ღვინის ძალა
სულთან სალიმ ჰკითხა ვეზირს: „ღვინოს რად ელტვის ერიო, რადგან ამ სასმელს ბოროტი თან დასდევს მრავალ ფერიო?…“ ვეზირმა ჰკადრა: „ბოროტს ვიქ, თუ ძლიერ დავითვერიო, თუ დავზარხოშდი, მაშინ კი, სულ სიკეთეზე ვმღერიო… ღვინო კაცს აძლევს მხნეობას, საშიშს არ მოარიდებსო, ბრმას თვალს აუხელს, კოჭლს ავლენს და გლახაკს გაამდიდრებსო.“ მაშინ სულთანმა უბრძანა სამი ხეიბრის მოყვანა, პირპირდაპირ დასხეს, დაათვრეს, მათ შესცქეროდა ქვეყანა. ბრმამ შეიძახა: „ვიშ ამ ლალს, ერთს კიდევ დავლევ სავსესო, ღმერღო, ადიდე ხელმწიფე, რა წითელ ღვინოს გვასმევსო!..“ ეს თქმა იწყინა საპყარმა, შეჰყვირა: „ვირო გლახაო, ვისთანა ჰბედავ მაგის თქმას, შე ჩემგან გასალახაო?!. ხელმწიფეს მზემა, არ ვტყუი, მე შენ არ გაპატიოვო, ისეთს წიხლს ჩაგცხებ გვერდებში. ორივე ჩაგამტვრივო“. აქ გლახამ შემოიძახა: „დაკა მაგ წუნკალასაო, მოკალ, დაჩეხე, აკუწე, სისხლს მე ვზღამ მაგისასაო!..“ მაშინ წარმოსთქვა ვეზირმა: „ეს გახლავს ღვინის ძალაო: ან ბრმამ რით ნახა, რომ ღვინის ფერი არ შეაშალაო, ან კოჭლი ამ ბრმას რით ჰლლავდა, რომ იმას აეშალაო, ან გლახა ბრმის სისხლს რით ზღავდა, რა უნდა მიეთვალაო?..“ ძველად უთქვამთ ჭკვიანებსა, ბრძნებსა და თათრის მოლებსო: „განა ღვინოს ვინც რომ დალევს, ჭკვასაც თან ჩააყოლებსო?..“ მაგრამ ხშირადა გვსმენია, რომ ღვინოს ბევრი ჰმონებსო… ლოთობა დიაღ ცუდია, თუ ვინმე გაგვიგონებსო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი