სინათლის ლეკვი
იქნებ არც იყო, მაგრამ მე მახსოვს ზამთარი, როგორც ცუდი სიზმარი, როგორც დამპალი ძაფით ნაქსოვი პერანგი სველი და ნასხვისარი. ქალაქი თოვლში იდგა ყელამდე, თოვლის ყალიბში იყო ჩასხმული და მასაც, როგორც ირგვლივ ყველაფერს, არც თავი ჰქონდა, არც დასასრული. არ არსებობდა სამყარო თითქოს, გზებს აუქმებდა თეთრი გრიგალი და იხრწნებოდა სახლებშ სითბო, კაცის ნასუნთქი და ნაფიქრალი. არარსებული ზარების რეკვით ექანცებოდათ მკლავები ქარებს. ქუცაში ეგდო სინათლის ლეკვი და მთელი ღამე ტიროდა მწარედ. როგორც უხილავ ღმერთს იაკობი, ეომებოდა ტვინი უკუნის, რომ ცოდვის თუნდაც ერთი ნაყოფი გადარჩენოდა ამ საუკუნეს. ხოლო ტვინისთვის დადგმული მახე, თრთოდა ფურცელი, თოვლივით თეთრი, გულაღმა იწვა და ედო სახე დამორჩილებულ ქალის თუ... ღმერთის. ვით უნაყოფო ვნების ფიტული, ზამთრის უაზროდ მძიმე სხეული, საქვეყნოდ იყო გამოკიდული და განსჯის საგნად იყო ქცეული. ჩვენ კი, ბინებში გამოკეტილნი, კრუხად ვიჯექით საკუთარ სითბოს, უფრო ჭკვიანიც, მხნეც და კეთილიც - სხვა იცხოვრებდა ჩვენს ნაცვლად თითქოს. აღტაცებული და დარცხვენილიც და დაბნეულიც ამ აღმოჩენით, დაჭიხვინებდა ყინვა ცხენივით, თავმოკაზმული თეთრი ფოჩვებით. მერე მზემ თვალი გამოახილა, მერე განათდა და დათბა კიდეც და შვების ოხვრამ როგორც მარხილმა, გადაუქროლა ქუჩებს და ხიდებს. გამთბარი რწმენით და ლაპარაკით, დაუჯერებლად მხნე და მდიდრული, კვლავ შეიშმუშნა მზის ქვეშ ქალაქი, ზამთრის ფსკერიდან ამოზიდული. ხოლო მარხილი, ეჯვნებით სავსე, გვაფრქვევდა სურნელს ცეცხლის და მიწის, წყალობასავით გვაყრიდა თავზე ფორთოხლის ნაფცქვენს, სტვენას და სიცილს. სარეცხის თოკებს აბამდა ქალი, ვით სიმარტოვის დაწყვეტილ სიმებს და აცეცებდა ახელილ თვალებს სინათლის ლეკვი, თაფლივით მძიმე.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი