ღმერთო, მაშორე
მოვედ, უფალო, ეკლესიაში, ცრემლს ვღვრი შენდამი მეტანიაში, ისმინე ჩემი ვედრება სწორე: დამხსენ ბოროტსა და ფარისეველს_ ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე! სწავლაში მომეც მეხსიერება, რომ შევიძინო მეცნიერება, თორემ მარტყია სიბრიყვის ყორე… უნიჭო ოსტატს, ბერძნულს, ლათინურს_ ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე! ბედნიერება მოძმისთვის არ მშურს, ომი არ მიყვარს, სისხლი არა მწყურს, მიყვარს სიცოცხლე, მშვიდი და მდორე… ხმალსა, ზარბაზანს, თოფს და დინამიტს_ ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე! ფული არა მაქვს, ვინ მომაქვავა? ამდენმა ვალმა სულ გამათავა სესხზედ, თუ მიჭირს, _ არა ვარ შორე, მაგრამ ვღაღადებ: ყასუმას ბანკსა_ ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე! ქალს ვეტრფი ყველას ბებრების გარდა… ან კი რას ვაქნევ, რაც გადაგვარდა?… მხოლოდ არ მიყვარს ქალი მეჭორე… ერთსაც ვთხოულობ: შლეიფს, კრინოლინს_ ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე! მიყვარს სამშობლო და დედაენა, ღმერთო, შენ მიეც ქართველებს ლხენა, რომ იქნენ სწავლით სხვის თანასწორე! თემურსა და ყრუს, უცხოს, უსჯულოს_ ღმერთო, მასორე, ღმერთო, მაშორე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი