თინიას მამითადი
მამითადი ჰყავს თინიას, დღეს არის ამის ლხინია, ციბრუტივითა ტრიალებს საწყალობელი თინია!.. ქვრივ-ოხერს, ბეჩავ თინიას, ჰყავს ერთად-ერთი შვილია, პაწია, წვითა და დაგვით, ვაებით გამოზრდილია. დღის მეხრე იყო, მოუხნეს ერთი დღის მიწა ნაოში, მაგრამ სათესლე გაჭირდა, არ გახლდათ საკუჭნაოში!.. ჩამოითხოვა თინიამ ოროლი მუჭა ხორბალი, მოთესა, უცებ ზღვა გასკდა, შიგ დატრიალდა ღვთის თვალი: თავთავმა თავი დახარა, ყველამ გალესა ნამგალი, თინას კი გული უსკდება, ვინ მისცა იმას მომკალი? თუ სანახევროდ სხვას მისცა, რაღაა გასაყოფელი? თუ არა, ღონე არა აქვს, მისი ღონეა სოფელი... ჩამოუარა სოფელსა, სთქვა: “ყველას დავეღრიჯები”. დილა-ადრიან მოადგნენ კარზე რჩეული ბიჭები, “ჰოოპუნათი”, კიჟინით მოედვნენ ქვრივის ყანასა, არ შევხვედრივარ მამითადს მე არსად ამისთანასა!.. თინა მასპინძლობს გულ-უხვად მოუტანია მჭადები, მაწონი, ორი დედალი, მუშისთვის დანამზადები... ცოტა არ იყოს, სცხვენიან, ღვინო არა აქვს საწყალსა, მაგრამ ზედი-ზედ უზიდავს მამითადს წყაროს ცივ წყალსა... “ჰოოპუნა” და კიჟინი უხდება ქვრივის ყანასა, არ შევხვედრივარ მამითადს მე არსად ამისთანასა!.. ციბრუტივითა ტრიალებს საწყალობელი თინია, მამითადი ჰყავს თინიას, დღეს არის მისი ლხინია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი