დედაა, რასაც პირველად ნახავ ..


დედაა, რასაც პირველად ნახავ.
მამით იწყება გზებზე ფიქრები.
მერე ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის როცა აღარ ვიქნებით.
ბავშვობა გადის და უცებ გადის.
ჩვენც გვიხარია, რომ უცებ გადის.
აღარ ჩანს-დღემდე რაც ნათლად ჩანდა,
ქრება უხილავ მეტოქის ლანდიც.
ვერც ჩვენ ვახერხებთ იმ განძის პოვნას,
ვცერც ჩვენ ვნახულობთ იმ აშიშ სოროს,
რომელიც დიდხანს მოჰყვება ხსოვნას
და ბავშვობაში არსებობს მხოლოდ.
სამაგიეროდ დღემდე ჩაკეტილს,
დღეს ყველა ქუჩას გვიჩენს ქალაქი
და უკვე ვიცით, ვინ რას აკეთებს
ულაპარაკოდ თუ ლაპარაკით.
ჩვენ აღარ გვაკრთობს ხმაური ქარის
და აღარც დედებს არ ვეტირებით,
რადგან ზღაპრების გმირების დარად,
ვართ ბოროტები ან კეთილები.
და ყველა ვცდილობთ რაღაცის შოვნას,
ყველამ ვიღაცას მივეცით ფიცი.
ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს თოვლი,
ბავშვები როგორ ჩნდებიან ვიცით.
და უცებ სულში შემოდის ქალი:
ვარდებით, ელდით და ჟრუანტელით....
და ტკივილამდე გახელილ თვალებს
ეცოტავებათ ზეცის ნათელი.
ჩვენ ვხურავთ წიგნებს, უჯრებს და ფანჯრებს
და გაბრუებულ ფრინველის მსგავსად
ვაწყდებით კედლებს და უცებ ვამჩნევთ,
რომ წასასვლელი აღარ გვაქვს არსად.
რომ აღარ გვახსოვს, რაც უკვე ვნახეთ,
რასაც ოდესღაც მივწვდით ფიქრებით....
და მაინც ვძერწავთ საკუთარ სახეს
იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი