შეხვედრა
სარკმელში ღამის მხრები ელავენ, პალტო ჩრდილივით აგდია კართან, ის კი მეასედ ყვება ყველაფრს, ძველსა თუ ახალს,ტყუილს თუ მართლს. გაღიმებული უყურებს ქალი და ეფერება საკუთარ ხალათს და ამოუხსნელ ბუნების ძალით ბედნიერების ნახევრას მალავს. კაცი კი ჰყვება და რასაც ჰყვება სხვა ვერ გაიგებს იმ ორის გარდა, ის ჰყვება პირველყოფილი ვნებით და გულწრფელია საკუთარ თავთან. სამყაროსთანაც. და ამის გამო, თავზე მოხვეულ თვისებებს კარგავს, თვალებში მშვიდად უყურებს ღამეს და როგორც ცოცხალს-უყურებს საგანს. ხოლო საგნების უძრავი კასტა, ღალატობს თავის წესს და ბუნებას და ეწირება მათ გულწრფელ განცდას, როგორც ყველაზე ძლიერ ცდუნებას. ისინი წვანან,საწოლის თავთან, ფრინველის მსგავსი საათი ყვინთავს, სარკმელი მკერდით აკავებს ავდარს, სარკე ყველაფერს ირეკლავს მშვიდად. ისინი წვანან და ქალის ხელი მიშვებულ ნიჩაბს თუ ფრინველს ბაძავს, ხოლო ოთახში ნახევრად ბნელა და ჰგავს ოთახი პატარა ტაძარს. დე იყოს ასე. დე ერთი ღამე მოსვენებული ჰყავდეთ გონება და ვერ ამჩნევდნენ, რომ ყველა წამი უფრო ნათელს ხდის მათ განშორებას, რომ სიხარულსაც გაუდის ვადა, რომ სიხარულიც ძაფით აბია და რომ ათასგვარ სიძნელის გარდა, არსებობს მკაცრი გეოგრაფიაც. არსებობს ბოძი,მავთული,ხნული... არსებობს თვალი,სმენა და ენა... მაგრამ არსებობს უსაზღვრო გულიც, უსაზღვრო ნდობაც,უსაზღვრო რწმენაც. და ამის გამო,ამ ქვეყნის შლამი წყალს მიაქვს მათი ალერსის ფასად და იყურება სარკელში ღამე, ცერებზე შემდგარ მოზარდის მსგავსად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი