აფხაზთა გულის სიმებს ფრთხილად უნდა შევეხოთ!
ამას წინათ შოთა ნიშნიანიძის ლექსი “აფხაზური კანტატა” წავიკითხე. ჩემი ბავშვობა, ყმაწვილკაცობა, კარგადმყოფობა და ავადმყოფობა გამახსენდა. ლექსმა ჯერ სიხარულით ამავსო, შემდეგ სევდა მომგვარა, სულ ბოლოს – შური. დიახ, კეთილი შურით ვწერ ამ წერილს. – დალოცვილო, ეგრე როგორ უნდა გამოართვა კაცს სათქმელი სიტყვა პირიდან?! “ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან, ბადეს შლიდა და შვილდისრით ტყეში ნადირს არბევდა… ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და რაინდად, ბეჭზე ორბი შეუფრინეს “ურაიდა-რაიდა”. ეს ხომ ჩემზეა დაწერილი, ეს ხომ მე ვარ?! ნესტორ ლაკობა, მისი ლამაზი მეუღლე სარია და მათი მერცხალივით ბიჭი რაუფი გამახსენდა. ჩემზე უფროსი იყო ცოტათი რაუფი. ფეხბურთის თამაშს მასწავლიდა ქუჩაში. ასფალტზე მუხლგადაყვლეფილს იოდს როგორ მასხამდა შეწუხებული სარია, ის მახსოვს. ისიც მახსოვს, როგორ მითათუნებდა ლოყაზე ხელს ნესტორი და როგორ მაწყნარებდა – გაჩუმდი, ვაჟკაცის ტირილი ვინ გაიგონაო. რაუფის დამნაშავე თვალებიც მახსოვს. აფხაზი ბიძაჩემის, ზოსიმეს ხმამაღალი სიცილი და დეიდაჩემის, მაროს საყვედურიანი ხმა მესმის: ბიჭო, სულ სარა ბარაბზია ბზბოიტი, როდემდე უნდა იძახო, სხვა რამეც ისწავლე აფხაზურადო. თავად, ქმრის ხათრით ისეთი აფხაზური ისწავლა, რომ აფხაზურად საბავშვო მოთხრობა დაწერა და გამოაქვეყნა. ცოდვას ვერ ვიტყვი, ბიძაჩემიც კარგი მოქართულე გახლდათ და აფხაზს ვერ ნახავთ, მეგრული რომ არ იცოდეს. “ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამზრდელო, ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ. მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები, ლოცვით, მადლობით, აღსრულებით მითრთის ტუჩები…” მკვდარი მიმიტანეს სოხუმის მეორე საავადმყოფოში. თვალს ვახელ: ებრაელი, ბერძენი, სომეხი, რუსი, აფხაზი, ქართველი – ყველა ერთად მადგას თავზე. არ მეგონა, სიკვდილი თუ ასეთი ინტერნაციონალისტი იყო. ბურანში წასული გულიებს ვხედავ, შინკუბებს ვხედავ, პაპასკირებს ვხედავ, თარბებს ვხედავ… ლასურიების, ახუბების, ლომიების, კაპბების, ანჩაბაძეების, გოგუების ხმებს ვარჩევ… თბილისიდან გადმოცვენილ ექიმებს ვხედავ, ნათესავებს ვხედავ, სისხლსა და ხორცს ვხედავ ჩემსას, ვიცი, ამათი ბახალა ვარ და ამათ უნდა მიტირონ, მაგრამ ამათ რაღა უნდათ, უზარმაზარ ამრასავით რომ მადგანან თავზე და მათბობენ?! ცოტა რომ მოვიკეთე, მოწყალების დები მიამბობდნენ რიგრიგობით: – რომ მითხრეს, ნოდარ დუმბაძეაო, სულ დამეკარგა ვენა, ვერაფრით ვერ მივაგენი და ნემსი ვერ გაგიკეთეთ! – რომ მითხრეს, ნოდარ დუმბაძეაო, იმ წუთში ვიპოვე ვენა და გაგიკეთეთ ნემსი, თორემ მაგას რა იპოვიდა, სულ არ გქონდათ წნევა! ამ რამდენიმე წლის წინათ გუდაუთაში ერთი კაცი ამიხირდა “ბენზოკალონკასთან”, გინდა თუ არა ურიგოდ უნდა გამიშვაო. – რატომ? – ვეკითხები. – იმიტომ, რომ აქაური ვარ და მე ასე მსურს, – ვატყობ, ნასვამია, აშკარად შარზეა და ჩხუბი უნდა, თან ვხედავ, მხარზე მარტო ჭინკა უზის, ანგელოზი არსად ჩანს. რა თქმა უნდა, არ წავეჩხუბე, ურიგოდ გავუშვი… მოსკოვში ვარ, რესტორანში ვსხედვართ მე და ერთი იქაური ჩემი ნაცნობი. ოფიციანტმა შამპანური და შოკოლადი მოიტანა. – ეს მოგართვეს! – მეუბნება. – ვინ? – ვეკითხები. – ვინაობა არ უთქვამს, აი, იმ ახალგაზრდამ! – გამახედა ოფიციანტმა. რესტორნის კართან ლამაზი, ახოვანი ვაჟკაცი დავლანდე. ვხედავ, მხარზე ამასაც ჩემი ჭინკა და ანგელოზი უზის. მეღიმება. – ვინ იყო? – მეკითხება თანამოსაუბრე. – ჩემი აფხაზი მეგობრის ვაჟი! – ვუპასუხე. – მერე რატომ თვითონ არ მოვიდა? – უკვირს ჩემს მეინახეს. ახლა ამას როგორ ავუხსნა, რატომ არ მოვიდა აფხაზურ ოჯახში აღზრდილი ვაჟკაცი მამამისის ტოლ კაცთან, რატომ არ მომიჯდა გვერდით, რატომ არ გადადო ფეხი ფეხზე, რატომ გამომიცხადა ასე შორიდან სიყვარული და უხმოდ რატომ წავიდა?! – ალბათ, ეჩქარებოდა! – ვუთხარი როყიოდ. კიდევ ორი ოჩამჩირელი მოსწავლე გოგონა მაგონდება: ერთი – აფხაზი, მეორე – ქართველი. სანატორიუმში მინახულეს ავადმყოფი, თავიანთი ბაღის ფორთოხალი და ლიმონი მომიტანეს თანაკლასელების სახელით. ვიდრე ჩემთან იდგნენ, ძალიან ყოჩაღად ისხდნენ, მაგრამ თვალები ცრემლით ჰქონდათ სავსე. რომ წავიდნენ, აივნიდან გადავხედე. ამათ მხრებზე მხოლოდ ანგელოზები ესხდნენ და თავჩაქინდრულნი მიდიოდნენ, ჩემი ნახვით დაზაფრულებს, ალბათ, იმედი გადაუწყდათ, – ამას რა გადაარჩენსო?! – გადავრჩი, ჩემო ძვირფასო გოგონებო, და თუ დამიჯერებთ, ის თქვენი მოტანილი ლიმონი და ფორთოხალი იმ ყველა ამერიკულ და გერმანულ წამალზე უფრო მომიხდა. მადლობელი ვარ, თქვენ შემოგევლოთ ჩემი სიცოცხლე. სულ ახლახან ერთ ჩემს ისტორიკოს მეგობარს ვთხოვე, ჩვენი ისტორიული წარსულიდან აფხაზთა და ქართველთა ძმობის რაიმე ლამაზი ამბავი გაიხსენე-მეთქი. დიდხანს იფიქრა, მერე უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია. – რა იყო? – ვკითხე გაკვირვებულმა. – არძმობის ამბავი ვერ გავიხსენე და ის როგორღა გავიხსენო?! – ასე მიპასუხა. ან ბრძენი კაცის მოგონილი სიცრუეა, ან მართლაც ასე იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ასე უნდა იცოდნენ… და უნდა იცოდნენ ჩვენგან. მე სულ მუდამ მახსოვს აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, ლეო ქიაჩელისა და სხვათა შემდეგ კაცი როგორი სიფრთხილით უნდა შეეხოს აფხაზთა გულის სიმებს. ეს ჩემს აფხაზ ძმებსაც უნდა ახსოვდეთ, ქართველთა გულის სიმებს რომ შეეხებიან ხოლმე. მიხარია, შოთა ნიშნიანიძე ეგზომ ლამაზად რომ შეეხო ჩვენი გულების საერთო სიმებს. მე რომ ახლა ამ წერილს ვწერ, უფრო თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს, რადგან მწერალთა კავშირში აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარე ვარ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატად აფხაზეთიდან გახლავართ არჩეული, აფხაზეთში მოვკვდი და დავიბადე ხელმეორედ, ლენინური პრემია რომ მივიღე, ათასი დეპეშა მომივიდა და აქედან ნახევარზე მეტი აფხაზეთიდან იყო. სხვა რომ არაფერი, სამადლობელი მეკუთვნის და ვამბობ კიდევაც. და ასეც რომ არ იყოს, სულაც შავი ზღვის პირას, აფხაზეთში მიდგას ოდა. “ჩანს ოდაზე კოლხთა ღერბი, ღერბი სიმინდ-ჯიქურის, და აფხაზურ ცხენის ნალი ავგაროზად მიკრული”. შოთა ნიშნიანიძის ლექსის კითხვა რომ ჩავათავე, გულში უსაშველო სითბო ჩამეღვარა, ავდექი და ჩემს სიცოცხლეში პირველად მოვძებნე ლექსიკონში გულის განმარტება. გული – უმთავრესი ნაწილი ცხოველთა შინაგანი აგებულებისა, რომლისაგანაც მოიქცევის სისხლი ყოველთავე ძარღვთა შინა, – ასე წერია ლექსიკონში. აუ, რა დიდი ფერება და გაფრთხილება სჭირდება თურმე გულს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი