სიყვარული


ზამთარმა ცივმა და შემპარავმა,
მომისია კვლავ თეთრი ფიფქები
და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ
და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ
ის, რაც ვიყავი ანდა ვიქნები

და იქნებ ჯობდეს, გაიხსნას ფრჩხილი,
გველმა და ენამ აიძროს ლუქი,
ბოლო უჯრამდე შეივსოს ცხრილი,
ბოლო კუნჭულსაც მიადგეს შუქი.

იქნებ გვჭირდება მესამე კაცი,
მსაჯულისა თუ მკურნალის მსგავსი,
ამ მტანჯველ გრძნობას რომ დასდოს ღვაწლი
და მისცეს სახეც, სახელიც... ფასიც.

იქნებ ფერფლია და არა ღველფი?
იქნებ ლოდია და არა სვეტი?
იქნებ მსხვერპლია და არა კერპი?
ბედისწერაა და არა ბედი!

არ გამოჩნდებაიგი გარედან,
მაგრამ არსებობს, უტყვი და ურჩი,
როგორც ფორმულა ან მარგალიტი
გამომწყვდეული ცეცხლგამძლე ყუთში.

განწირულია ის გრძნობა ვიცი,
მუცლიდან დაჰყვა გიჟის ხალათი,
მისთვის უცხოა ვალი და ფიცი,
რადგან არ იცის რაა ღალატი,

ჩვეულებრივი ტანჯვით და ვნებით,
ვერ იბოგინებს ამ ქვეყნად იგი,
რადგან მთრთოლვარე და ვრცელი ფრთები
აპატარავებს ყველაფერს ირგვლივ.

მაინც ისაა გზაც და ჭაპანიც
და გვერდით მიწევს მეძვის ტოტივით,
სანამ მახურავს ცხელი საბანი
გაურკვევლობის და მოლოდინის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი