სახურავებზე ..


სახურავებზე,
სახელურებზე,
საფეხურებზე,
ქვაფენილებზე -
დაფენილია თოვლი და მთვარე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი
და ისევ შენზე უნდა ვიფიქრო,
უნდა ვიფიქრო და დავიჯერო,
რაც დღეს არ მჯერა, რასაც ეს ჭერი
უკვე ამდენი ხანია უძლებს.
მე მინდა: ერთხელ დაგკარგო უცებ
და სხვანაირი გიპოვო მერე.
მთვარეში, თოვლში შრიალებს მტკვარი.
თეთრ ხეზე ჩიტებს დარჩათ ეჟვანი…
მე მინდა: შენი ფეხის ხმა კარებს
მთვარეში, თოვლში არ მოეჩვენოს
და გაიცინო, როგორც იცინი
ნამდვილად, სადღაც: ფიქრში თუ ძილში,-
თორემ მე დღესაც ვეღარ ვიძჳნებ
უცნაურ ეჭვით, უცნაურ შიშით.
ქვაფენილებზე,
საფეხურებზე,
სახელურებზე,
სახურავებზე -
დაფენილია თოვლი და მთვარე.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი