თეთრი მინდორი


მე ჩამეძინა და ძილშიც ვგრძნობდი,
როგორ ფეთქავდა სარკმელში ტოტი,
და როგორც ტოტის ცახცახა ჩრდილი,
ხელს მაფარებდა თვალებზე ძილი
და აღარ ჩანდი, მე კი ვწვალობდი,
მაგრამ შენს  სახეს ვერ ვიხსენებდი
გულს იხეთქავდა ჩიტი გალობით
და თეთრ მინდორზე იდგნენ ცხენები:
არწევდნენ მინდორს დაბმული ბუშტის
და წყალმცენარის მოძრაობებით,
ცა ივსებოდა ღრუბლის კოპებით.
ნელა ქრებოდა სინათლე სუსტი,
მე კი ვერაფრით ვერ ვახერხებდი
შენს წარმოდგენას..
შენი ფეხებით სხვა დადიოდა. შენი სახელიც,
სხვას ეკუთვნოდა შენი სახელი!
ვიჯექი უცხო სახლის კიბეზე და
მაწამებდა ჩემი სიბეცე,
ჩემი სისუსტე და სიღატაკე.
და ჩემი სულის ქვის იატაკზე
შენი არსება ჩრდილად ქცეუილი,
როგორც სულისთვის უცხო სხეული
უძრავად იდგა.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი