მოხეტიალე კუნძული
ბოლოს და ბოლოს გისრულებ თხოვნას: გიგზავნი წერილს. გამომწვარია გულის ღუმელში და ნახშირივით წმინდაა იგი. ღამის უსაზღვრო ოკეანეში ჩემი სარკმელი ანთია მხოლოდ. მაინც ძნელია ყველაფერი ვაქციო სიტყვად და თანაც მივცე სიმაღლე სანთლის, ყრუ _ მუნჯი ბავშვის სიმარტოვე, თოვლის დუმილი და მოლოდინი სველ სილაში ჩამხობილ ნავის... ღამის უსაზღვრო ოკეანეში ჩემი სარკმელი ანთია მხოლოდ. დაეჭვებული და დაძაბული მომჩერებია ღამე ხელებში. და აი, ფურცლის გლუვ ზედაპირზე ამოდის სიტყვა ამოდის, როგორც წყლიდან ხმელეთი და მკვდარი ფსკერის დორბლი და შლამი, გადაშენებულ თევზების ჩონჩხი და მარგალიტად ქცეული ცრემლი (ჩემი თუ სხვისი!), ამოაქვს მაღლა. ეს სიტყვა ჩემი კუნძულია, მე ამ კუნძულზე ჩემი სიცოცხლე გადავზიდე და ბნელ მღვიმეში დავაბინავე სტალაქტიტივით. მადლობელი ვარ ამ ტკივილისთვის. მე ფიქრი მტკივა, როგორც ხეიბარს დიდი ხნის წინათ მოჭრილი ფეხი სტკივდება ხოლმე. და ზურგით დამაქვს შენი სინათლე, როგორც ჟანგბადით სავსე ბალიში. მღვიმის წყვდიადში დუმს სტალაქტიტი, ვით ზარის ენა - ჩამოხსნილ ზარში. დახეტიალობს ჩემი კუნძული, მთელი ქვეყანა ზღვა არის მისთვის. ის ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება, გამოცდილი აქვს ფეხქვეშ საყრდენი. დახეტიალობს ტალღების ქაფით თავშემკობილი და თოლიების მჭახე სიმღერით გაბრუებული... მას დაეძებენ! გაშლილ რუკაზე გრძელი ფეხებით დასდევს ფარგალი და იფარება მთელი ქეყანა ჯვრებით, წრეებით და კვადრატებით... გადაზნექილა ქარში ანტენა, წამომართული გაწვრთნილ გველივით, და იოფლება ხელში ჭოგრიტი, სივრცისგან თვალებატკიებული. დახეტიალობს ჩემი კუნძული და ზღვაზე გააქვს რძისფერი ხნული, ხოლო იმ ხნულში თესლივით ცვივა მისი ამაყი რწმენა და ფიქრი. მას დაეძებენ! მაგრამ ჭოგრიტში არ გამოჩნდება არასდროს იგი და ვერც ფარგალი ვერ დაეწევა და ვერც ჯიუტი და ბასრი წვერი საგულდაგულოდ გათლილი ფანქრის. ტყუილად ქსოვენ ამხელა ბადეს ეს სიგრძედებიც და განედებიც. ის შენშ უნდა აღმოაჩინო: შენს არსებაში! მაგრამ ამისთვის ბევრ რამეს უნდა უთხრა უარი: უნდა ჩამოხსნა მძიმე ფარდები და გამოაღო სულის სარკმელი, და აღარ მიწვე უსუსურების და მორჩილების დამპალ ძონძებზე, ნარკოტიკივით გაოგნებული ყალბი სინათლით... ფეხით გასრესილ ლოკოკინას სუნი დგას ირგვლივ. მიარღვევს ტალღებს ჩემი კუნძლი და ნაპირებზე გადმოდის წყალი: აქაფებულუ და აფოფრილი, მღვიმემდეც აღწევს ჩემ გარშემო ტოვებს ნიჟარებს. და ნიჟარებში ჩაბუდებული მარადიული სული ბუნების, მაგნიტოფონის სუფთა ფირივით შრიალებს ბნელში. აი ამ ფირზე იწერება ჩემი სათქმელი. დახეტიალობს ჩემი კუნძული; პირველყოფილი გულუბრყვილობით დარწმუნებული, რომ საჭიროა, რომ ვინმეს მაინც მიუსწრებს სულზე ამხელა ზღვაში... ესაა მხოლოდ მისი მიზანი, თვითნვე მოვა იგი შენამდი, თვითნ მოგნახავს და გადაგარჩენს, თუ აღიარებ, რომ იღუპები. მაგრამ ხარბია ადამიანი: დროს არ დაკარგავს აღსარებისთვის. ჭიპით სიზიფეს ლოდზე მიბმულლი, ძლივს მოპოვებულ სულს და გონებას იშორებს გზაში, რომ შემსუბუქდეს და მიათრიოს ძვალი და ხორცი სალაფავამდე... აჰა, გამოჩნდა! ფერშეცვლილ ფიცარს წურბელასავით მიჰკვრია კაცი, რომსიკვდილამდე მთლად გამოსწოვოს, თუკი რამ დარჩა გამოსაწოვი. ვეძახი: შველა ხომ არ გჭირდება?! (ხელში მიჭირავსრკინის კაუჭი). - გამომადგება! - მპასუხობს იგი და დაღუპული გემის ფიცარი შინისკენ მიაქვს. და გალუმპული მისი მკლავები, შეყვარებული სელაპივით წვანან ფიცარზე... ქვის იატაკზე განწმენდის ცრემლით ამოჭრილია შენი სახელი. მის წასაკითხად საკმარისია ასოებიდან წყლის ამოხაპვა და სულ პატარა ნაჭერი სანთლის. მადლობელი ვარ სიმარტოვისთვის. სული იზრდება სიმარტოვეში. მე მესმის, როგორ იზრდება იგი და ვხედავ, როგორ იკეთებს ყვავილს და როგორ მიაქვს მზისკენ ყვავილი, გაქვავებული კოცონის მსგავსი
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი