ქვეყანა ბრუნავს


ქვეყანა ბრუნავს, ბრუნავს და ბრუნავს –
კვლავ იდუმალი, კვლავ საკვირველი…
მეც კვლავ სავსე ვარ შენდამი ზრუნვით,
როგორც ზღვა – თევზით, ან ტყე – ფრინველით.

იძინე მშვიდად! ჩვენს მცირე ფართობს
გარს უვლის გრძნობა, ვით ციხეს თხრილი.
იძინე მშვიდად, რამეთუ მარტო
მე მაქვს უფლება, დაგიფრთხო ძილი.

არც სვეტიცხოველს და არც დარიალს
და არც სხვა ძალას, ბოროტს თუ კეთილს,
არამედ მარტო მე მაბარია
შენი სიცოცხლე და შენი ბედი.

ყველაფერს ვერ სვრის (ტყუილი უთქვამთ)
ამქვეყნიური შლამი და ხრეში…
იძინე მშვიდად! დე, შენი სუნთქვა
მდინარესავით დიოდეს ბნელში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი