რკინის საწოლი


I

ლაპარაკობდნენ ხეები ძილშიც.
ტოტებში ქარი წიოდა მწარედ
და დაბერებულ კედლების ჩრდილში
კაცივით იდგა დაღლილი მთვარე.

ბნელში ბრწყინავდა ძველი ნათურა,
ვით უმნიშვნელო ნატეხი მთვარის
და უსასრულო ფიქრში გართული
ათასში ერთხელ ბრწყინავდა მტკვარიც.

ბრწყინავდა რკინაც,ცივი და ბასრი,
და კიდევ რაღაც ბრწყინავდა იქვე
და როგორც დენთით გატენილ კასრებს,
მოაგორებდნენ ჩრდილები ფიქრებს.

და საიდუმლო,როგორც სერობა,
ტრამვაის ხაზი წყდებოდა უცებ,
ხოლო საათი მძიმე შენობას
კოპივით ეჯდა გაცრეცილ შუბლზე.

II

ასეთი იყო ქუჩა იმ ღამით,
მნიშვნელოვანი ხდებოდა ჩქამიც
კედლის თუ კიბის,ხისა თუ თხრილის
და იდგა სუნი წამლის და კვამლის.
და იმ ქუჩაზე ავლილს თუ ჩავლილს
იპყრობდა შიში და უნებურად
ფეხს უჩქარებდა.ბაღს კი მეფურად
ეჭირა თავი ჩიტებით სავსე.
და გადიოდა ცხოვრება ასე.

III

ხოლო იმ ბებერ კედლების შიგნით
იწერებოდა ცხოვრების წიგნი
და გროვდებოდა წიგნში ხვალისთვის,
რაც უხილავი იყო თვალისთვის,
რაც მიჰქონდა და მოჰქონდა მთვარეს,
ანდა უეცრად წვიმებს და ქარებს,
რასაც ხეები ამბობდნენ ძილში,
ანდა ჩიტების უმწეო ჯიში
იტყოდა ხოლმე.

IV

რკინის საწოლზე იწვა პოეტი,
რკინაზე ედო სული მღელვარე,
რადგან ვერაფრით ვეღარ ტოვებდა
სხვისთვის უჩინარ ცას და მწვერვალებს.

საწოლი ჰგავდა ბობოქარ მორევს
და ბობოქრობდა ისევ და ისევ
და ამ საწოლზე იპყრობდა სწორედ
პოეტი თავის ვნებათა მიზეზს.

V

და როცა ქალაქს ეძინა უკვე,
კარგად თუ ცუდად,ასე თუ ისე,
კედელზე მაინც რჩებოდა შუქი,
როგორც ღიმილი მძინარის პირზე.

და ის ღიმილი წყნარი და მკრთალი
სინათლეს ჰფენდა დროგასულ ფურცლებს,
სულს უბრუნებდა და მთელი ძალით
ფურცლები სუნთქვას იწყებდნენ უცებ.

და კვლავ იღებდა პირვანდელ სახეს
მხეციც, კაციც და ღმერთიც – სამივე.
ხოლო მამათა მონასტრის ახლოს
სოფლელი გოგო კრეფდა ყვავილებს.

გოგოს ფუტკარი ეჯდა კისერზე
და მიჰყვებოდა ბზუილს მთვრალივით.
და გულუბრყვილო იყო ისევე,
როგორც ფუტკარი,ანდა ყვავილი.

ის არა სცნობდა მონასტრის წესებს,
მაგრამ მონასტრის ახლოს გრილოდა.
და მისი ჩრდილი წვებოდა მზეზე
და ფარასავით მიზოზინობდა.

ბერს კი ტუჩებზე მიედო თითი
და თავს იღწევდა ღმერთის ჩეროდან.
და სული, როგორც ცისფერი ჩიტი,
ცის გასაგონად სულ სხვას მღეროდა.

ტაძრები ღამით ისევ გალობდნენ,
და ისევ ზარებს ეკიდა მნათე,
და გარგანტუას შთამომავლობა
სოფლის შუკებში დასდევდა ბატებს.

ჯერ არ იცავდა ქოხს მეხამრიდი
და ღვთის ამარა ცხოვრობდა ასე,
ხოლო მწუხარე სახის რაინდი
მიჩაქჩაქებდა უკაცურ გზაზე.

გლეხი კი ისევ მიწას ბარავდა
და განუწყვეტლივ ლოცავდა გამჩენს,
და თბილი თესლით სავსე კალათას
ხნულებში ცლიდა მშვიდი და გამრჯე.

ისევ უცდიდა ტრისტანს იზოლდა,
გამოდიოდა საიქიოდან,
და არ ამბობდა, ან არ იცოდა,
რომ ყველა ქალის გული სტკიოდა,

რომ ყველა ქალის სახელით იწვა
ყველაზე გულწრფელ მიჯნურის გვერდით
და არც ფიქრობდა, თუ გრილი მიწა
როგორ უბრალოდ უსვამდა წერტილს
ყოველგვარ ვნებას…

მაინც ეტრფოდა პეპელა სანთელს,
მაინც ეძახდა სიკვდილი მოკვდავს
და ქვესკნელიდან ამოსულ დანტეს
შემკრთალი ხალხი სიმართლეს სთხოვდა.

სიმართლე იყო მკაცრი და ბასრი
და ხალხს,რომელსაც ცოტა ესმოდა,
ძლივს გამოჰქონდა სიტყვიდან აზრი,
როგორც ძვირფასი კუბო ეზოდან.

მაინც ბზინავდა ბნელში პიტალო,
მაინც ფშვინავდა ბნელში ხეხილი
და უწყინარი იყო მიდამო,
სააღსარებოდ მოსულ გლეხივით.

სამლოცველოში ესვენა ხატი,
ურმის კოფოზე ესვენა მთვარე,
ხოლო ჰამლეტის ცნობილი ლანდი
მიფარფატებდა ოთხივე მხარეს.

VI

ხმას გამოსცემდა ქარიც სიმივით,
მაგრამ უაზროს,მძიმეს და დამღლელს,
ხოლო ის შუქი,თუ ქვის ღიმილი
ასე ართობდა გარინდულ სახლებს.

მაგრამ პოეტი მაინც ეძებდა
მარადისობის კვალსა და მიზეზს,
და როგორც ბავშვი მშიერ მხეცებთან,
ფიქრებთან მარტო რჩებოდა ისევ.

ადამიანი იყო პოეტიც
და ჩვეულებრივ კაცივით ხარბად
სუნთქავდა ღამეს,ხოლო რტოებში
ქარი წიოდა,სტკიოდა ალბათ.

როცა ქარს სტკივა,რაღა თქვას კაცმა,
ხომ არ იკივლოს კაცმაც ქარივით,
ანდა უებარ მალამოს ნაცვლად
ხომ არ დაიდოს წყლულზე მარილი,

რომ არასოდეს არ დაეძინოს,
არ იტივტივოს ბნელში ტივივით
და ყველაფერი ტკივილს შესწიროს,
თუკი სინათლეს აჩენს ტკივილი.

ადამიანი იყო პოეტიც,
ბევრჯერ წაექცა მასაც სხეული
და მხოლოდ სული,დროშად ქცეული,
ვერტიკალურად იდგა ყოველთვის.

VII

როდესაც ჩნდება ადამიანი,
მიწაზე უნდა ადგილი ჰქონდეს,
რომ შეაჩვიოს ხორცი იარას,
გონება – სივრცეს და სული – ცოდვებს.

ა უნდა ჰქონდეს,რომ კი არ გასძლოს,
იბრძოლოს,ვიდრე ძარღვი ითრთოლებს
და თუ სიცოცხლეს ბუნება აძლევს,
ცხოვრება უნდა შესძლოს თვითონვე.

ის კი ცხოვრობდა მთელი არსებით,
მარად მართალი საკუთარ თავთან.
ერთბაშად ყველა კუთხეს ავსებდა
და გზაზე დამდგარ დიოგენს ჰგავდა.

არ უჩიოდა არცერთ ჭრილობას,
არ უყურებდა დაბლა ზემოდან
და თან ყველაფრის განცდას ცდილობდა,
ამ ქვეყანაზე რაც არსებობდა.

და როცა გარეთ გამოდიოდა,
თამამდებოდნენ ქუჩები უცებ,
მატარებლებიც უფრო კიოდნენ,
უმაგრდებოდა ქვეყანას ფუძე.

ეს არ ნიშნავდა მხოლოდ გამოსვლას,
მხოლოდ და მხოლოდ ადგილის შეცვლას,
არამედ ქარსაც და საღამოსაც
და ნათურებში დამწყვდეულ ცეცხლსაც,

მატარებლების გაბმულ კივილსაც
და ბეწვის ხიდზე შემგდარ მთვარესაც,
მწარე ცრემლებსაც, მაგრამ ღიმილსაც,
დაწყვეტილ გულსაც, მაგრამ ალერსსაც.

ის ერთდროულად ნიშნავდა ჩრდილსაც
და იმ საგანსაც,ჩრდილს რომ ისროდა.
ყველაფერს თვლიდა სიმღერის ღირსად
და უმღეროდა,როგორც იცოდა,

მაგრამ ყოველთვის რჩებოდა ძალა,
რომ არ ექცია ხმა ლაპარაკად,
გრძნობა კი სიტყვად, და თავის ქალაქს
თვლიდა ყველაზე ძვირფას ქალაქად.

ქალებს უყვარდათ,რადგან ღელავდნენ,
ის კი გონებას მაინც იკრეფდა,
და აღსარების გარდა ყველაფერს
მათთვის ხარჯავდა დაუფიქრებლად.

და მთავრდებოდა რომანი ასე,
რადგან ვერასდროს ვერ ახერხებდა,
რომ ათრთოლებულ მლოცველის მსგავსად
დაცემულიყო ქალის ფეხებთან,

მაგრამ ტკივილებს ვერ გრძნობდა თითქოს,
სანამ ჰყოფნიდა დროც და ხალისიც,
ჩვენ კი გვატანდა ყინვას და სითბოს
და მოვდიოდით,მაგრამ ხვალისთვის

და საბრუნებელ გზას ვიტოვებდით,
რომ შეგვძლებოდა კვლავ მისი ნახვ
თუნდაც ცოტა ხნით,რადგან ყოველთვის
ამოუხსნელი გვრჩებოდა რაღაც.

თუმცა რა იყო ამოუხსნელი.
ყოველთვის ჩვენზე კარგად ესმოდა,
რას დაიტევდა ერთი ფურცელი…

და როცა ქარი გარეთ კვნესოდა,
გამოდიოდა მოსაშველებლად,
ვით გოლიათი კურდღლის სოროდან,
რომ ქარის წუხილს ერთი მსმენელი
და ხმის გამცემი მაინც ჰყოლოდა.

VIII

ბაღს კი ყველაზე ფხიზლად ეძინა
და ჰგავდა ციდან დაშვებულ ფარდას,
და ღამის ქარით თმაგაწეწილი
სათქმელს ყოველთვის ამბობდა სადად.

და დილის ტბილი ხელის შეხებაც
ახალისებდა ჩიტებით სავსეს,
მთვარეს კი თავის თეთრი ფეხები
ძლივს გადაჰქონდა ტრამვაის ხაზზე.

IX

უბრუნდებოდა ქუჩას სინათლე,
ჩრდილებს – ადგილი,
საგნებს – სიმართლე,
და გადაშლილი წიგნიც დროებით
იფარებოდა მწვანე რტოებით,
იჩრდილებოდა ჩიტების ჩრდილით
და ისიც ცოცხალ გულივით თბილი,
ყველა სიკეთის მცოდნე და ღირსი,
კვლავ უხილავი ხდებოდა დღისით.
მზე კი ფანჯრებში ხალხს ახედებდა
და ჩანდა,როგორ იდგა კედელთან
რკინის საწოლი.

X

ძვირფასი ოყო ის ქუჩა ჩვენთვის,
ჩვენ იმ ქუჩაზე თამამად ვწერდით
ჩვენი პირველი შეკრთომის მიზეზს
და პირველ ღიმილს სამყაროს პირზე,
ხოლო პოეტის მკაცრი ოთახი
თავბრუს გვახვევდა ყველას ცოტახნით
და შიშის მაგვარს ვგრძნობდით ყველანი,
როცა ბრწყინავდა შავი მელანი,
ის კი ბრწყინავდა კაცის სისხლივით,
თუ მოხვდებოდა ხოლმე მზის სხივი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი