დედაენა
ღვთისგან გაჩენილს ყოველს სულიერს, ორფეხს თუ ოთხფეხს, სუსტსა თუ ძლიერს, მცურავს თუ ფრინველს, მღილსა მიწიერს, ფუმფულას თუ მწერს, მძრომსა ბიწიერს, მის-მისდა გვარად ებოძა სმენა, ებოძა ღვთისგან მათ მათი ენა. რომელი როგორ ხმარობს ენასა, როგორ გვამხილებს თვისსა ლხენასა, ან მწუხარებას, ჭირს და წყენასა, ვაებას, ჩივილს, გულის ტკენასა, - გამგებელია ამისი ზენა. ვინც გვიწყალობა ჩვენ დედაენა… ეს ვიცით მხოლოდ, რომ ღვთის ნებასა ვინც კი გადავა, - შეჰხვდეს ვნებასა… ვერც ვუღალატებთ ჩვენ ბუნებასა, მისსა კანონსა, განჩინებასა… მაშ რას გვარგია იმისი წყენა, რომელმაც მოგვცა ჩვენ დედაენა?.. მტრედი ვერ შესძლებს კატის ჩხავილსა, ბულბული-ყროყინს, თევზი-კნავილსა, კრავი უმანკო-მელის ხავილსა, გვრიტი-ჭიხვინსა, ბუზი-ბღავილსა!… ამ წესსა ვხედავთ ღვთიურსა ჩვენა, აქ სჩანს ბუნება და დედაენა!.. მიყვარს მე ენა ჩემის მშობლისა, რომლითაც,,ნანას” მეტყოდა ისა, ალერსს მაგონებს დედისას ტკბილსა, ჩემის ტოლების მღერა-ჟღივილსა!… ენით ვხცოცხლვარ, მით მიყვარს ლხენა, მიყვარს სამშობლოს მე დედაენა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი