დაკოდილი
„რას მირბი, ქალავ, სად მირბი, როგორც დამფთხვალი შველია, საით იჩქარი, დობილო, მოდი, მომკიდე ხელია, დაკოდილი ვარ მძიმედა, ჩემი ადგომა ძნელია, რაღასა შიშობ, უსჯულო დაფრთხა და შამოგველია… შენი დედ-მამის ლხენასა, მო, მომიბრუნე გულია. გულის ჭირიმე, დობილო, მოდი, მომბანე წყლულია”… შედგა გოგონა, შეჩერდა, მწყერივით განაბულია, ჩახედა ხევში, ბიჭი წევს, სჩანს სისხლის ნაკადულია. ჩაიჭრა გოგო დარცხვენით, თითქო შეუკრთა ფერია, დაკოდილს ხელი მოუსო, მისთვის შეიქნა ფერია, ბუერით წყალი შეასო, წაჰხივა მანდილს წვერია, მოჰბანა წყლული დაკოდილს, შეუკრა მონაჭერია… გაბრუნდა მტერი, გაიბნა, გაფრინდა წელიწადია. დაკოდილს წყლული მოურჩა, მანდილის ყიდვა სწადია. გოგოც უაზროდ არ არის, ეკლესიაში შადიან, ექნებათ ტკბილი ცხოვრება და ერთი ლუკმა მჭადია!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი