს (ექვთიმეს - „ყვაპუტას“ მისი მორჩილი ტანისა და სიმსუქნის გამოე ეძახდნენ. მთელ სოფელში ექვთიმე ერთადერთი კაცი იყო, რომელიც დიდროს ბატონობით ელაპარაკებოდა. დიდრო, რა თქმა უნდა, დაცინვას ვერ ხვდებოდა და „ბატონოს“ ღირსეულად იფერებდა). - კარგი, აბა, თვითონ, ბატონო ექვთიმე, მითხარი მე შენ, ორი ქვეყნის: ამერიკისა და იაპონიის საზღვარზე მამალი ზის ღობეზე, თავი იქით აქვს - იაპონიის საზღვარზე, და კუდი აქეთ - ამერიკისკენ. დადვა უცებ მამალმა კვერცხი ზედ შუა საზღვარზე, რომლისაა კვერცხი - ამერიკისა თუ იაპონიის? - ჰკითხა დიდრომ და პასუხის მოლოდნში თვალები მოწკურა. - ამერიკის! - დაიძახა ვითომ გახარებულმა ექვთიმემ. - რატომ? - ჰკითხა ირონიულად დიდრომ. - იმიტომ, რომ კუდი ამერიკისკენ აქვს, დიდრო ბატონო! - დაასაბუთა ყვაპუტამ. - მაგი არაფერს არ ნიშნავს. - ჩაუყარა წყალში ნაშრომი დიდრომ. - იაპონიისაა კვერცხი! - დაიხია უკან ექვთიმემ. (ეს ცნობილი ამოცანა ლაფსუსია, ჯერძოდ ის, რომ მამალი კვერცხს არ დებს, დიდროს არ მოსწონს, რადგან მთელმა მსოფლიომ იცის მისი ამოხსნა. დიდროს სხვა, ახალი, უფრო საინტერესო და მოულოდნელი ფინალი აქვს მომზადებული). - ვაი, შენ აბდალა, სადა აქვს ამერიკას და იაპონიას საზღვარი? - ჰკითხა დაცინვით დიდრომ ექვთიმე ყვაპუტას. საპარიკმახერო შეაზანზარა სიცილმა. - შენი ყოფილა, ბატონო დიდრო, ქვეყანა და ესაა. - გაშალა ხელები წაგებულმა ექვთიმემ. - მაინც სად ისწავლე ეს ამოცანა?.. - სად და, პორტ-არტურში! - ისე თქვა დიდრომ, თითქოს გუშინ დაბრუნებულიყოს იქიდან. - როდის მოასწარი, დიდრო ბატონო, პორტ-არტურში ყოფნა? - მე და მამაჩემი სად ვიყავით აბა, ცხრაას ოთხში? - ჰკითხა თავის მხრივ დიდრომ. - დედაშენი სად იყო მაშინ? - რა უნდა ველაპარაკო ამ აბდალას, - მოგვიბრუნდა ჩვენ დიდრო. - მამაჩემმა მერე არ შეირთო დედაჩემი, პორტ-არტურიდან რომ დაბრუნდა? ყველამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - შენ სად იყავი მაშინ, დიდრო ბატონო? - ჩასდია ქვესკნელში ყვაპუტამ. - სად ვიყავი და, მამაჩემში!? - მახსოვრობა მაქვსო, ამან უნდა თქვას! - შეაქო ყვაპუტამ და უცებ უზომოდ შეწუხებული ხმით სთხოვა გახარებულ დიდროს: - დიდრო ბატონო, რაღაც ნასიცხარს გავხარ, აბა, ერთი ენა გამოყავი გარეთ! შეშინებულმა დიდრომ ჯერ ჩვენ შემოგვხედა, შემდეგ მორცხვად გამოყო ენის წვერი და დაელმებულმა დახედა ზედ. - მაგაზე რა შეგატყო, დიდრო ბატონო, გამოიმეტე მაგი ენა კიდევ ცოტა, შენ კაცო!.. - უსაყვედურა ექვთიმემ. დიდრომ თვალები გადმოქაჩა, უზარმაზარი ენა გადმოაგდო ცოფიანი ძაღლივით და სწორედ მაშინ დაუსვა ექვთიმე ყვაპუტამ იმ ერთ მტკაველზე გადმოგდებულ ენაზე გაქაფული ფუნჯი. - ეუო! - ამოიგმინა დიდრომ, მაგრამ ქაფით გამოტენილი პირი რომ ვერ დახურა, გულზე აფარებული ჭუჭყიანი ზეწარი ჩაიბუშტა პირში და ზმუილით გავარდა გარეთ, გავარდა და... სწორედ იმ დღიდან მიემატა დიდროს კიდევ ერთი ზედმეტი სახელი. სწორედ იმ დღიდან გახდა დიდრო დიდროია ქაფურა. - ეუ, დიდროია ქაფურა, შე პორტ-არტურის შპიონო! - ეუ, დიდროია ქაფურა, შე იოამას ნაბიჭვარო! - ეუ, დიდროია ქაფურა! - მიჰკივიან იმ დღიდან გეთურელი ბიჭები სუფსის ჭალაში ძუნძულით მიმავალ დიდროს და ერთმანეთს ასკდებიან სიცილით. . . . . . . . . . . . . ამბავი რომელსაც ქვემოთ მოგითხრობთ, შარშან მოხდა. გაზაფხულზე სოფელში ვიყავი სამი დღით ჩასული, ოდაზე კრამიტის გამოცვლაში უნდა მივხმარებოდი მამიდაჩემს. მაისის თვე იყო. გაგანია მუშაობის დრო. ჩაის კრეფის გეგმა არ ჩაგვივარდესო და, რაიონის დაზაფრულ ხელმძღვანელობას მასწავლებლიან-მოსწავლეებიან, დირექტორიან-დარაჯიან, დალაქიან, მკერავიან, მრეცხავიან, დახლიდარიან, მწველავიან, მთესველიან, მბარავიან, მთოხნელიანად ყველა ჩაის პლანტაციაში ჰყავდა გამოყრილი. სერგია ბრიგადირის თხოვნით, იმ დილით მეც გავედი სამუშაოზე. ჩაის დუყი ერთ მტკაველზე ალორთქილიყო და კვალს შესეულ თეთრწინსაფრიან და წითელ-ყვითელ პერანგა გოგო-ბიჭებს ისე აეჭრელებინათ ბარდნალის ფერდობი, გაგიკვირდებოდათ, გუშინ რომ წვიმა არ იყო, ერთ ღამეში ამდენი ყვავილი მთის ამ მწვანე კალთაზე რამ ამოაბიბინაო. ჩაის ძირითადად, რა თქმა უნდა, ქალები და მოსწავლეები კრეფდნენ. მამაკაცები კი ზოგი მწონავებსა და მზიდავებს ეხმარებოდა, ზოგიც გვერდზე გადგარიყო და თუთუნის კვამლში გახვეული ქვეყნის ამბებს ყვებოდა. ჩემს მოვალეობას მოკრეფილი ჩაის დავთარში აღნუსხვა და მისი დახარისხება შეადგენდა. სწორედ ამ საქმით ვიყავი გართული, რომ ვიღაცამ დაიძახა, - დიდროია ქაფურა მოდისო. დიდრო ზევიდან ქვევით მოყვებოდა ბარდნალას. ყურებამდე გაღიმებული აქეთ-იქით სალამს არიგებდა, თან ქვამოღერებული აფრთხილებდა ბავშვებს. - გამარჯობა თქვენი, ბაღნებო, არ დამიძახოთ ახლა ქაფურაო, თვარა ამ თავდაღმართში ვერც ერთი ვერ გამასწრებთ. - დიდროია ბურძგალას გაუმარჯოს! - რა გითხარით მე თქვენ?! - ცქვიტა ყური დიდრომ. - ახლა არ თქვი, დიდროია, ქაფურა არ დამიძახოთო? - შეახსენა ვიღაცამ. - რამ გაყო ქაფურა და ბურძგალა?! - მკაცრად იკითხა დიდრომ. - აბა, შენ გაგიმარჯოს დიდროია ხაბაკა! - ა კიდო?! - შედგა დიდრო და იქითკენ გაიხედა, საიდანაც „ხაბაკა“ დაუძახეს. - აბა, რა ქნან, დიდრო ბატონო, ამ ბაღნებმა, აღარც ბურძგალა, აღარც ხაბაკა და აღარც ქაფურა თუ რა დაგიძახეს, ყველა ჩემსავით ღვთისნიერი ხომ არ იქნება? - შეაბრალა ბავშვები დიდროს ექვთიმე ყვაპუტამ. - მაგას კიდევ პორტ-არტურის შპიონი მიძახონ, ის მირჩევნია, მე ხომ ვიცი, რომ არ ვარ და... - აირჩია დიდრომ, მერე ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა: - შემიტანე სიაში, ქიშვარდიეს ბადიშო! - რომელ სიაში , მკრეფავების, მწონავების, თუ მზიდავების? - ვკითხე დიდროს. - რომელი ჯობია? - მთხოვა რჩევა დიდრომ. - მე თუ მკითხავ, ახლა, აგერ, ხის ძირში მხართეძოზე წამოწოლას არაფერი ჯობია, დიდრო! - მხართეძოზე სახლშიც კი ვიწექი, აბდალა. ჩამწერე მზიდავებში! - გადაწყვიტა დიდრომ. ჩავწერე. - როგორ ჩამწერე? - მკითხა დაეჭვებით. - დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძე! - წავუკითხე მე. - შემახედე! შევახედე. დიდრომ დიდხანს უყურა სიას, მერე ექვთიმე ყვაპუტას მიუბრუნდა და ჰკითხა: - დასტურ ასე წერია, ექვთიმა? - დასტურ! - არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა? - არც ბურძგალა, არც ხაბაკა, არც ქაფურა, დიდრო ბატონო! - აბა, ამიწიეთ მაგი გოდორი! - ეცა გოდორს გახარებული დიდრო. გოდორი ვეებერთელა იყო და მძიმე. - მაგი გოდორი დიდია და მძიმე, დიდრო ბატონო, თან ჩაი სველია, ჯერ ცვრიანი, გაგიჭირდება, - გააფრთხილა ექვთიმე ყვაპუტამ. დიდროს გაეღიმა, გვერდით მდგომ ქესკინა მელივას ბიჭს იღლიებზე ხელი შეუცურა, გოდორზე შეაგდო და - დამიბეკნეო, უთხრა, ქესკინას ბიჭმა გოდორი შუაზე ჩაიყვანა. - დაუმატეთ! - თქვა დიდრომ. დაუმატეს. - კიდე! კიდევ დაუმატეს. პირთამდე გაივსო გოდორი, გაიძეძგა.- - ეყოფა, შე მამაძაღლო, ხომ ხედავ, წვენი გაუვიდა! - ჩამოაგდო ექვთიმე ყვაპუტამ გოდრიდან ქესკინას ბიჭი. დიდრომ გოდორი მოსინჯა, ემსუბუქა. - ამას კრეფდით მთელი სოფელი? - გვისაყვედურა, - დაადევით მაგი ტომარა ზევიდან! დაადვეს. - მეორეც! - გადელდა! - თქვა ყვაპუტამ. - ნიძლავი! - თქვა დიდრომ. - ასი გაპარსვა! - წამოიძახა ყვაპუტამ. - ექვთიმა, ერთი წლის გაპარსვა მაქვს შენთვის მოგებული დღეში ორჯერ. ახლა შენ დამენიძლავე, ქიშვარდის ბადიშო, მაგ შარვალზე, - მითხრა დიდრომ და ჩემს ტეხასურ შარვალს ჩააშტერდა. - არ მინდა ნიძლავი, დიდრო, ისე მოგცემ. - ისე რა, შენი მათხოვარი კი არ ვარ! - ეწყინა დიდროს. - ახლა ნუ გამხდი და შინ რომ მივალ, გამოვიცვლი და მოგართმევ. დიდრომ ისევ მოსინჯა გოდორი, ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ უკან აღარ დაიხია. - ამიწიეთ! - თქვა და გოდრის წინ ჩაიმუხლა. ვიღაცამ ბაწარი მოარბენინა, ის ორი გატენილი ტომარა ზევიდან დააკრეს ტყვიასავით გაძეძგილ გოდორს და ოთხმა კაცმა დიდი გაჭირვებით მოჰკიდა ზურგზე დიდროს გოდორი. - გამაგრდი, დიდროია ხაბაკა! - შეეშველა ვიღაცა. - არ წახდე, ბურძგალა! - მიდი, ქაფურა, მიაწექი! დიდრო დაბარბაცდა, გაუშვი ხელი, თორემ წააგე! - დასჭყივლა ვიღაცამ. დიდრომ დამდუღრულივით წაართვა ხელი ტუნგოს და ისევ დაბარბაცდა. - შეეშვი, დიდრო, მაგას და ახლავე ვიხდი შარვალს. - ვთხოვე მე, მაგრამ დიდროს გაჩერება აღარ შეიძლებოდა. იგი დაიძრა, ჯერ მთვრალი კაცივით ზიგზაგებით გაჰყვა ბილიკს, მერე ნელ-ნელა გამართა ნაბიჯი, კიდევ, კიდევ და ბოლოს ძალიან მძიმე, ძალიან დინჯი და ძალიან ნელი ნაბიჯით გაუდგა გზას ჩაის პუნქტისაკენ. ღვედები თითის დადებაზე ჩაუჯდა მხრებში. კისრის მყესები იმ ღვედებივით დაეჭიმა, შუბლზე ლურჯი ძარღვი ამოებურცა და თვალები სისხლით აევსო. - გააჩერე! - ვთხოვე ექვთიმე ყვაპუტას. - სუფასას გააჩერებ ახლა და მაგას ვერა! - თქვა ექვთიმემ. - ჩაის პუნქტამდე 250-300 მეტრი იქნებოდა. ხალხი ერთხანს გაშტერებული იდგა, კაცი არ ჩანდა, მათ წინ ფეხადგმული უზარმაზარი, უფორმო, კლდის ნაგლეჯი თუ რაღაც ორფეხზე შემდგარი განათხარი გიგანტური ცხოველი მიაბიჯებდა. მერე ბრბო უცებ დაიძრა და იმ ფეხადგმულ ზღაპრულ მაჯლაჯუნას აედევნა. ბავშვები წინ გავარდნენ. - მიდი, დიდროია! - ცოტა და, შენია ნოდარას შარვალი! - მიდი, მიდი, დიდროია! - ამხნევებდნენ ბავშვები. - ახლა მაგის საცოდაობა თუ გინდა, უნდა დაუარო თავი და გამარჯობა უნდა უთხრა! - იხუმრა ვიღაცამ. ხალხმა გულიანად გაიცინა. - მიდი, დიდრო, ათი ფეხის ნაბიჯი დაგრჩა! - რვა... შვიდი... ექვსი... - გაუძელი, დიდრო! - სამი... ორი... - ერთი... დიდრო, კაცი ხარ, კაცი! - კიოდნენ ბავშვები და გუგუნებდა ხალხი. დიდრო გოდრიანად დაჯდა მიწაზე სასწორის გვერდით. ერთხანს დამბლადაცემულივით იჯდა, მკლავებ და ფეხებმოწყვეტილი. სილურჯემ რომ გაუარა და კირივით გაფითრებულუ ტუჩებში სისხლი რომ დაუბრუნდა, გაიღიმა და გულაღმა გაგორდა ბალახზე. მერე პირდაღმა ჩაბრუნდა და ოფლიანი სახე გრილ ბალახზე გადააგორ-გადმოაგორა. ოთხმა კაცმა რის ვაი-ვაგლახით შეაგდეს გოდორი სასწორზე. ყველანი სასწორს მივცვივდით. ერთი გირი შემოუგდეს, მეორე, მესამე, მეოთხე, ვერაფერმა რომ ვეღარ გადაწონა, ქვა დაუდეს გვერდით - ათ კილოს უდრისო. - მოკალით ღვთისშვილი, შობელძაღლებო? - იკითხა გაოცებისაგან თვალებგადმოცვენილმა ბენედიქტე მწონავმა. - რამდენია? - იკითხა ვიღაცამ. - 141 კილო! - თქვა ბენედიქტემ. - აუუუ! - ამოიგმინა ხალხმა. ყველა იქით შებრუნდა, სადაც გაგორებული დიდრო ეგულებოდათ, მაგრამ დიდრო იქ აღარ იყო. იგი თავჩაქინდრული, წელში მოხრილი და მკლავებჩამოყრილი უკანმოუხედავად მიძუნძულებდა ბილიკზე, სუფსის ჭალაში. ეს იყო ერთადერთი დღე მის ცხოვრებაში, როდესაც არავის დადევნებია დიდროია, პორტ-არტურის შპიონოს, დიდროია, ოიამას ნაბიჭვაროს, დიდროია, ბურძგალას, დიდროია, ქაფურას, დიდროია, ხაბაკას ძახილით. 141 კგ ჩაი ჩავწერე დიდრო ედემიკას ძე ვეშაპიძის გასწვრივ წითელი ფანქრით და დავთარი დავხურე. საღამოს ის ტეხასური შარვალი გავიხადე, დიდროს თვალი რომ ზედ დარჩა, გაზეთში გავახვიე, სხვა შარვალი ჩავიცვი... გაზეთში გახვეული შარვალი იღლიაში ამოვიჩარე და დიდროსთან წავედი. ● დიდროს ყავრით გადახურული ორთვალიანი პატარა ოდა ზედ სუფსის პირას დგას. მთელი ჩემი ბავშვობა ამ სახლის გარშემო სირბილში გავატარე და არასდროს აზრად არ მომსვლია შიგ შემეხედა. არ ვიცი შიშის გრძნობა იყო ეს თუ რიდისა, რომელსაც ყველა მარტოხელა კაცის სახლი იწვევს, არც ის ვიცი, მაშინ რომელი გრძნობა მჭარბობდა. ერთი კი ცხადია, დიდროს სახლში არასოდეს შემიხედია. ისე კი ყოველ გაზაფხულს საათობით ვმდგარვარ გადარეული სუფსის პირას და შეშინებული, გულისფანცქალით ველოდი, აი ახლა, აი ახლა დაარტყამს ტალღა, დალეწავს და ნაფოტივით წაიღებს დიდროიას სახლს-მეთქი, მაგრამ სახლი იდგა არხეინად, წარბშეუხრელად და გადელებულ სუფსას არაფრად აგდებდა. რამდენჯერ გამიმხელია ბაბუაჩემისათვის ეს ბავშვობის შიში და იმასაც უთქვამს: - შენ კი არა, ბაბუა, მეც ბავშვობიდან, ყოველ ლანქრობას ველოდები მაგ სახლის წაღებას, მაგრამ არ დაადგა საშველი. კუდიანი იყო დიდროიას მამა ედემიკა, ისეთ კლდეზე უდგას ფეხი იმ ოდას, ერთი კი არა, ორი სუფსა ვერ გამოუთხრის ძირს, ისე სულ ბეწვზე კი ჰკიდია შეჩვენებული. სუფსა ამ გაზაფხულზეც უსაშველოდ ადიდებული იყო. ჰოდა, ახლა დიდროს ეზოში რომ შევედი, ჯერ იმ ბავშვობის შიში დამეუფლა, მერე სიხარული, რომ სახლი ისევ ისე არხეინად იდგა და ამ ღამეში ერთადერთი ანთებული თვალით გასცქეროდა გადარეულ მდინარეს. ცა ისე იყო მოწმენდილი და ვარსკვლავებით გაჭედილი, მთვარეს ფეხის მოსაცვლელი ადგილი აღარ დარჩენოდა და შუა ცაში იდგა გაფითრებული და გაშტერებული. ცნობილია, გიჟებს უზომოდ უყვართ ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები, ამიტომ როდესაც დიდროს ეზოში ჩავედი და ოთხი თუ ხუთი ძაღლი შემომეგება კუდის ქიცინითა და წკმუტუნით, არ გამკვირვებია. ისიც ვიცი, რომ ძაღლი სხვის ეზოში კაცს არ უყეფს, ამიტომ როდესცა ამ ხუთიდან ერთმა დამიყეფა და შემომიღრინა, მივხვდი, დიდროსი იყო. გავჩერდი, ძაღლის სახელი არ ვიცოდი და ყასიდად, დიდრო, დიდრო-მეთქი დავუძახე, თან თვალით ქვას და ჯოხს დავუწყე ძებნა. ძაღლი უცებ გაჩერდა, მერე კუდის ქიცინით გამეხახუნა - მობრძანდით, ბატონოო და კარგი მასპინძელივით ამიძღვა აივანზე. ოთახის კარი ღია იყო. შუა ოთახში ძველებურ მრგვალ მაგიდაზე ჭრაქი ბოლავდა. აისისა თუ დაისის მაგვარი ბინდი იდგა ოთახში. თვალი რომ შევაჩვიე ბინდს, დავინახე: მარჯვენა კუთხეში პატარა, დაბალ მაგიდაზე ღვთისმშობლის ხატი ესვენა, წინ ბზის გამხმარი ტოტი ედო. მარცხნივ კედელზე ორი გახუნებული სურათი ეკიდა ახალგაზრდა ქალისა და ულვაშებაწკვიტინებული ჩოხოსანი მამაკაცისა. დაფინოა და ედემიკაა ალბათ, გამიელვა ფიქრმა. სურათების ქვეშ ტახტი იდგა. ტახტზე დიდრო იწვა ტანგაუხდელად. თავთან, სამფეხა სკამზე, პატარა სველი დოქი იდგა. ოთახში კიდევ ერთი მრგვალსაზურგიანი სელის სკამი იდგა. ეს ყველაფეირ თვალის ერთი მოვლებით შევამჩნიე, მეტი ვერაფერი. თუმცა, არა, ოთახის ჭერზე ელექტრონათურაც ეკიდა, მაგრამ არ ენთო. - დიდრო, შეიძლება? - ვკითხე მორიდებით. თავი დამიქნია ღიმილით, მერე სელის სკამს შეხედა, ალბათ - დაბრძანდითო, უნდოდა ეთქვა; - ისვენებ, დიდრო? - ვკითხე. - არაო, - გადაიქნია თავი. - რამე ხომ არ გტკივა, დიდრო? - კიო, - თავი დამიქნია. უსიამო ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ახლოს მივედი, დოქი ტუჩთან მივუტანე, თავი წამოვუწიე და წყალი დავალევინე. - რა გტკივა, დიდრო? - გაწყდა, - თქვა დიდრომ ჩურჩულით, წყალი რომ მოსვა. - რა? - ჩურჩულით ვკითხე მეც ძალაუნებურად. - არ ვიცი! - სად, დიდრო? - აქ და აქ... - დიდრომ მარცხენა ხელი გულზე დაიდო, მარჯვენა საფეთქელთან მიიტანა. - აქა და აქ გაწყდა! ისევ დამიარა ჟრუანტელმა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, დიდროს სახე ნაცრისფერი ჰქონდა, თვალები კი - შეშინებული. - წავალ და ექიმს მოვიყვან! - ვთქვი და წასვლა დავაპირე. - არ დამტოვო! მტაცა ხელი დიდრომ და ისე მაგრად მომიჭირა, ძალაუნებურად დავჯექი. თვალს არ მაცილებდა, ის ძველებური ელვა აღარ დაურბოდა შიგ. - რამდენი იყო? - მკითხა. - რა? - გამიკვირდა და მერე მივხვდი, ჩაიზე მეკითხებოდა. - 141 კილო, დიდრო!.. - მაგი რამდენია? - ძალიან ბევრი. - მაინც? - რვა ფუთი და ცამეტი კილო. - ბევრია მაგი? - 17 ბათმანი და 5 კილოა, დიდრო! - კი ყოფილა ბევრი! - წავალ ახლა და ექიმს მოვიყვან, დიდრო! - წამოდგომა დავაპირე. - არ დამტოვო! შემევედრა შეშინებული დიდრო და ისე მაგრამ მომიჭირა ხელი მაჯაზე, ძვლებმა გაიტკაცუნეს. ყვირილი მინდოდა, მაგრამ შემრცხვა და გავუძელი. - შარვალი მოგიტანე, დიდრო! - რა შარვალი, ბიჭო? - მკითხა და ოდნავ შემიშვა ხელი. - წაგებული შარვალი. - ბიჭო, შენ ხუმრობა არ იცი? - მკითხა დიდრომ. - მე მაინც ორი მაქვს, დიდრო... დიდრომ მაგიდისკენ გაიხედა, სადაც გახვეული შარვალი იდო, დიდხანს ფიქრობდა, მერე მომიბრუნდა და ისევ ჩურჩულით მითხრა. - თქვი: დედა მომიკვდეს, მამა მომიკვდეს, ყველა დამეხოცოს თუ მიგატოვო დიდროია-თქვა! - დედა მომიკვდეს, მამა მომიკვდეს, ყველა დამეხოცოს თუ მიგატოვო დიდროია. - გავიმეორე ხმის კანკალით. - მიდი ახლა შკაფთან და გამოაღე ქვედა უჯრა. - მითხრა დიდრომ და ძალიან ფრთხილად გამიშვა ხელი. მე განჯინისაკენ წავედი. თვალი გამომაყოლა. მივედი. დავიხარე და ქვედა უჯრა გამოვაღე. - არის რამე შიგ? - მკითხა დიდრომ. უჯრა სავსე იყო მანეთიანებითა და სამმანეთიანებით. - რამდენია? - ბევრი. - მაინც? - იქნება ასე. 100-200 მანეთი. - შენ შარვალს ეყოფა? - გაგიჟდი, დიდრო? - მოდი აქ ახლა და დაჯექი! მივედი. ისევ მტაცა მაჯაში ხელი, ოღონდ ახლა უფრო ფრთხილად. - შენია მაგი, ნოდარა! მე ახლა მოვკვდები. ამ შარვლით, მე რომ მაცვია, კაცის დამარხვა საცოდაობაა. აგი გამხადე და იგი ჩამაცვი, ოღონდა ახლა არა, მეტკინება, მერე, რომ მოვკვდები... - დიდრომ თვალები დახუჭა. დიდხანს ძალიან დიდხანს დუმდა. მისი მაგრად მოჭერილი და მხურვალე ხელი რომ არა, დაძინებულს ჰგავდა. სუნთქვაც ისეთი ჰქონდა. - ბიჭო ნოდარა, განათდა! - თქვა დიდრომ უცებ და ლოგინზე წამოჯდა. - განათდა, ბიჭო, ყველაფერი და დაბრუნდა თავის ადგილას, დაბრუნდა და დალაგდა. ყველაფერი თავის ადგილას დადგა - სახლი, ჭალა, სუფსა, ძაღლი, ძროხა, დოქი, ჭრაქი, ხბო, ბუხარი, ხატი, დედაჩემი, მამაჩემი, ადრე რომ ბნელში დაბორიალობდა, ყველაფერი განათდა და დალაგდა. - ფანჯარაში გაიხედა. - ღმერთი გამოჩნდა, ღმერთი, დაილოცოს, ღმერთო, შენი ძალა, ეს რა ჰქენი, რაფერ გაანათე და დაალაგე ყველაფერი ასე. გამოდი, დაენახვე ნოდარას... გამოდი... ორიჯერ ორი ოთხია, ნოდარა, სამჯერ სამი - ცხრა... განათდა და დალაგდა... - დიდრომ მარჯვენა ხელი საფეთქელზე მიიდო, მარცხენათი ისევ ჩემი მაჯა ეჭირა. - აგერ განათდა აქ... ყველაფერს ვხედავ შიგნითად და გარეთაც. ვხედავ, ნოდარა, ვხედავ, შიგნით ვკვდები და გარეთ გამოვდივარ... ვტოვენ შიგნით ყველაფერ ტკივილს, ვტოვებ და გარეთ გამოვდივარ... გამოდი, სულო, გამოდი სინათლეზე, გენაცვალოს დიდრო... რას შვები, ღმერთო, გაგიჟდი? - იკივლა უცებ. - მკლავ, ღმერთო? ახლა, ყველაფერი რომ გაანათე და გამართე, ყველაფერს თავისი ადგილი რომ მიუჩინე, ახლა მართმევ სულს? გაჩერდი, მე შენ გელაპარაკები, დადექი, არ გაუშვა, ნოდარა, თხოვე, ნოდარა, არ მომკლას, ბიჭო, სადა აქვს სამართალი, ახლა მკლავს, ყველაფერი რომ გამინათა და დამილაგა? გამოვიდეს და დაგენახოს, დაგენახოს და დაგელეპარაკოს! ახლა მკლავს, ქაფურა რომ აღარა ვარ. ბურძგალა რომ აღარა ვარ... რას შვები, ღმერთო, არ მომკლა, ე, ბიჭო ნოდარა, თხოვე, ერთი დღე რაა მაგისთვის, ერთი დღე მაცოცხლოს ასე ნათელი, დალაგებული და გამართული... მერე მომკლას, თხოვე, ნოდარა, შენ უღმერთო და უნამუსო, თხოვე!.. - დიდრო ყვირილიდან ჩურჩულზე ჩამოვიდა, მერე სულ წაერთვა ხმა, სულ გაუქრა და გულაღმა გადავარდა. ახლა მხოლოდ ტუჩების მოძრაობაზე ვატყობდი, ისევ იმას მეხვეწებოდა, ღმერთისთვის მეთხოვა კიდევ ერთი, მხოლოდ ერთი დღე ეცოცხლებინა ასე გამართული, დალაგებული და განათებული. წამოხტომა და გაქცევა დავაპირე, მაგრამ დიდროს ისე მაგრად ვეჭირე, ხელს თუ ვინმე მოჭრიდა, თორემ ისე ჩემი გამშვები არ იყო და მაშინ ვიკივლე მეც: - მიშველეთ, ხალხო! დიდრო კვდება, ეი, ხალხო! ექიმს დაუძახეთ, დიდრო კვდება, დიდროოოო! ეჰე-ჰეეე! გამოდით გარეთ, უშველეთ დიდროიას კვდება დიდრო!!! - გარეთ კი გადარეული სუფსა ბღაოდა, მოანგრევდა ხეს და მიწას და ჩემი კივილი არავის ესმოდა. მაშინ მუხლებზე დავეცი და ოთახის მარჯვენა კუთხეში დასვენებულ ღვთისმშობელს მივაპყარ მზერა. - ნუ მოკლავ, ღმერთო, დიდროიას, ახლა მაგის სიკვდილი გაგონილა? ახლა, ყველაფერი რომ დაულაგდა, გაუსწორდა და გაუნათდა!.. ღმერთო!.. - მერე ნელ-ნელა ვიგრძენი, როგორ მოდუნდა დიდროს ხელი, როგორ გაშალა თითები და როგორ დაესვენა მისი მტევანი სამფეხა დოქის გვერდით. დიდრო აღარ სუნთქავდა. - ეს არის, ღმერთო, სამართალი? უხმოდ ავდექი და გარეთ გამოვედი. ეზო ცარიელი იყო. ძაღლები სადღაც წასულიყვნენ. მხოლოდ დიდროს ძაღლი იწვა ჭიშკართან, თავი წინ გაწვდილ თათებზე დაედო და უზომოდ ჭკვიანი თვალებით მიყურებდა. ცაში ავიხედე, ნაცრისფერი ღრუბელი მომძლავრებულიყო და ახლა მთვარე დამნაშავესავით ეფარებოდა იმ ღრუბელს, თან ჩუმად მიიპარებოდა ციდან. სუფსა ღრიალით ასკდებოდა კლდიან ნაპირს, დიდროს ოდა ისევ ბეწვზე ეკიდა და ისევ შემაწუხა ბავშვობის დროინდელმა შიშმა. - ღმერთო, ახლა მაინც დაარტყი ტალღა, დაანგრიე და გაატანე სუფსას ეს უბედური სახლი! - ასე ვთხოვე ხმამაღლა. სუფსა გაუგონარი სიძლიერით ღრიალებდა. მე ალბათ ვერ გავაგონე ზეციერს ვედრება. სახლი ისევ ისე არხეინად იდგა და არაფრად აგდებდა გადელებულ ლანქერს. ეზოდან გავედი. ძაღლი ადგა და წალმოწყვეტილივით გამომყვა. - სად მოდიხარ, ძაღლო? - ვკითხე მე. ძაღლმა, თითქოს შერცხვაო, თვალი ამარიდა, თავი დახარა და კუდი ამოიძუა. წავედი. ცოტა ხნის შემდეგ მოვიხედე. ძაღლი ისევ მომდევდა, ოღონდ ახლა უფრო მოშორებით. - სად იყავი, ბიჭო, ამ შუაღამისას? - გამომარკვია ვიღაცის ხმამ. შევკრთი. ავხედე, თეიმურაზი იყო, ჭანაშვილი, ჩვენი სოფლის აფთიაქარი. - დიდროსთან ვიყავი! - რაო დიდრომ? - მოკვდა დიდრო, თეიმურაზ ბატონო, აღარ არის, გარდაიცვალა. - ვუთხარი მე. - არ გადამრიო - შეიცხადა მას, - ისე კი უქნია ღმერთს მადლი; საცოდაობა იყო მაგის სიცოცხლე. დაილოცოს, ღმერთო, შენი სამართალი. - პირჯვარი გადაისახა, შებრუნდა და დიდროს სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. დიდროს ძაღლი ახლა თეიმურაზ ჭანაშვილს გაჰვა თავჩაღუნული და კუდამოძუებული. ცას ავხედე. მთვარე საერთოდ წასულიყო ციდან.
წყარო: geolit.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი