ზოოპარკი
1 დათვი მუცელს იფხანს თათით, დილიდანვე უცდის სადილს. “რა თქმა უნდა, ტყეში ჯობდა, წაბლიც მქონდა, თაფლიც მქონდა - ალბათ ასე ფიქრობს დათვი და თან მუცელს იფხანს თათით. 2 გველს კი თავი ქვაზე უდევს და სისინებს: “არ მაქვს ბუდე, მაგრამ მაინც ყველას ვძულვარ, თუმცა ჩემით არ მოვსულვარ”. 3 ისევ ღამეს ელის მგელი, ისევ ერთი მიზანი აქვს... თავს კი ასე ინუგეშებს - “ვნახოთ, იქნებ სიზმარია?!” 4 - შენ ვიღა ხარ? - ფოცხვერი, - როგორა ხარ? - რა მიშავს. - მაინც მაინც? - მოწყენილი. - რა გინდა? - რა მინდა და... გამიშვან. 5 ხეპრე ზებრა არც უყურებს საწყალ ირმის ხრიოკ ეზოს და თან ისე იბუტება, თითქოს ძალით შეღებესო. 6 კენგურუ სწრაფია, როგორც ენგური. “ენგურო” უნდა ერქვას კენგურუს. 7 ისე მოდის ბეგემოტი, თითქოს იცის, რისთვის მოდის. 8 მთელი ქვეყნის გაოცებას ცდილობს სპილო, ბავშვები კი აბრაზებენ: “სპილო-წვრილო!” 9 ეს კი ჩვენი ნიანგია, ძველი მკვიდრი თბილისის. ერთხელ კუდიც შეარხია შარშან წინის წინის წინ. 10 არც უყურებს სტუმრებს წერო: “სად მცალია, ლექსებს ვწერო”. დაუწყვია ზურგზე ფრთები, მზეზე თბება. 11 ძირს ყრია: სვავები, ქორები, არწივები - როგორც დამსხვრეული ტანკის ნაწილები. 12 ფარშევანგი არცერთს არ გავს - დედოფალი იყოს თითქოს- დღე და ღამე იმას ფიქრობს, რას დაიხატ-დაიქარგავს. “ახლა ასე ვიღა იცვამს?!” - უკვირს ციცარს. 13 ლომს კი ძინავს და მძინარეც ყველა მხეცზე ლამაზია. არც ბუხუნებს... თუმცა ბუხუნს გალიაში რა ფასი აქვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი