გოლვა
პაპანებაა, ბუღი დგას, უჭირს საბრალო ყანასა, გაჭირდა, გოლვას ვერავინ ვერ უძლებს ამისთანასა. დაგვიშრა წყლები, ნაკადი, გახდა და დასკდა მიწები, სუნთქვა სჭირს, ღონე მომეღო და ზეზეურად ვიწვები. ღმერთო, თუკი რამ შამეძლო, მოვხან, მოვთესე ბეჩავმა, შენს იმედზე ვარ, უფალო, _ მეტი რაღა ვთქვა ბედშავმა? ღმერთო, გვაღირსე ცის ნამი, ყანამ დახარა თავია, თორემ მოველი შიმშილსა, თან სდევს სიკვდილი შავია. იჭექა, გრგვინვა მოისმა, იელა სადღაც ცაშია, მაგრამ ნამი კი არა სჩანს არსად ცის კამარაშია; უფრო და უფრო ჩამოცხა, მიწუხს მაშვრალი სულია, არსაით იძვრის ნიავი, ცა რაცღა მოღუშულია. პაპანებაა, ბუღი დგას, უჭირს საბრალო ყანასა, გაჭირდა, გოლვას ვერავინ ვერ უძლებს ამისთანასა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი