შიმშილი


(აზრი რუსულიდან)

მომიცდა ნამუშევარი,
ღმერთმა არ მომცა პურია,
სეტყვამ მორეგვა ვენახი,
ცარიელი სდგას ჭურია,
მინდორი კალმა მოძოვა,
ბღავის ცხვარი და ფურია,
წყაროც გაგვიშრო გოლბამა,
მშიან და კიდეც მწყურია!..
თუ გაგვიმრავლდა ცოდვები,
რომ მოგვივლინა შიმშილი,
სჩანს ღმერთი შემოგვწყრომია,
სასჯელად მოგვცა სიყმილი,
უჭმელსა კრიჭა შემკრვია,
გამომელია სინსილი.
ვარ და აღარ ვარ, რაც ვიყავი,
თავს დამტრიალებს სიკვდილი.
დახედე, ბედმა უწყალომ
რა მწარე შხამი მილესა,
ბალღები შემომტირიან,
ეს უფრო სულს-გულს მილევსა.
მშობლები, მათი მცქერალნი,
სულ ვაკრაჭუნებთ კბილებსა,
დახე სიმხეცეს: საზრდოსთვის
ჩვენ ვაგირავებთ შვილებსა!..
და არც კი მითხრა მე ნანა,
დღეს ბეჩავს, გამწარებულსა,
ხვედრმა ცოდვები მანანა.
არა რაი მაქვს, რომ უფალს
მაინც მივუძღვნა მანანა.
წარვიდნენ, განქრნენ ის დრონი,
როცა გვიწვიმდა მანანა!..
შიმშილმა კუჭი ამოწვა,
მომგვარა სისუსტის ძილი,
ეჭმელსა კრიჭა შამეკრა,
გამომელია სინსილი.
ვლომობდი, ვეფხს ვემუქროდი,
დღეს მომერია შიმშილი,
ვარ და აღარ ვარ, რაც ვიყავ,
თავს დამტრიალებს სიკვდილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი