დიდი ილია


საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, შავ ხავერდზე პატარა, ფრჩხილისოდენა ტყვია დევს, ბერდანის ტყვია, რომელმაც 1907 წლის 30 აგვისტოს ჯერ ილია ჭავჭავაძის და მერე მთელი საქართველოს გულში გაიარა. და ახლა დევს ეს ტყვია მუზეუმში, როგორც შემზარავი სახსოვარი ერის ტკივილისა, განცვიფრებისა, სასოწარკვეთისა, აღშფოთებისა და მრისხანებისა.

ახლა ყველაფერი ეს ისტორიაა, – იტყვის ვინმე, მაგრამ შეიძლება ერისათვის ისტორიად იქცეს ენა მისი, ანბანი მისი, აზრი მისი, გონება მისი, და დროშა მისი?! განა შეიძლება წარსულად იქცნენ ჰომეროსი, დანტე, სერვანტესი, რუსთაველი, პუშკინი, ილია, ადამიანები, რომლებიც დროშასავით უძღვიან წინ თავიანთ ერებს დღიდან დაბადებისა და საუკუნიდან საუკუნეში უნათებენ გზას? ცხადია არა.

ილია იქ დგას, მომავალ საუკუნეებში, და ყოველი წელი არათუ განშორებაა მასთან, არამედ მიახლოება.

ადამიანებს ბავშვობაში ვარსკვლავები ისეთი პატარები და ახლობელი გვეჩვენება, როგორადაც კიაფობენ და ჩანან ისინი ცის კაბადონზე. მხოლოდ შემდეგ, ბუნების კარს რომ შევაღებთ, ვხვდებით თუ რაოდენ დიდია ყოველი მათგანი, რამხელა ენერგიას ინახავს, რა ვეებერთელა მაგნიტური ველი და რაოდენ დიდი მიზიდულობა გააჩნია თითოეულ მათგანს.

სწორედ ასეთი ვარსკვლავია ქართველი ერისთვის უკვდავი სახელი ილია ჭავჭავაძისა და მარადიულია სხივი გამომდინარე მისგან.

როგორც ყველა დიდი ერისკაცი და მამულიშვილი, ილიაც მთაწმინდას მიაბარა დამწუხრებულმა საქართველომ, მაგრამ მისი დიდება საფლავში არ ჩაეტია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი