დაბრუნება


თავჩაღუნული და შეფუთვნილი
ლიფტს ელოდება ჩემოდნით ხელში,
ჩემოდნით მოაქვს მისი კუთვნილი
წუთების ფერფლი, ღორღი და ხრეში.

მისთვის არაფერს არ ნიშნავს ახლა
აბრუნებენ თუ ბრუნდება თვითონ,
ქვევით წაიყვანს ლიფტი თუ მაღლა,
დაუჯერებენ მართლა თუ ვითომ.

ოღონდ, არავის გაუმხელს იმედს,
დე, სულის ფსკერზე თავისთვის იდოს
და ჩამოხსნილი ზარივით მძიმე,
ვალი და ფიცი ბოლომდე ზიდოს.

ის შედის ლიფტში, როგორც საკანში.
ქვეყანა თავქვე ხარხარით მიხტის.
მაგრამ რაღა აქვს მას საგანგაშო?
მან დრო გაფლანგა და სასჯელს იხდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი