ეს წელიც გაქრა ..


ეს წელიც გაქრა, უკვალოდ გაქრა
და არა მხოლოდ ჩემთვის – ყველასთვის.
მეც უნდა გული მწყდებოდეს, მაგრამ
მოლოდინით ვარ სავსე ყელამდის.
და მიხარია, რომ გაქრა ისიც,
როგორც გადაღლილ ხსოვნაში ჭორი,
ანდა ვარსკვლავი რომ ქრება დღისით,
გადაყვარებულ ქალივით შორი.
გარემოცული თოვლით და ქარით,
თავის ბუნაგში ცხოვრობს ქალაქი,
იხურება და იღება კარი,
საფეხურებზე ხმება ტალახი.
წელი კი გაქრა, ვით წვიმის წვეთი,
როგორც უთვალავ ლანდებში ლანდი,
როგორც ღრუბლებში მწვერვალის წვერი,
როგორც გაქურდულ ტაძრიდან ხატი.
კეტავენ კაფეს, გამოდის კინო,
გაჩერებებზე გროვდება ხალხი
და უნებურად ფიქრობს და ცდილობს
დამალოს მკაცრი ნაკვთები სახის.
ქუჩებში დაძრწის თოვლი და ქარი,
დაღლილი ყალბი ცრემლით და ფიცით,
და ყველა ჩქარობს, რომ ბებერ მთვარეს
მიუჯახუნოს კარები ცხვირწინ.

იმედისა და ოცნების მსგავსი
ფანჯრებზე ბზინავს ნაძვის ტოტები
სა საახალწლო ვნებებით სავსე,
კიდევ ერთი წლით გიახლოვდები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი