სამზითვო
(ბატონყმობის დროიდან) დაღონებულა თევდორე, გულხელი დაუკრეფია, გამშრალსა, გამწრებულსა ცრემლი არ უჩანს ჩქეფია, ჩასცქერის დედამიწასა, ბეჩავს ხმა ჩაუკმენდია, ოხრავს და გმინავს ხამუშად,_ გაჰშავებია ბედია!.. ბოლოს იფიქრა, გაბედა, გასწია თავის პატრონთან, შემკრთალმა, ათრთოლებულმა ყმამ ფეხი შედგა ბატონთან, თავი დაუკრა მდაბლადა და დაიღრიჯა მწარედა: _მთხოვნელ ვარ, ნუ გამიწყრები და ნუ გამაგდებ გარედა!.. შენი ჭირიმე, ბატონო, შენი შვილების ლხენასა, ი გოგო რაზე წამართვი, რად მომიშორე კერასა?!.. მაჩუქე, ღმერთი გადიდებს, შვილი აღარ მყავს მეტია. მითომ წყალობა მრავალი ჩემთვისინ გაგიმეტია… მარტო ვარ მოხუცებული, მეტი არა მყავს მომვლელი, დედას ჩამოჰგავს, ცხონებულს,_ იმისდა უფრო მოველი!.. _ ,,პანღური ამას!.. _შესძახა ბატონმა გაბრაზებულმა: როგორ გაბედა შამოსვლა ვირმა გათამამებულმა?!.. ჩემს ქალს ვათხოვებ, ხომ იცის,_ ვინ წავაყოლო მზითევში? გააგდეთ ეგ აქედანა, მაგრა წაჰკარით კისერში!..” ეცნენ თევდორეს ბიჭები, გამოაბრძანეს გარედა. წაჰკრეს კისერში და ყბები შემოამტვრიეს მწარედა!.. დაღონებულა თევდორე, გულხელი დაუკრეფია, გამშრალსა, გამწარებულსა ცრემლი არ უჩანს მჩქფია, ჩასცქერის დედამიწასა, ბეჩავს ხმა ჩაუკმენდია, ოხრავს და გმინავს ხამუშად, გაჰშავებია ბედია!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი