მარინა! მაგრამ როგორ გამიგებ ..


მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.
აქ იყო თოვლი და როგორც ვალი
ჩემს მხრებზე იწვა მთელი სიმძიმით
და შეუმჩნევლად მიღლიდა თვალებს
თეთრი სანთლების ცივი ციმციმი.
ყოველდღე თოვდა და თოვლი ქუჩებს
იმედებივით ართმევდა ფერებს
და ყველაფერი გადაწყდა უცებ,
სულ უმნიშვნელო ყოყმანის მერე.
ის თოვლი ჰგავდა დაქანცულ ლტოლვილს
და სიბერეზე გადაკრულ სიტყვას.
ძალიან დიდხანს გაგრძელდა თოვლი,
ძალიან დიდხანს, ძალიან დიდხანს.
მარინა! მაგრამ შორს იყავ მაშინ
და დილით, როცა ფანჯრებს ვაღებდი,
მოჩანდა, როგორ მოჰქონდათ ბავშვებს
თოვლის ბრჭყვიალა ბაირაღები.
ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი
ბაირაღები მოჰქონდათ ბავშვებს.
მე კიდევ მთვლიდნენ ოჯახის წევრად,
მე კი ქუჩებში ვეძებდი საშველს.
და თოვლს მიჰყავდა ყინვის აღვირით
ჩვენი ქუჩები, როგორც ცხენები.
მარინა! შენი ძებნით დაღლილი
ვწვებოდი თოვლში და გიხსენებდი.
მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ:
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე.
ქუჩებში ქარი დგას და არიგებს
უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი