ღმერთი დიდია, ღარიბო!
რამ დაგაღონა, ძმობილო, პური თუ შემოგელია?… მოხან, მოთესე, მოიმკე, ბუნება მწყალობელია; გამხნევდი, ძმაო, იმედი არსად არ გაგვიფრინდება,_ „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ წუთისოფელი ცრუ არის, აქ ყოფნა ერთი წამია; გამხნევდი ყველა საქმეში და გაისარჯე, ძამია… როცა რომ იასაული უმართლოდ ჩაგიფრინდება,_ „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ შფოთს ნუ აუტეხ ნურავის, ყველასთან იყავ ძმურადა, დავას რომ ხარჯი მოჰყვება, შენ ის გეყოფა პურადა, თუ მეზობელი აგიტყდა, ჩქარობს და აგიღრინდება,_ „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ რაც დაგდო ბედმან ვალადა, თავთავის დროზე აძლიე; სათემო სამსახურები არ შაირჩინო,_ დასძლიე, და მაშინ მამასახლისი თუ რასმე აგიხირდება,_ „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ მღვდელს საქორწილო, საკურთხი მიართვი დაწესებული, რომ ვეღარ გისაყვედუროს, მაშინ იქნები ქებული; თუ მეტს დაიწყებს თხოვნასა, იქამდინ გამოტვინდება,_ „ღმერთი დიდია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ ვალს ნუ აიღებ ვაჭრისგან_ იმისი ვალი ძნელია, თუ გაგიჭირდა, გვერდით გყავს შენივე მეზობელია. ისევ მან ირგოს ცოტა რამ, ვალი არ გაგიმსხვილდება, „ღმერთი დიდია,ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“ პატივი ეცი ცოლ-შვილსა, შენ ხარ იმათი პატრონი, მათ ნუ გაიხდი ბატონად, ნერც გაუხდები ბატონი. ცოლმა თუ დაგიძაბუნა დაზოგჯერ წაგეკიდება, _ „ღმერთი დადია, ღარიბო, გული ნუ შეგიშინდება.“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი