,,გოდორი'' (ამონარიდები)
„ადამიანი ძალაუფლების მაძიებელი ცხოველია“. „უსაფუძვლო სიძულვილი და ბრმა რწმენა აიძულებს ახალგაზრდას ქუჩაში გამოვიდეს და ხელი მოუღეროს ხელისუფალს“. „თუკი ხელისუფლების შენარჩუნება გსურს, პირველ რიგში, შეკითხვის გეშინოდეთ, ბავშვის პირიდან ამოსულის“. „ბავშვი საზარელი იარაღია, თუკი არადანიშნულებისამებრ გამოიყენებ“. „მეომარი ხალხი ვართო ვიძახით, და მართლაც, ნებისმიერ ტილიან ქართველს დაედება ფასი, ოღონდ შავ ბაზარზე, როგორც სარეცხის სოდას, კბილის პასტას, პრეზერვატივს თუ შავ პილპილს“. „მარქსიზმი ქურდულმა მორალმა დაამარცხა მხლოდ. უბნის რწმუნებულს ზედ არ აფურთხებდნენ უბანში, ქურდს კი ძაღლიც არ უყეფდა“. „ვიდრე ბუნების ენას არ ვისწავლით, ყველა ცოდნა დამღუპველია“. „აღარ რჩება ჩვენი ადგილი არათუ ტაღლითი კარტოგრაფის შედგენილ რუკაზე, არამედ ბუნებაში, და თქვენი ყბადაღებული სრულიად საქართველო ისტორიული მირაჟი გამოდის მხოლოდ. მკვდარი ვირის სიზმარი. ტელევიზია კი ჩივის, საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობსო, ღვთის რისხვაა, აბა ეს რაა?! ქვეყანას ისევ ჩემსავით დაობებული კომუნისტები და შენსავით „ეროვნული მოძრაობიდან“ მოსული კომკავშირლები მართავენ“. „ციხეში კაცი ბრძენდება, ანუ, ზოგი გვიან, ზოგი კი ადრე, – უნდა არ უნდა, ბოლოს მაინც რწმუნდება თავის სიბრიყვეში, ხვდება რომ ბრიყვად გაუჩენია ღმერთს და მე თუ მკითხავ, არც ამის მიხვედრაა ცოტა“. „არავინ არავის არ სჭირდება. ანდა ერთხელ სჭირდება მხოლოდ. მოკლას ან მოეკვლევინოს. ადამიანი ერთჯერადი შპრიცივითაა დედისთვისაც, მამისთვისაც, ცოლისთვისაც… მისი ზედმეტად გამოყენება სახიფათოა, შიდსი იცის, საერთო გამოქლიავება, საბოლოო დაქიანთარება და ცუმპარუმპა“. „დიდების ნაფშვენებს თურმე ყვავიც არ აკარებს პირს. სახიფათოა სიცოცხლისთვის. ყვავს თავის სამასწლიან მარტოობაში ყოფნა ურჩევნია იმ თქვენს დიდებას. სამაგიეროდ ადამიანი დაუფიქრებლად ჭამს და კვდება“. „ყველა ჭეშმარიტი პოეტი ან მკვდარია, ან უგულებელყოფილი. ვინც იბეჭდება, ხელისუფლებას ემსახურება, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება მხოლოდ იმის დაბეჭვდის უფლებას იძლევა, რისი დაბეჭდვაც უპირველეს ყოვლისა თვისთვის მიაჩნია სასარგებლოდ და არა პოეტისთვის“. „სიყვარული სიძულვილზე უკეთესი მიზეზია მკვლელობისთვის, მაგრამ იოტისოდენადაც არ ამართლებს მკვლელს. პირიქით, უფრო ამძიმებს დანაშაულს. თუმცა ამავდროულად რაღაცნაირად ამაღლებს და აკეთილშობილებს, შარავანდედში ხვევს დამნაშავეს. მართლაც, თუ არ გიყვარს, რატომ კლავ? რა უფლებით? უფლება კი სიყვარულია“. „ინგრეოდა, ნადგურდებოდა წინაპართა სისხლითა და ოფლით, ხმლითა და წიგნით წვითა და დაგვით ნაშენები ქვეყანა. წყალს მიჰქონდა ნაფოტივით, ქარს მიჰქონდა თივის ბულულივით, ორი მეფის, ოთხი მთავრის, ერთი ათაბაგისა და უთვალავი თავად-აზნაურის უკუდო, ამპარტავნობას გადაყოლილი, მათ სიხარბესა და სივერაგეს ვერგაწვდენილი“… „თავის მოსულელებაც ერთგვარი სახეა ბრძოლისა, მით უფრო, როცა სხვა აღარაფერი შეგიძლია“. „სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე. „სამშობლო, დედის ძუძუი“ ეტო ვზდორ! ვზდორ! და კიდევ ერთხელ ვზდორ!“ „სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად გრძნობს კაცი თავს და არა იქ, სადაც მამა-პაპის ცოდვების გამო ადვილი შესაძლებელია, შენ წაგაცალონ თავი“. „ქართველებს რომ გულში უდევთ ის საქართველო აღარ არსებობს“. „აუცილებელია ყველამ, სრულიად საქართველომ, სასწრაფოდ მოიშალოს მუცელი… გაიკეთოს აბორტი – დაუნდობლად, დაუნანებლად… თუკი მართლა აპირებს გადარჩენას“. „ნაუცბათევ ქორწილებზე რომ ტყვია წამალი იხარჯება სავსებით საკმარისი იქნებოდა აბსუების თუნდაც ერთი იერიშის მოსაგერიებლად ჩრდილო დასავლეთის ფრონტზე!“ „ერთად ვუშველოთ სამშობლოს! ნუ განვუდგებით სიღარიბის გამო. ნუ ვუუკადრისებთ სიპატარავისთვის. ნუ დავუწუნებთ გარეგნობას. განა ყველა მშობელი ერთნაირად ლამაზი არ არის?! მოვუხმოთ ჭკუას და დავბრუნდეთ შინ, გაქცეულნიც და გასაქცევადაც გამზადებულნიც… ბარგზე მჯომარენიც… ბატებო, ბატებო, შინ! ჩვენს დროს იყო ასეთი თამაში. უფრო სწორედ, უფროსები თამაშობდნენ ასე ჩვენს ბავშვობაში“… „მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე“. „საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა“. „მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება“. „სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა დადაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ გასაგები გახდეს ვინმესთვის“. „ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი