0 0 470
მე ისევ ახალ ეტლში შევები
მე ისევ ახალ ეტლში შევები,
არა და, უკვე ახლოა ჟამი
მონანიების და მიტევების,
ანუ შავი დღის და თეთრი ღამის.
მე კი – კვლავ ახალ ეტლში შებმული –
დავქრივარ გზებზე, როგორც დავქროდი.
გულსაც წანწალი სურს ძველებურად,
ათასჯერ დამწვარს, დაღრღნილს, დაკოდილს…
მაგრამ სულ სხვაა ამ ქროლვის ყადრი,
სულ სხვას გულისხმობს ამ ქროლვით დაღლაც:
თუ შეუცნობელს ველტვოდი ადრე,
შეცნობილისკენ გავრბივარ ახლა.
და თავს ვიტყუებ, რომ ძველებურად
გრძელდება გრძნობაც, სურვილიც, ფიქრიც…
და არარსებულ ეტლში შებმული
არარსებული ქვეყნისკენ მივქრი.