ჰელლადოს
– ჯემალ, სკრიპკა! – იანგული, ლაწირაკო! – ჯემალ, ქამო! – იანგული, წუწკო ბერძენო! – ჯემალ, წირპლიანო! – პატარების ყოჩო! – ვირისთავო! – ვირის მწყემსო! – გოგოების მაჩალკა! – ხულიგანო! – თბილისელო ჰარიფო! – შენი დედა ვატირე, იანგული! – იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! ● სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული. ნაფოტივით თხელსა და ბეჭებგანიერს სწორი, ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი თვალები და მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. რომ იდგა, მუხლებამდე წვდებოდა უზარმაზარი ტორები. თოთხმეტი წლისა იყო. თავის ტოლ უბნის ბიჭებს შიშის ზარს სცემდა. საოცარი ჩხუბი იცოდა, ორ-სამ ბიჭს ერთად გაასილაქებდა, ხელს არ გაანძრევინებდა. კატასავით სწრაფი იყო, კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი. ზამთარ-ზაფხულ სატინის შავი ხალათით დადიოდა, მკერდგაღეღილი. ვენეციის გზატკეცილზე ცხოვრობდა, მდინარე ჩალბაშის პირას, მამამისთან ერთად. დედა ისე პატარას გარდაცვლოდა, არც კი ახსოვდა. მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, ხელისგულისოდენა ბოსტნით. ერთი ძროხა ჰყავდათ, ერთიც ნაცრისფერი ჩოკინა. რძეს, მაწონს და მწვანილს ჰყიდდნენ მეზობლებში და სოხუმის ბაზარში, იანგული არსად არ სწავლობდა, მამამისს ეხმარებოდა მეურნეობაში და ხანდახან ვირსაც დაჰყვებოდა სავაჭროდ. დანაარჩენი დრო ქუჩაში იყო გადებული. რკინიგზის გადასასვლელთა იდგა ხოლმე, სკოლიდან დაბრუნებულ ბიჭებს ჯიბეებს უჩხრეკდა, ზოგს ძალით, ზოგს ნებით, თუთუნს, ხურდა ფულს, ბრჭყვიალა ნივთებს, ჯაჭვებს, ფერად ფანქრებს, კალმისტრებს ართმევდა, მეორე დღეს იმავე ნივთებს იმავე ბიჭებთან შეღავათიან ფასებში ჰყიდდა. მერე თავიანთსავე ფულზე ეთამაშებოდა, უგებდა, ჯიბეებგატენილი ბრუნდებოდა შინ. ასე გრძელდებოდა ყოველდღე. ამ თოთხმეტი წლის დიქტატორს ყურმოჭრილ მონებად ჰყავდა მთელი ვენეციის გზატკეცილის ბიჭები და მათ შორის ჩემი დეიდაშვილი კოკაც. უბნის ყოჩი იყო იანგული. ჩვენი ნაცნობობა 1938 წლის შემოდგომაზე დაიწყო. დეიდაჩემმა ნინამ, ობლობა რომ არ მეგრძნო, თბილისიდან ჩამოსული მეორე დღესვე მთელ სოხუმში სახელგანთქმულ მუსიკის მასწავლებელ ელენა მიხაილოვნა ნავდროდსკაიასთან მიმიყვანა და მუხლებში ჩაუვარდა: – ობოლია, დედამისი ვიოლინოზე ატარებდა, უდედობა და ობლობა რომ არ იგრძნოს, უარს ნუ მეტყვით; სხვას რომ ახდევინებთ, ორი იმდენი გამომართვით, ოღონდ აიყვანეთო. ნავროდსკაიამ ჯერ სმენა გამისინჯა, მერე ნოტების კითხვაში გამომცადა, თითებზე დამხედა, ნიკაპის ქვეშ ხელით კოჟრი მომისინჯა, ერთხანს იყოყმანა, შემდეგ მეორე ოთახში გავიდა. ვიოლინო გამოიტანა, სიმები მოუშალა და ააწყვეო, მითხრა. დეიდაჩემი შეშინებული მიყურებდა და, როდესაც ვიოლინო ავაწყვე, შვებით ამოისუნთქა. – აბა, ახლა ბეთჰოვენის „ზაზუნა“ დაუკარი! – მითხრა ელენე მიხაილოვნამ, სავარძელში ჩაჯდა და მოსასმენად მოემზადა. ბეთჰოვენის ხსენებაზე დეიდაჩემს საქციელი წაუხდა. – პატივცემულო ელენა მიხაილოვნა, იქნება სხვა, უფრო პატარა კომპოზიტორი გეკითხათ?! – სთხოვა ნავროდსკაიას და ცხვირსახოცით შუბლზე გამოცვარული ოფლი დაიმშრალა. – როგორ, „ზაზუნას“ არ უკრავს? – ჰკითხა გაკვირვებულმა ნავროდსკაიამ დეიდას და წარბები აზიდა. მე მივხვდი, რომ დადგა ის სანატრელი ჟამი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც საშუალება მეძლეოდა თავი დამეხსნა მუსიკის მონობის უღლისაგან, რომელშიც ექვსი წლისამ შემაბა დედაჩემმა და უმოწყალოდ მხედნიდა, საკმარისი იყო ახლა, ამ წუთში, მეთქვა ერთი მაგიური სიტყვა – „არა“, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ არ ვიცი დეიდაჩემის ტანჯულმა სახემ, ნავროდსკაიას გაკვირვებულმა გამოხედვამ, ცამეტი წლის ბავშვის განუზომელმა პატივმოყვარეობამ თუ ჩემთვის გაურკვეველმა კიდევ რაღაც ძალამ ხელში ამაღებინა ვიოლინოს ხემი და ოთახი „ზაზუნას“ მარტივი და განიალური მელოდიით აივსო. როდესაც დაკვრა დავამთავრე, დეიდა ნინას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, ნავროდსკაიას კი სახეზე კმაყოფილი ღიმილი ეფინა. …და ელენა მიხაილოვნა ნავროდსკაიამ ამიყვანა. როდესაც შინ ვბრუნდებოდით და რკინიგზის გადასასვლელს მივუახლოვდით, იანგული ქვაფენილზე იჯდა ფეხმორთხმული და კაკალს ამტვრევდა აგურის ნატეხით. – გამარჯობათ, ნინა ივანოვნა! – მიესალმა იგი დეიდას, როცა ჩავუარეთ. – გაგიმარჯოს! – მოკლედ უპასუხა დეიდამ. – კოკა სადაა? – ჰკითხა იანგულიმ. – კოკა შენსავით უსაქმო კი არ არის, სკოლაშია! – უპასუხა დეიდამ. – ეგ ვინღაა? – შენი საქმე არ არის! – თქვა დეიდა ნინამ და წინ გამიგდო. იანგულიმ გაბმულად დაუსტვინა. ჩვენ გზა განვაგრძეთ. – ეეე, სკრიპკა! – მომესმა უცებ. გაკვირვებულმა მოვიხედე. იანგულის ცალი თვალი მოეჭუტა, კისერი მოეღრიცა, ენა გამოეყო და მარჯვენა ხელს მარცხენაზე ხერხივით ისობდა. მივხვდი, მე მაჯავრებდა ვიოლინოს დაკვრაში. ბრაზისგან გული ყელში მომებჯინა. – მაიმუნო! – დავუძახე და მუშტი მოვუღერე. – ხვალ გამოიარე, შეშა მაქვს დასახერხი! – მიპასუხა სიცილით. – შენ არ მოიშალე ხულიგნობა? – უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი დედაჩემმა. – ვინ არის? – ვკითხე მე. – ბერძნის ბიჭია, იანგული, მამიმისს რძე დააქვს ჩვენთან. არ დაგინახო მაგასთან გავლილი, ხულიგანია, დღე და ღამე ქუჩაში გდია. მე ისევ მოვიხედე უკან, იანგული დამტვრეულ კაკალს არჩევდა, თან გამომწვევად მიცინოდა. ● მეცამეტე სკოლაში სიარული, რომელშიც დეიდაჩემმა მომაწყო, რკინიგზის ლიანდაგზე გავლით მიწევდა, ასე რომ ჩემი და იანგულის ყოველდღიური შეხვედრა თითქმის გარდაუვალი შეიქმნა. დაახლოებით ერთი თვე ყურადღებას არ მაქცევდა. იდგა უბნის ბიჭებში და, როგორც ყოველთვის, კოჭობანას ან პაჟარობანას თამაშობდა. ერთი კი იყო, როგორც კი თვალს მომკრავდა, იმავე წუთში, ჩემს დასანახავად, ვინმეს ან ქუდს ჩამოაფხატავდა თვალებზე, ან პანღურს ამოჰკრავდა, თან ირიბად გამომხედავდა. მეც ისე ჩავუვლიდი, თითქოს ფეხებზე მეკიდა იანგულიცა და მისი მრევლიც. ისე კი ერთი სული მქონდა, ბიჭებში გავრეულიყავი და იანგულის მსგავსად მეც მეჩვენებინა ჩემი შნო და მარიფათი, მაგრამ ჯერ უბანში უცხო, უამხანაგო, უმეგობრო და უდამქაშო ვიყავი, გვერდით ჩემი უმცროსი დეიდაშვილის, კოკას გარდა არავინ მომდევდა, და ამიტომ მისვლას ვერ ვბედავდი, ერთს კი ვგრძნობდი, ჩვენი ურთიერთობა ლაღუმის პატრუქივით თანდათან იწვებოდა, პატარავდებოდა, ფისტონს უახლოვდებოდა, და ერთ მშვენიერი დღეს იფეთქებდა. …და ზუსტად ერთი თვის თავზე ეს დღეც დადგა. ელენა მიხაილოვნას მოწაფე ჰყავდა. მე მოსაცდელში ვიჯექი და ჩემს რიგს ველოდი. მრგვალ მაგიდაზე აკვარიუმი იდგა და შიგ წყალმცენარეებსა, ლამაზ ნიჟარებსა და ქვებს შორის მარაოსავით ფარფლებგაშლილი ოქროს თევზები დასრიალებდნენ, თან პირს სასაცილოდ აფჩენდნენ და ჰაერის ბუშტებს უშვებდნენ. რატომღაც მომეჩვენა, რომ თევზებს სასტიკად შიოდათ და ამიტომ წრიალებდნენ. სასწრაფოდ ამოვიღე ჯიბიდან გაზეთში გახვეული შავი პურისა და ყველის ბუტერბროდი, წვრილწვრილად დავფშვენი და აკვარიუმში ჩავყარე, წყლის ზედაპირი შავი პურისა და ყველის ნაფხვენებით დაიფარა. თევზები ჯერ დაფრთხნენ, ქვებსა და ნიჟარებს ამოეფარნენ, შემდეგ, თითქოს მიხვდნენო ჩემს კეთილ განზრახვას, საფარიდან გამოცვივდნენ და გაშმაგებით შეესივნენ საჭმელს. უზომო კმაყოფილებით ვუმზერდი ოქროს კორიანტელს. აკვარიუმი პატარა ოკეანესავით ღელავდა და ბობოქრობდა. თევზები თავდავიწყებით ტრიალებდნენ და ცეკვავდნენ. მერე თანდათან უკლეს თამაშს. აკვარიუმი დაწყნარდა და დამშვიდდა. ახლა მუცელდაბერილი და დამძიმებული ოქროს თევზები ზანტად დაცურავდნენ მინანქრის ნიჟარებსა და ქვებს შორის, რიგრიგობით მოდიოდნენ მინის კედელთან და თითქოს მადლობას მეუბნებიანო, კუდის ოდნავი მოძრაობით ტოკავდნენ ჩემს წინ, უცებ ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე უფრო დიდი იყო, გულაღმა ამოტრიალდა და ზურგზე დაიწყო ცურვა. გაკვირვებული მივჩერებოდი ამ უცნაურ სანახაობას. მალე სხვა თევზებმაც მიბაძეს. აკვარიუმი თითქოს თავდაყირა ამოატრიალესო, ახლა ყველა თევზი გულაღმა ცურავდა შიგ, თან გამალებით ამუშავებდნენ ლაყუჩებს… წყალში ხელი ჩავყავი და თეევზების წაღმა გადმობრუნება ვცადე, მაგრამ ამაოდ, ისინი კვლავ გულაღმა წვებოდნენ, შეშინებულმა სასწრაფოდ ამოვიღე ხელი წყლიდან. მივხვდი, რომ მოხდა რაღაც საშინელება. მალე აკვარიუმში სიცოცხლე ჩაკვდა. მოწამლული ოქროს თევზები უსულოდ ტივტივებდნენ წყლის ზედაპირზე. ტანში შიშის ჟრუანტელმა დამიარა, ვიოლინოს ბუდეს ხელი ვსტაცე და გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ უცებ კარი გაიღო და ოთახიდან ელენა მიხაილოვნა გამოვიდა. იგი ჩემზე ადრე მოსულ მოსწავლეს მოაცილებდა, თან რაღაც დარიგებას აძლევდა. – შემოდი! – მითხრა მან, როდესაც მოწაფე გააცილა. მე გაშეშებული ვიდექი. – შემოდი, შემოდი! – გამიმეორა მან, მხარზე ხელი დამადო და მსუბუქად მიბიძგა ოთახისკენ. ადგილიდან არ დავძრულვარ. – გაკვეთილი არ იცი? – მკაცრად მკითხა ელენა მიხაილოვნამ და კვლავ რომ არ გავეცი ხმა, გაკვირვებულმა თვალი გააყოლა ჩემს გაშტერებულ მზერას… და მოხდა ის, რისი წარმოდგენაც მხოლოდ იქთიოლოგებს შეუძლიათ. მუხლმოკვეთილი ელენა მიხაილოვნა სავარძელში ჩაეშვა, ტუჩები გაულურჯდა და ხმის კანკალით მკითხა: – Ты что наделал, паршивый мальчишка?! – მე არ მეგონა, ელენა მიხაილოვნა, მე მხოლოდ შავი პური და ყველი ჩავუყარე… – Отравил! – ამოიგმინა მან სასოწარკვეთით. მერე თავი ხელებში ჩარგო და შვილმოკლულივით აქვითინდა, მახსოვს, როგორ ვლუღლუღებდი, თავს ვიმართლებდი და ვცდილობდი, როგორმე დამემშვიდებინა მუსიკის მასწავლებელი, მაგრამ ყოველივე ამაო იყო… იგი ადგა, აკვარიუმთან მივიდა, სათითაოდ იღებდა წყლიდან უსულო თევზებს, ჰკოცნიდა, კვლავ აკვარიუმში აბრუნებდა, თან საოცარი სიტყვებით ეალერსებოდა. – Милые мои, золотые, ненаглядные, отравили, убили вас. მერე ჩემსკენ შემოტრიალდა, სახე შეშლილი ჰქონდა, ნიკაპი უკანკალებდა და თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი. უცებ გაშლილი ხელი მოიქნია და ისეთი სილა გამაწნა, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ წავქცეულიყავი. – Вон из моего дома, варвар. Чтоб твоей ноги не было больше здесь! Вон! მე სილა და ცრემლი ერთად გადავყლაპე, ვიოლინო იღლიაში ამოვიჩარე და უხმოდ გამოვიხურე კარი. თავზარდაცემული, შერცხვენილი და ცოცხალ-მკვდარი მოვაბიჯებდი სახლისაკენ. რკინიგზის გადასასვლელთან იანგული და მისი დამქაშები პაჟარობანას თამაშობდნენ. გულმა მათკენ გამიწია. შინ მაინც არ მიმესვლებოდა. ბიჭებს რომ დავუახლოვდი, ფეხი ავითრიე, მერე განგებ გავჩერდი და დავიხარე, ვითომ ფეხსაცმლის თასმას ვისწორებდი. – ეეე, სკრიპკა! – იანგულის ხმა ვიცანი. წელში გავიმართე და თვალებში შევხედე. – რა გინდა? – ვკითხე. – მოდი აქ! – მიმიხმო თითით. – თუ საქმე გაქვს, თვითონ მოდი! – ვუთხარი. იანგულიმ გაკვირვებულმა გადახედა მასზე უფრო გაკვირვებულ ქვეშევრდომებს და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ. – შენ არ იცი, მე ვინა ვარ? – მკითხა ამაყად. – ვიცი! – ვუპასუხე მე. – მერე, რომ გეძახი, რატომ არ მოდიხარ? – შენ ვინა ხარ, მე რომ მეძახი? – ვუთხარი აგდებით და ყოველი შემთხვევისათვის ვიოლინო მიწაზე დავდე. იანგულიმ ისევ გაკვირვებით გახედა თავის ბიჭებს, რომლებსაც თამაშისათვის თავი დაენებებინათ და ჩვენს გარშემო წრე შეეკრათ. – იანგული, ასწავლე, ვინცა ხარ! – დაუძახა ვიღაცამ წრიდან. – მიდი, უთაქე, იანგული! – ერთი შენებური სილა აჭამე! – ჯერ ვნახოთ, რა ბიჭიც არის! – თქვა იანგულიმ და ლოყაზე ხელი მომითათუნა. – ნუ ბანაობ! – ვუთხარი და თავი გავწიე. – უყურე შენ?! – გაუკვირდა იანგულის. – მიყურე! – ვუპასუხე მე. – პაპიროსი! – ხელი გამომიწოდა უცებ იანგულიმ. – არ ვეწევი! – ფული! – არ მაქვს! – ჯიბეები ამოიტრიალე! – შენ თვითონ ამოიტრიალე! ბიჭებში ჩურჩული ატყდა, იანგული დაიბნა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ვიოლინოსკენ დაიხია. – ხელი აიღე! – ვუთხარი მე და ვიოლინოსკენ წავიღე ხელი, მაგრამ იანგულიმ დამასწრო, ბუდე გახსნა, ვიოლინო ამოიღო, გამომიწოდა: – მიდი, დაუკარი, ბიჭები გამირთე! – არ ვუკრავ! – მაშ, რას დაათრევ, მუქთა ვირი ხარ? არაფერი ვუპასუხე, ვიოლინოსაკენ გავწიე, რომ გამომერთმია, იანგულიმ უკან გადადგა ნაბიჯი და ვიოლინო ზურგს უკან დამალა. – პეტია, ფემა, კურლიკ, პანჩო, გენა, სკრიპკას ხმა გაგიგონიათ როდესმე? – ჰკითხა ბიჭებს. ბიჭებმა კვიცებივით დაიჭიხვინეს. – მარტო რადიოში! – თქვა პეტიამ და ისევ დაიჭიხვინა. – მიდი, იანგული, გაგვაგონე! სხვაზე ადრე ჩემი ვიოლინოს ხმა მე გავიგონე: იანგულიმ იგი მსუბუქად მოიქნია და ბრტყლად დამამხო თავზე. – ზზრრრ, წკრრრ… – დაიკვნესა ვიოლინომ და შუაზე გადაიხსნა, ქვედა ნაწილი მოწყვეტილი მკლავივით დაეკიდა ზედას და ერთხანს კიდევ გამოსცემდა ამაზრზენ ხმას. ბიჭები მიწაზე გაგორდნენ. გული გამიჩერდა, სისხლი თავში ამივარდა და ყურები დამიგუბდა. აღარაფერი მესმოდა, ვხედავდი მხოლოდ მიწაზე გაგორებულ ბიჭებს, წელში გაწყვეტილ ვიოლინოს და იანგულის ოდნავ წინ გამოწეულ გამხდარ ყბას და უცებ, რაც ძალი და ღონე მქონდა, დავკარი ამ ყბას გაციებული მუშტი. როდესაც კვლავ დამიბრუნდა სმენა და ცნობიერება, იანგული ქვაფნილზე იჯდა, გაკვირვებული მიმზერდა და ყბას მარჯვენა ხელით იზელდა. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. მე უხმოდ შევტრიალდი და შინ წავედი. საღამოს დამტვრეული ვიოლინოცა და მისი ყუთიც ჩვენმა მეზობელმა და იანგულის მარჯვენა ხელმა, პეტიამ მოგვიტანა, შემოსასვლელთან დაყარა და გაიქცა. დაიდაჩემმა ჯერ პეტია შეიცხადა, მერე ვიოლინო, მერე იანგული ალექსანდრიდი, მერე მე და სულ ბოლოს დედაჩემი. ახლა რომ ვიხსენებ, დეიდაჩემი დაახლოებით ასე მოსთქვამდა: – როგორ ხარ დაგვაჯული, ისე არგასაზრდელო პეტიაა… შენ და მემწვანილე მამაშენს რას გერჩით. თქვენ რა იცით ამ ვიოლინოს ფასი, სტრადივარიუსი და პაგანინი მხერხავები გგონიათ… იანგული ალექსანდრიდი მყავს მოსაკლავი, მაგრამ ვირის ყროყინზე გაზრდილ ჩოჩორს მუსიკის რა მოეთხოვებააა… ჩემს ოჯახში ჩამოსახლებული ეს ახალი ხულიგანი მყავს მოსაკლავიიიი… სულწაწყმედილო და უბედურო დაო ანიკო, მე ჩემი გაჭირვება არ მეყოფოდა, ეს ყაჩაღი რომ არ დაგეტოვებინა ჩემდა სამწყემსარად. ვაი, შენს დღეს და უი, ჩემს გაჩენას… ამ დღეს დასრულდა ჩემი მუსიკალური ოდისეა და დაიწყო ახალი ერა ჩემს ცხოვრებაში – ბრძოლა არსებობისათვის. ● მეორე დღეს იანგული და პეტია სკოლის ალაყაფთან დაგვხვდნენ მე და ჩემს დეიდაშვილ კოკას. ერთი კი შემიქანდა გული, მაგრამ ისე ჩავუარე ორივეს, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს. – სკრიპკა! – ხმა პეტიასი იყო, მე გავჩერდი. – უნდა გელაპარაკო! – მომიახლოვდა იანგული. – რაზე? – აქ უხერხულია! – თქვა მან და სკოლიდან გამოსულ ბავშვებს და მასწავლებლებს გახედა. – აბა, სად? – ვკითხე მე. – რკინიგზის გაღმა, ხიდის ქვეშ. – სადაც გინდა! – ვუპასუხე და გავყევი. იანგული წინ მიდიოდა! მერე მე და კოკა. პეტია უკან მოგვდევდა მოშორებით. ალბათ იმიტომ, რომ არ გავქცეულიყავით. – დავიღუპეთ! – თქვა საქციელწამხდარმა კოკამ. კოკა ორი წლით პატარა იყო ჩემზე და არაერთხელ ჰქონდა ნაჭამი იანგულის ალიყური. – ნუ გეშინია! – დავამშვიდე, თუმცა გულახდილად რომ ვთქვა, მეც მეშინოდა. რკინიგზის მიწაყრილზე რომ ვეშვებოდით, კოკამ გაქცევა დააპირა, მაჯაში ჩავავლე ხელი და რაც ძალი და ღონე მქონდა, მოვუჭირე. – არ გაიქცე, ბიჭო, სირცხვილია! – შენ არ იცი მაგის ამბავი, დაგვასიებს ორივეს, – ამოიკვნესა კოკამ. – რა მოხდა მერე, ხომ არ მოგვკლავს, – ვუთხარი მე. კოკა დასაკლავად განწირული ხბოსავით გამომყვა. იანგული რკინიგზის ხიდის ქვეშ დადგა. აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა. კაცის ჭაჭანება არ ჩანდა. ჩვენც გავჩერდით. – აჰა, მოვედი, რა გინდა? – ვკითხე იანგულის. იანგულიმ თავი ჩაღუნა, ერთხანს ასე იყო, რაღაცას ფიქრობდა. უცებ თავი ასწია. – შენ გუშინ უბანში შემარცხვინე. ერთი დარტყმით დამსვი… არ ველოდი და იმიტომ დამსვი, პასუხი იმიტომ არ მიიღე, რომ ვერ ავდექი. მინდოდა ადგომა, მაგრამ ვერ ავდექი. – მისმა მშვიდმა და გულახდილმა ლაპარაკმა სულ გამაფუჭა. – მე ამ უბნის ყოჩი ვარ და ყოჩად დავრჩები… – განაგრძო მან. – მე არ მინდა შენი უბნის ყოჩობა, თავი დამანებე! – გულწრფელად ვუთხარი მეც. – შენ რომ ჩემზე დიდი იყო, დაგანებებდი, მაგრამ შენ ჩემზე ერთი წლით პატარა ხარ, ამიტომ ვერ დაგანებებ თავს. უბანში ორი ყოჩი არ შეიძლება, ან შენ უნდა იყო, ან მე… – აკი გითხარი, არ მინდა ყოჩობა-მეთქი! – გავუმეორე. – ეგრე არ გამოვა, უნდა ვიჩხუბოთ. – ვიჩხუბოთ! – დავთანხმდი მე. – პატიოსნად ვიჩხუბოთ! – თქვა იანგულიმ. – პატიოსნად რას ჰქვია? – გამიკვირდა მე. – არც პეტია, არც კოკა ჩხუბში არ უნდა ჩაერიონ. გონება არ იყოს, ქვა არ იყოს, წაქცეულის ცემა არ იყოს! – ეგრე იყოს! – თუ მოგერიე, ხვალ იმავე უბნის ბიჭებთან გცემ, რომლებთანაც დამსვი, მერე მოგეშვები! – გამაფრთხილა. – ცემა მორევაზეა! – ვუთხარი მე. არაფერი არ მიპასუხა, შავი სატინის ხალათი გაიხადა და მიწაზე დააგდო, რომ გაიხადა და შევხედე, გულმა რეჩხი მიყო: იმხელა გაშლილი მკერდი ჰქონდა, თან მარცხენა ძუძუს ზემოთ ლურჯი ლათინური ასოებით დასვირინგებული ჰქონდა სიტყვა HELLADOS, რომელმაც შემაკრთო უცებ. იანგულიმ რაღაც უთხრა პეტიას ბერძნულად. პეტია შეყოყმანდა. იანგულიმ ბრძანება გაუმეორა. პეტიამ ორი დიდი ქვა ამოიღო ჯიბეებიდან და უხალისოდ გადაყარა. იანგულიმ ახლა კოკას შეხედა, კოკამ ცარიელი ჯიბეები ამოიტრიალა. – დავიწყოთ! – თქვა იანგულიმ. – დავიწყოთ! – ვთქვი მე და ჩანთა მიწაზე დავაგდე. ჩხუბი ორ-სამ წუთს გაგრძელდა. მე შეკრული მუშტებით ვჩხუბობდი. იანგული გაშლილი ხელით. ჩემი დარტყმული ყრუ ხმას გამოსცემდა, მისი კი ქვეყანას აზანზარებდა: ისეთი ლაწალუწი გაუდიოდა ჩემს ყბებზე. პეტია ბერძნული შეძახილებით ამხნევებდა იანგულის, კოკა კი ქართულად მკარნახობდა: – თავი, თავი აჭამე, ჯემალ! ვიცოდი, რომ ახლოს მისვლა და თავის ჭმევა იყო საჭირო, მაგრამ წელს ზემოთ გახდილს რამდენჯერაც წავავლე მკლავში ხელი, იმდენჯერ დამისხლტა ოფლით დაპოხილი, კიდევ ერთი სილა და ვიგრძენი, რომ ცხვირიდან სისხლი წამსკდა. ვიდრე ცხვირიდან წამსკდარ სისხლს ვიხოცავდი, იანგულიმ კიდევ ერთი სილა მაჭამა და ზუსტად ისე დავჯექი მიწაზე, როგორც გუშინ იანგული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იანგულის გუშინ არ შეეძლო ადგომა, მე კი შემეძლო, მაგრამ ჩემს ადგომას ფასი აღარ ჰქონდა – ჩხუბი წაგებული იყო. იანგულიმ ერთხანს მაცალა და რომ აღარ ავდექი, ხალათის ჩაცმა დაიწყო, და მე ისევ წავიკითხე მის მკერდზე ამოსვირინგებული HELLADOS. – ხვალამდის! – მითხრა იანგულიმ და მხოლოდ ახლა შევამჩნიე, ზედა ტუჩი შესივებული ჰქონდა და მარჯვენა წარბი გახეთქილი. – ხვალამდის! – ვუპასუხე და წამოვდექი. იანგული და პეტია მიწაყრილზე ავიდნენ და რკინიგზის ლიანდაგს გაჰყვნენ. მე და კოკა ხიდის ქვეშ დავრჩით. – არა უშავს, მაგასაც ბევრი მოხვდა! – დამამშვიდა კოკამ. – სულერთია, ხვალ ვცემ! – ვთქი მე. – ნეტავი სარკეში ჩაგახედა! – თქვა კოკამ. – ძალიან ვარ დასიებული? – ვკითხე. – ბულკივით! – მიპასუხა და თვალი ამარიდა. – მაგის დედა ვატირე! ამჯერად დაიდაჩემს არ შევუცხადებივარ. ცივი კომპრესები დამადო სახეზე. დილით კი იანგულის მამას, ხრისტოს, ზუსტად ისე დააფშვნა მაწვნის ქილა თავზე, როგორც იანგულიმ მე ვიოლინო და ციხეში ამოლპობას დაჰპირდა მის გათახსირებულ და ხულიგან შვილს საბჭოთა პიონერის ასე უღმერთოდ ცემისათვის. ● მეორე დღეს სკოლაში არ წავსულვარ, ჭრილობებს ვიშუშებდი. მესამე დღეს რკინიგზის გადასასვლელი სავსე იყო უბნელი ბიჭებით. მე და კოკა რომ მივედით, სტვენით შეგვხვდნენ. – სკრიპკა, გაზიარეს? – სანამ აქ მოგკლავს, არ მოეშვები?! – შენ აქ თბილისი ხომ არ გგონია?! მთელმა ბირჟამ იცოდა უკვე ჩემი ცემის ამბავი. ყველა აქ იყო იანგულის გარდა. არავისთვის ხმა არ გამიცია, ჩანთა ფილაქანზე დავაგდე, ზედ დავჯექი და იანგულის მოსვლას დაველოდე. – იანგული მოდის! – დაიძახა უცებ ვიღაცამ. – ახლა დაიწყება ცირკი! – თქვა მეორემ. – გამარჯობათ! – თქვა საერთო სალამი იანგულიმ და მე რომ დამინახა ფილაქანზე ჩამომჯდარი, გაკვირვებისაგან თვალები გაუფართოვდა. – იანგული, თავისი ფეხით მოვიდა ბულკი, მიდი ერთი, შეჭამე! – უთხრა პეტიამ. – კარაქს წაუსვამ, იანგული, თუ ხიზილალას?! იანგულიმ ლაზღანდარებს ყურადღება არ მიაქცია, ტრიბუნივით ასწია ხელი, ბრბო დააწყნარა და ისტორიული სიტყვით მიმართა თავის ხალხს, ისე, როგორც ტომის ბელადებს სჩვევიათ ხოლმე. – ბიჭებო! – დაიწყო მან. – ეს მე მოგმართავთ თქვენ, ვენეციის გზატკეცილის ტომის თავისუფალ შვილებს, მე, თქვენს მიერ არჩეული ბელადი, იანგული ალექსანდრიდი! თქვენს წინაშე დგანან მკრთალსახიანი თბილისელი ჰარიფი და მისი დეიდაშვილი, ჩვენი ტომის გამყიდველი და სამშობლოს მოღალატე, წკვინტლიანი კოკა. ამ მკრთალსახიან გადამთიელს, იმის ნაცვლად, რომ ესარგებლა ჩვენი სტუმართმოყვარეობით, დიდსულოვნებითა და სულგრძელებით, სურს მიისაკუთროს ჩვენი კურთხეული მიწა, ზღვა, მდინარე, ოქრო, ვერცხლი, საძოვარი და გაზონები… – მორჩი ლაზღანდარობას! – შევაწყვეტინე სიტყვა. – უნდა მეჩხუბო! იანგული შეჩერდა და თვალი თვალში გამიყარა. – მე თქვენ გაჩვენებთ ახლა, როგორ კეთდება მკრთალსახიანებისაგან კატლეტი… – განაგრძო ისევ. – ნუ მაიმუნობ, დავიწყოთ! – შენ ეი, წკვინტლიანო, – მიუბრუნდა იგი კოკას, – წადი, სასწრაფოში დარეკე, უთხარი ხუთ წუთში მოვიდნენ და შენი დაინვალიდებული დეიდაშვილი წაიყვანონ! – ბიჭებში ხარხარი ატყდა. – დღეს შენ მოგიწევს სასწრაფოთო წაყვანა. – ვუთხარი მე და ავდექი. ბიჭებმა წრე შეკრეს. იანგულიმ ისევ რაღაც უთხრა პეტიას ბერძნულად, პეტია შეიშმუშნა და ქამრის შეხსნა დაიწყო. განცვიფრებული ვუყურებდი პეტიას თითის სიმსხო ღვედის ქამარს – „ნუთუ ქამრით უნდა მცემოს?“ – გამიელვა თავში. პეტიამ ქამარი გადასცა იანგულის და ისევ წრეში ჩადგა. იანგულიმ ამაყად მიმოიხედა გარშემო და საჯაროდ განაცხადა: – მე მკრთალსახიანს ორი ხელით არ ვეჩხუბები. იგი დღეს ცალი ხელით უნდა გაილახოს. პეტია, გამოდი და შემიკარი ხელი! ბიჭებმა აღტაცების ყიჟინა გაისმა. მე ელდა მეცა. იანგულიმ გაჭიმული მარცხენა ხელი თეძოზე მიიდო. პეტია მოვიდა, ქამარი წელზე შემოარტყა, ისე რომ ის მარცხენა ხელი შიგ მოაყოლა, და რაც ძალი და ღონე მქონდა გაუკრა. – ნუ არტისტობ, ხელი ამოიღე და ისე ვიჩხუბოთ! – ვუთხარი დაკარგული ხმით. – მე შენთან ორი ხელით ჩხუბს არ ვიკადრებ, – თქვა იანგულიმ. ბიჭებს კვლავ აღტაცების ყიჟინა აღმოხდათ. – მაშინ არ მინდა! – ვთქვი მე და ჩანთა ავიღე. – გეშინია? – მკითხა იანგულიმ. – კი არ მეშინია, არ მინდა. ხელი ამოიღე და ისედაც გცემ! – მეჩხუბე, თორემ გცემ! – თქვა გაღიზიანებით იანგულიმ. – მიდი, დასვი! – წამჩურჩულა კოკამ. მე ჯიუტად გავიქნიე თავი. მაშინ იანგული მომიახლოვდა და სილა გამაწნა. სახეზე ისე წამეკიდა ცეცხლი, თითქოს მდუღარე შემასხესო, მაგრამ ხელი არ შევუბრუნე. იანგულიმ მეორედ გამაწნა სილა, მერე მესამედ, შევატყვე, გამეტებით არ მირტყამდა, ეს უფრო გასილაქებას ჰგავდა, ვიდრე ჩხუბს. და მაინც რომ არ შევუბრუნე ხელი, იანგული გაჩერდა. მე შევტრიალდი და წრიდან გავედი, ბიჭები უხმოდ ჩამომეცალნენ. – ეე, სკრიპკა! – მომესმა ზურგს უკან პეტიას ხმა, და უცებ გავიგონე გაშლილი ხელის საშინელი ლაწანი: ეს უკვე პეტიას ყბაზე გაღებული იანგულის ხელის ხმა იყო. უკან არ მიმიხედავს, რადგან ვტიროდი და არ მინდოდა ბიჭებს ჩემი ცრემლი დაენახათ. ერთს კი მივხვდი – დღევანდელი ჩხუბი იანგულიმ წააგო. ● მეორე დღეს, სისხამ დილით, ალექსანდრიდების ეზოს ჭიშკართან ვიდექი. ხრისტო ალექსანდრიდი ვირს კაზმავდა პატარა თავლსათან. იანგული ეხმარებოდა, რომ დამინახა, ვირი მიატოვა და ჭიშკარს მოადგა. – საჩივლელად მოხვედი? – მკითხა მან და თვალი მამისკენ გააპარა. მამამისი ზურგშექცევით იდგა და ვერ მხედავდა. – საჩხუბრად! – ვუპასუხე მე. – ვინ არის? – დაუძახა მამამისმა, ისე რომ არ მოუხედავს. – ამხანაგია ჩემი. – იანგულის არ სცალია, ბაზარში მიდის! – მოიხედა ხრისტომ. უცებ მიცნო და გაუკვირდა: – შერიგდით? – შევრიგდით! – ვუპასუხე მე. – ეგრე არ ჯობია? ორივე კარგი ბიჭები ხართ! – გაუხარდა ხრისტოს და ეზოში შემიპატიჟა. – მეჩქარება, – ვუპასუხე, მერე იანგულის მივუბრუნდი: – როდის დაბრუნდები ბაზრიდან? – საღამოს! – რკინიგზის ხიდის ქვეშ დაგელოდები! – ვუთხარი და წავედი. ● საღამოს ხიდის ქვეშ ველოდი იანგულის. იგი მოვიდა. ხმა არ გაუცია ჩემთვის, ვირი ადამიების ღობეს მიაბა, ხალათი გაიხადა, ვირის კეხზე გადაჰკიდა და მე კვლავ წავიკითხე მის გაშლილ მკერდზე მაგიური სიტყვა HELLADOS. დღეს ჩვენი ჩხუბის მოწმე მხოლოდ ვირი იყო. ჩხუბი ამჯერად უფრო დიდხანს გაგრძელდა. პირველმა იანგულიმ დამარტყა, როგორც არ ვეცადე, მაგრამ მაინც დამასწრო. არ წავქცეულვარ, მხოლოდ წავიფორთხილე. მეორე რომ მომიქნია, თავი უკან გადავწიე და მისმა გაშლილმა ხელმა შხუილით ჩამიქროლა ცხვირწინ. მოქნეული, ისე ძლიერად იყო, იანგულიმ თავი ვერ შეიკავა, ინერციამ ოდნავ შეატრიალა და ახლა იგი გვერდულას იდგა ჩემს წინ, მისი ყბა ზუსტად ისე დაეკიდა ჰაერში, როგორც მაშინ, პირველი ჩხუბის დროს; და ვიდრე კვლავ შემოტრიალდებოდა, რაც ძალი და ღონე მქონდა, მუშტი ყბაში მოვდე. იანგული სახით სილაში ჩაემხო. ერთხანს გაუნძრევლად იდო. არ მეგონა, თუ ადგებოდა, მაგრამ უცებ წამოხტა და საოცარი სისწრაფით გამოქანდა ჩემსკენ. მისი გაშილილი ხელი და ჩემი მუშტი ერთდროულად მოხვდა მიზანს, მე დავრეტიანდი, ცალ მუხლზე დავიჩოქე და უნებურად სახეზე ხელები ავიფარე. ხელები რომ მოვიცილე და თვალი გავახილე, იანგული ზუსტად ისეთივე პოზაში იყო ჩაჩოქილი, როგორც მე, და გახეთქილი ტუჩიდან სისხლს იხოცავდა. ხელებზე დავიხედე და მივხვდი, რომ მეც მჟონავდა სისხლი ცხვირიდან. თავს ძალა დავატანე და წამოვდექი. წამოდგა იანგულიც. დიდხანს ვუცქეროდით ერთმანეთს უხმოდ. მე მისი მძიმე და ღრმა სუნთქვა მესმოდა, ალბათ იმას – ჩემი. ყოველ წუთს ველოდი თავდასხმას. მაგრამ საოცარი ის იყო, ჩხუბის აღარც ხალისი მქონდა, აღარც სურვილი. რაღაც შინაგანი კმაყოფილება დამეუფლა. მივხვდი, რომ დღეიდან იანგული ვეღარასოდეს დამჩაგრავდა. – გვეყოფა! – თქვა იანგულიმ და მკლავები ჩემოუშვა. – გვეყოფა! – ვთქვი მეც და შვებით ამოვისუნთქე. ოღონდ ხვალ ბიჭებთან უნდა ვიჩხუბოთ! – დავაყოლე ყოველი შემთხვევისთვის. – არ გინდა, ბიჭებს მე ვეტყვი, რომ მაგარი ხარ, ოღონდ ყოჩობას ვერ დაგითმობ. – ცოტა ხნის დუმილის შემდეგ თქვა მან. – არც მინდა! – ვთქვი მე. – თუ გინდა, მეორე ყოჩი იყავი! – შემომთავაზე მოადგილეობა. – არ მინდა, შენ შენთვის, მე ჩემთვის! – ვიუარე ისევ, შემოვტრიალდი და წამოვედი. – მოიცა! – მითხრა მან. მე გავჩერდი. – ასე არ ივარგებს. ყოველდღე ხომ არ ვიჩხუბებთ, მოდი ხვალიდან ვაგინოთ ერთმანეთს, ვინც აჯობებს, იმის იყოს! – იმისი იყოს! – დავთანხმდი. ● მეორე დღეს მე და იანგული კვლავ ბიჭების წრეში ვიდექით და უშვერი სიტყვებით ვამკობდით ერთმანეთს. – ჯემალ, ვირისთავო! – იანგული, ბერძენო მემწვანილე! – თბილისელო სირისტიანო! – ლაწირაკო! – წვინტლიანო! – ვირის მწყემსო! – ჩოჩორო! – მჟავე კიტრო! – კამბოლა! – ღორჯო! – მედუზა! – კრეტინო! – პაგანინო! სალანძღავი სიტყვების არსენალი შეუმჩნევლად შემომელია და გავჩერდი, იანგული მელოდებოდა, რადგან ჩემი ჯერი იყო. – მიდი, თორემ წააგე! – იდაყვი გამკრა კოკამ. – გამითავდა! – ვუთხარი მე. – დედა შეაგინე! – შემახსენა მან. – დედის გინება არ მოდის. – „დედა ვატირე“ რა გინებაა? – ეგ რუსულად არ ვიცი! – ქართულად შეაგინე, ვერ გაიგებს! – არ მომეშვა კოკა და შემაცდინა. – იანგული, შენი დედა ვატირე! – ვთქვი ქართულად და პასუხის მოლოდინში გული შემეკუმშა. – იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! – მიპასუხა იანგულიმ. მივხვდი, რომ ისიც დედას მაგინებდა, მაგრამ ისე ლამაზად ამბობდა, ავე-მარიასავით მეყურებოდა და გინება გავიმეორე: – შენი დედა ვატირე, იანგული! – იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! – გაიმეორა მან სიმღერასავით. ● ასე გრძელდებოდა მთელი ნახევარი წელიწადი, მერე ვნებები დაცხრა. მე და იანგულიმ გინებათა არსენალი თითო ყველაზე მნიშვნელოვან გინებამდე დავიყვანეთ და შეხვედრისას თითქოს ვესალმებოდით, ხელის აწევით გავძახოდით ერთმანეთს” მე: – შენი დედა ვატირე, იანგული. ის: – იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ! ● მზიანი დღე იყო. მე და კოკა სკოლიდან ვბრუნდებოდით. რკინიგზის გადასასვლელთან რომ მივედით, იანგული, როგორც ყოველთვის, უბნის ბიჭებს პაჟარობანას ეთამაშებოდა. დამინახა თუ არა, თამაშს თავი დაანება და ჩემსკენ წამოვიდა, არ დამასწროს-მეთქი და გინება გზაზე შევაგებე. – იანგული, შენი დედა ვატირე! – იანგული მონუსხულივით შედგა და თვალებში შემომხედა. დიდხანს ველოდი პასუხს, მაგრამ იანგული ხმას არ იღებდა. – შენი დედა ვატირე, იანგული! – გავიმეორე მე. იანგულიმ თავი დახარა, შეტრიალდა და ასე თავდახრილი ნელი ნაბიჯით წავიდა. მე გაკვირვებული ვუქცეროდი სახლისაკენ მიმავალ იანგულის. – ნახე, როგორ გაიძურწა, გათავდა მაგის ყოჩობა! – ვუთხარი კოკას. – გათავდა კი არა, ახლა დაიწყო! – მიპასუხა კოკამ და ცალყბად გაიღიმა. – როგორ? – გაჯობა და ისე. – მაშ, რატომ არ შემაგინა? – გუშინ მკითხა, ჯემალის დედა სად არისო. მე ვუთხარი, აღარ არის-მეთქი, იმიტომ არ შეგაგინა, – თქვა კოკამ. ელდა მეცა. – რატომ გუშინ არ მითხარი, ლაწირაკო! – მე რა ვიცოდი!.. – თავი ჩაღუნა კოკამ. – იანგული! – დავუძახე მე, მაგრამ იანგული უკვე შორს იყო და ან ვერ გაიგონა ჩემი ძახილი, ან გაიგონა და არ მოიხედა. იმ დღიდან იგი ერთი ათად გაიზარდა ჩემს თვალში. ჩვენს შორის სამუდამოდ დამთავრდა ომი და ქიშპობა, მაგრამ მე და აინგული დიდი მეგობრები მაინც არ გავმხდარვართ. შეხვედრისას უბრალოდ ხელის აწევითა და ღიმილით ვესალმებოდით ერთმანეთს და თუ მამამისის მაგივრად რძეს ან მაწონს მოგვიტანდა ხოლმე ვირით, მაშინ თუ გავესაუბრებოდით ერთმანეთს უნებურად ან რძის და მაწონის ფასის, ან მამამისის ან მწვანილის ან ვირის თაობაზე. ეს იყო და ეს. ● ერთ დღეს იანგულიმ რძე მოიტანა, მე ეზოში შევეგებე, რომ შევხედე, ძლივს ვიცანი, ისე ჰქონდა სახე შეშუპებული და თვალის უპეები ჩალურჯებული. – რა მოგივიდა? – ვკითხე გაკვირვებულმა. წარმოუდგენელი იყო, იანგული ასე ეცემა უბანში ვინმეს, აშაკარად მასზე უფროსის ნახელავი იყო. – არაფერი! – მიპასუხა მან და თვალი ამარიდა. – მაგარი ნაცემი ხარ! – ვუთხარი მე. – არა უშავს! – თქვა მან და გაიღიმა. – თქვი, ვინ არის, თუ მარტო ვერ მოერიე, მე წამოგყვები! – ვუთხარი. იანგულიმ უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია. – ვირი აქ დააბი და ახლავე წავიდეთ, – არ მოვეშვი მე. რძიანი ქილა კიბეზე დავდგი და გასაყოლად მოვემზადე. – არ გინდა, ვერ მოვერევით! – მწარედ გაიღიმა მან. – ვინ? მე და შენ ვერ მოვერევით? – გავიქაჩე მე. – ვერც მე და შენ, და ვერც მთელი ვენეციის გზატკეცილი… – ასეთი ვინ არის? – შევცბი. – მამაჩემი! – თქვა იანგულიმ. – მამაშენი? – ჰო, მამაჩემი. – ასე როგორ გაგიმეტა? – ვკითხე გაკვირვებულმა და შეშუპებულ ლოყაზე ხელი დავადე. – ჩემი ბრალია! – რა დააშავე? – სამ დღეში სოხუმში საბერძნეთიდან გემი ჩამოდის. ჩვენი თემის ბერძნები ელადაში ბრუნდებიან. მამაჩემიც… – იანგული გაჩუმდა. – მერე? – ვკითხე მე. – მერე არაფერი, მე არ მივყვები, არ მინდა წასვლა… მამა ამბობს, რომ იქ ჩვენი სამშობლოა, მშობლიური მიწა, დიდებული ელადა… მამა-პაპათა სისხლი გვეძახის და მოვალენი ვართ წავიდეთო… – მერედა რატომ არ მიყვები? – გულწრფელად გამიკვირდა მე. იანგული დიდხანს სდუმდა თავჩაღუნული და ვირს აცქვეტილ ყურებს უუთოვებდა. ყურები იანგულის ხელის ყოველ დასმაზე მორჩილად წვებოდნენ, მაგრამ შემდეგ უცნაური სიჯიუტით კვლავ წამოხტებოდნენ და ცქვიტად დგებოდნენ. თითქოს ჩვენს საუბარს უგდებდნენ ყურს და ეშინოდათ, რაიმე სიტყვა არ გამოგვრჩესო. – როგორ აგიხსნა… – თქვა ბოლოს იანგულიმ. – მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ან ბოსტანშია, ან საშოვარზე. მე ვენეციის გზატკეცილზე გავიზარდე, ქუჩაში… ჩემი ელადა, ჩემი სამშობლო სოხუმია, ვენეციის გზატკეცილი, ჩალბაში, კოკა, პეტია, კურლიკა, ფემა… შავი ზღვა, ჩემი ვირი, რკინიგზის ხიდი… – იანგული ცოტათი შეყოვნდა. მერე ისევ განაგრძო: – მიდა… მიდა და შენც… – სახელი „მიდა“ იანგულიმ პირველად ახსენა ჩემთან, მაგრამ არ მიკითხავს, მიდა ვინ არის-მეთქი, რადგან კოკასაგან ვიცოდი: მიდა აფხაზზე გათხოვილი ბერძენი ქალი იყოს შვილი იყო. მიდაზე ლამაზი გოგო სოხუმში არ დადიოდა და ეს გოგო იანგულის უყვარდა. – გაიგე ახლა? – მკითხა იანგულიმ და თვალებში შემომხედა. მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ასეთი სიტყვები ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმოდა. – კი მაგრამ ეგ რაღაა? – ვკითხე. მკერდზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე ხმამაღლა. – ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით… – თქვა იანგულიმ და ხელი მკერდზე დაიდო. მე ყელში გაჩხერილი მუშტისოდენა ბურთი გადავყლაპე და ვიდრე რამეს ვუპასუხებდი, იანგულიმ ვირს ხელი მოჰკიდა, აღვირი მოქაჩა და ეზოდან გავიდა. ● მესამე დღეს, სისხამ დილით, იანგული ჩვენს ეზოში იდგა. თან უებლო ვირი მოეყვანა. – მამამ ყველაფერი გაყიდა: ძროხა, სახლი, კარი. ვირს არავინ არ ყიდულობს. თქვენი ხალხი ვირის ყოლას სამარცხვინოდ თვლის, ვირი კი ძალიან საყვარელი ცხოველია… მუშა, უწყინარი… ქუჩაში ხომ არ დავტოვებ, ან ვის დავუტოვო, ბერძნები ყველა მივდივართ… ძალიან ადვილი მოსავლელია, ერთი მუჭა ბალახი ჰყოფნის… ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, თან ვირს ყელზე უსვამდა ხელს და ცრემლებს ყლაპავდა. – მიდიხარ? – მივდივარ. ხომ დაიტოვებ? – დავიტოვებ! – არ გააგდო სახლიდან! – არა, იანგული! – ნინა ივანოვნას სთხოვე, არ გააგდოს! – ვთხოვ, იანგული! – კოკა მოგეხმარება, ამის მოვლას რა უნდა… – არაფერი, იანგული. – სულ ერთი მუჭა ბალახი ჰყოფნის. – ჰო, იანგული! – აპოლონი ჰქვია! – ვიცი, იანგული! – მოეფერე ხოლმე! – კი, იანგული! – წავედი ახლა, გემი საღამოს გადის! – წადი, იანგული. – მშვიდობით, ჯემალო! – პორტში მოვალ, იანგული! იანგული გადამეხვია, დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული. მერე უცებ ხელი გამიშვა და გაიქცა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. გაიქცა უკანმოუხედავად, ისე, თითქოს რაღაც საშინელსა და შემზარავს გაურბოდა. ● საღამოს მთელი სოხუმი პორტში იყო გამოსული. იყო ბევრი ყვავილები, ორკესტრიც, ტაშ-ფანდურიც, ცხვირსახოცების ფრიალიც, მადლობა, ნახვამდის, მშვიდობით, მაგრამ ყველაფერზე მეტი მაინც ცრემლი იყო. სოხუმის მოქალაქენი თავისი სხეულის ნაწილს, თავის სისხლს და ხორცს – ბერძნებს აცილებდნენ. ბერძნები უკვე ასულიყვნენ გემზე. ღრუბელივით თეთრ და ქათქათა „პოსეიდონზე“ და იქიდან გვიყვიროდნენ ხელების ქნევით რაღაცას, ზოგს ბერძნულად, ზოგს რუსულად, ზოგს აფხაზურად, ზოგს სომხურად, ზოგს ქართულად… უზარმაზარი თეთრი „პოსეიდონი“ კიჩოთი ნაპირისკენ იდგა. ზღვა ოდნავ ღელავდა და გემი ისე ირწეოდა და იქნევდა თავს, თითქოს თვითონაც გვემშვიდობებოდა. მე სხვა ბავშვებთან ერთად პირსის მოაჯირს მიჭყლეტილი, თვალებს ვაცეცებდი და გემის ქიმზე გადმოფენილ ბერძნებში იანგულის დავეძებდი. უცებ თვალი მოვკარი. მას კვლავ შავი სატინის ხალათი ეცვა. მკერდზე გაღეღილი. იანგული მამამისის წინ იდგა და მომეჩვენა, რომ მამამისს ხელით ეჭირა. – იანგული! – იანგული! – ვიკივლე მე და ხელების ქნევა დავიწყე. იგი დიდხანს, დიდხანს დამეძებდა ბრბოში, ბოლოს ეტყობა ხმით მომაგნო და რომ დამინახა, ორივე ხელი მაღლა აღმართა. – იანგული, იანგული, მშვიდობით! – ჯემალო, ეღო აღაპო ი მანა სუ! ჯემალო, მე მიყვარს დედაშენი! – მეძახდა იგი ბერძნულად და მე კვლავ მომეჩვენა, რომ იგი მღეროდა, მე ვერ გავუძელი მის ხმასა და ცქერას, გემს ზურგი შევაქციე და ატირებული შინ წამოვედი. ● მესამე დღეს, მდინარე კელასურის შესართავთან, ზღვამ ახალგაზრდა ბიჭის სხეული გამორიყა. უფრო სწორად, იგი სტარავერმა მებადურებმა გამოიტანეს და როდესაც სილაზე დაასვენეს, იქვე მობანავე ბიჭებს დაგვიძახეს გვამის ამოსაცნობად. ბიჭს სახე წაშლილი ჰქონდა. ვერავინ ვერ იცნო იგი. მხოლოდ მე, მე ვიცანი, როდესაც თავზარდაცემულმა მის გაშლილ მკერდზე ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე. უკანმოუხედავად და სულმოუთქმელად გავირბინე პლაჟი, სანაპირო, რკინიგზის ლიანდაგი, ვენეციის გზატკეცილი და შეშლილივით შევვარდი სახლში… – რა მოგივიდა, ბიჭო? – მკითხა გულამოვარდნილს შეშინებულმა დეიდაჩემმა. – დეიდა ნინა… იანგული დაბრუნდა… – ვუთხარი მე. მერე დავიჩოქე მის წინ, კალთაში თავი ჩავუდე და მწარედ ავტირდი.
წყარო: burusi.wordpress.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი