სექტემბერი


ჩემ წინ დაეცა ჭადრის ფოთოლი,
გამოფიტული და დაქანცული,
და ზოოპარკის ცისფერ სკამებზე
ანთია სიცხის ანაბეჭდები.
- გინდა? გაჩუქებ.
თუმცა ამ ფოთოლს
ვინ გააჩერებს შენს გალიაში,
ან ვინ იფიქრებს, რომ ეს ფოთოლი
მე შემოგიგდე და არა ქარმა.
ქარს მხოლოდ მიაქვს,
ქარს სიტყვაც მიაქვს,
მაგრამ ხანდახან განგებ ატანენ,
რომ მოიშორონ სიტყვის სიმძიმე
და ქარს დაბრალდეს ქარში ნათქვამი.
ქარი მოვარდა,
ქარმა მომაგნო,
ქარს გავეკიდე,
ქარის ბრალია,
ქარით დაღლილი,
ქარად ვიქცევი,
ქარო, როდემდის ვიქნები ასე?
მე მთელი ღამე სიტყვას ვეძებდი,
რომელსაც უნდა გადავერჩინე.
ის ცალკე იჯდა და იცინოდა,
მე კი მიყვარდა და ვბრაზდებოდი,
და ვრწმუნდებოდი, რომ ვერასოდეს
ვერ მოვნახავდი საჭირო სიტყვას.
და ყველაფერი გადაწყდა უცებ:
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი კაბა..
და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
გათავდა?
თუმცა ამ სიტყვის გარდა
მე მქონდა გული,
გულიც და ვნებაც.
მან გაისწორა ლამაზი თმები,
ლამაზი მხრები... და გაიცინა.
გესმის? - გაწვიმდა.
ხედავ? - გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს.
წვიმა მოვიდა,
წვიმამ მომისწრო,
წვიმას წავყვები,
წვიმის წილი ვარ,
წვიმით ავივსე,
წვიმად ვიქცევი,
წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის,
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები,
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის, დიდი ხნის მერე,
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა,
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე თუ შეგიძლია,
ნაწილი მაინც შეინარჩუნე.
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება...
გაგიჭირდება...
მზე ამოვიდა,
მზემ გამაბრუა,
მზეს შევეფარე,
მზის იმედი მაქვს,
მზით გავთამამდი,
მზედ მინდა ვიქცე,
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვიტანთ,
როცა სხეული მზითაა სავსე.
ქალმა, რომელიც მიყვარდა ძლიერ,
როგორც მებადურს უყვარს მდინარე,
მდინარეს - ფიქრი, ფიქრს - კი დუმილი,
დუმილს - ხმაური და ხმაურს - სივრცე...
დიდხანს უცადა იმ წყეულ სიტყვას,
უცადა დიდხანს და მოთმინებით,
მერე წამოდგა და შემომხედა,
როგორც ტურისტმა ცარიელ კედელს.
და აი, უკვე მზეც ამოსულა
და შემოგომის მზე გალიებში
შემოცვენილა ოქროს ფოთლებად.
ზამთარი მოდის და სანამ დროა
შეინარჩუნე ოქროს ფოთლები:
ზამთარში გულზე დაიფენ ხოლმე,
თავქვეშ დაიდებ და განათდები.
მე კი მეყოფა, თუ შენს თვალებში
ვნახავ საოცრად პატარა მზეებს,
პატარა მზეებს ვნახავ თვალებში,
თვალებში ვნახავ უთვალავ მზეებს.
მზე ამოვიდა,
მზემ გაგვაბრუა,
მზეს გავახსენდით,
მზის შვილები ვართ,
მზით მორთულები
მზედ უნდა ვიქცეთ.
მზეო, ნურასდროს ნუ წახვალ ჩვენგან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი