განძისუფალი და მეზვერი
ერთმა კაცმა დიაღ ბევრი ოქრო დაფლა მიწაშია, სულ მარად იგი ახსოვდა, ცხადადა და სიზმარშია, დღე-ყოველ იქვე მივიდის, ათვალიერებს თვის განძსა; თურმე ნუ იტყვით, ეს საქმე შეუმჩნევია სხვა კაცსა… უცხო მეზვერმა იფიქრა: „ამოვთხრი განძეულსაო, სწორედ მე უფრო მოვიხმარ, იგი რას აქნევს ფულსაო!…“ მოთხარა ოქრო, მის ნაცვლად დამარხა დიდი ლოდია… რა მოიძებნა პატრონმა, ვერ ნახა ოქროს ზოდია, შექნა ტირილი, ვაება, თავს შემოიკრა ხელია, ქურდი კი ჰკითხავს: „რას სტირი, რაზედ ხარ აგრე ხელია?…“ განძის პატრონმა შესჩივლა ქურდს თვისი უბედურება, ოქროს შოვნაზედ რამდენი დაეთმო მას უპურობა!.. მაშინ მიუგო მპარავმა: „ნეტა რას სტირი აქაო? გინდ ოქრო იდოს მიწაში, გინდ ლოდი, კენჭი და ქვაო… თავს რად იკლავდი შიმშილით, თუმცა არ დახარჯვიდიო?… დედა ვაცხონე ქურდისა, ბრძენი ყოფილა დიდიო!..“ რომ ვიფიქროთ, ეს იგავი რას გვასწავლის, ჩვენ რას გვამცნევს? ნათქვამია: „ავი ძაღლი არც თვითონ სჭამს, არც სხვას აჭმევს“. გამოჩენილის სიმდიდრის ხარჯვა, ხმარსება _ ჭკვისაა, „მიწას დაფლული განძი კი _ იტყვიან, ეშმაკისაა!…“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი